როგორ ისწავლა ადამიანის წინაპარმა ორ ფეხზე სიარული — კვლევა
ორ ფეხზე სიარული არის ის თვისება, რომელმაც ჩვენი წინაპრები მაიმუნებისგან გამოარჩია. თუმცა, ეს დიდი ხნის წინ მოხდა და ამ ტრანსფორმაციის ევოლუციური პროცესი რთული გამოსავლენია. შესაბამისად, რთულია იმის ზუსტად თქმაც, როგორ განვითარდა ჩვენი ანატომია და მისი მექანიკური ფუნქციები.
და აი ახლა, უძველესი მაიმუნის შიდა ყურის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ადამიანის ორ ფეხზე სიარულზე გადასვლა არ იყო სწრაფი "არჩევანი" და ის სამნაწილიან პროცესს მოიცავდა.
ეს ახალი მტკიცებულება Lufengpithecus-ის თავის ქალადან მომდინარეობს. ეს იყო მაიმუნი, რომელიც აღმოსავლეთ აზიაში დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
Lufengpithecus-ის კბილების მახასიათებელი გვეუბნება, რომ ის იყო თანამედროვე ორანგუტანების უძველესი წინაპარი. თუმცა, თავის ქალას სხვა ანალიზი მას უფრო ახლოს აფრიკულ მაიმუნებთან აყენებს. ანუ, გორილებთან და შიმპანზეებთან, რომლებიც ცნობილი არიან მოძრაობისას ორი კიდურის გამოყენებით.
ეს Lufengpithecus-ს საინტერესო საკვლევს ხდის. ახალი კვლევის ფარგლებში, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიის დოქტორანტმა, ინიან ჟანგმა და მისმა კოლეგებმა Lufengpithecus-ის ყური შეისწავლეს. ერთი შეხედვით, ეს მოძრაობასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, მაგრამ. . .
მეცნიერები ვესტიბულურ სისტემებს ხშირად სწორედ გადაადგილებასთან აკავშირებენ. ეს სხვა სომატო-სენსორულ სისტემებთან კომუნიკაციის გზით უზრუნველყოფს სივრცეში ორიენტაციას, მიმართულების შეგრძნებასა და პოსტურალურ ბალანსს მოძრაობის, უძრაობისა თუ სტატიკურ პირობებში. რაც მოიცავს, როგორც პერიფერიულ, ისე ცენტრალურ სტრუქტურებს. პერიფერიულს მიეკუთვნება შიგნითა ყურში მოთავსებული, ერთმანეთის მიმართ 90 გრადუსით მიმართული ნახევარრკალოვანი არხების სისტემა.
შიდა ყურის ვესტიბულური სისტემა, თავისი სამი, მარყუჟისებური ნახევარწრიული არხით, ტვინს უგზავნის ინფორმაციას ცხოველის პოზიციისა და სივრცეში მოძრაობის შესახებ. არხები სავსეა სითხით და წვრილი თმებით, რაც სენსიტიურია მოძრაობისა და არსებას წონასწორობის შენარჩუნების მხრივ.
"ნახევარწრიული არხების ზომა და ფორმა დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ მოძრაობენ ძუძუმწოვრები, მათ შორის მაიმუნები და ადამიანები თავიანთ გარემოში", — განმარტა ჟენგმა.
ჟენგმა და კოლეგებმა ჩინეთში აღმოჩენილი Lufengpithecus-ის სამი ნამარხი შეისწავლეს, რომლებშიც შენარჩუნებული იყო შიდა ყურის ძვლოვანი სისტემები.
"თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ შევძელით ნამარხი თავის ქალების შიდა სტრუქტურის ვიზუალიზაცია და ნახევარწრიული არხების ანატომიური დეტალების შესწავლა, რათა გაგვეგო, თუ როგორ მოძრაობდნენ უძველესი ძუძუმწოვრები", — ამბობს ჟენგი.
მკვლევრებმა Lufengpithecus-ის შიდა ყურის ზომა და ფორმა დღეს არსებული მაიმუნების, უძველესი ადამიანებისა და თანამედროვე ადამიანებისას შეადარეს. შედეგად, მკვლევრებმა მეტი გაიგეს იმაზე, თუ როგორ დაიწყეს ადრეულმა ადამიანებმა ორ ფეხზე სიარული.
"კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ბიპედალიზმი სამი ეტაპის შედეგია", — განმარტა ტერი ჰარისონმა, კვლევის ავტორმა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა.
ჰარისონის თქმით, Lufengpithecus-მდე ადრეული მაიმუნები ტოტიდან ტოტზე გადადიოდნენ მხოლოდ ხელებით დაკიდებული, როგორც დღეს გიბონები.
შემდეგ გაჩნდა Lufengpithecus, რომელიც შუამავალია ამ პროცესში. ის ცოცავდა, ხტუნაობდა და ეკიდებოდა ხეებზე, მოძრაობდა ოთხ კიდურზე და იყენებდა მხოლოდ ორ კიდურს ტოტებზე ჩამოკიდებისას.
კვლევის მიხედვით, Lufengpithecus მაიმუნებისა და ადამიანების უკანასკნელი წინაპარივით მოძრაობს. სწორედ მოძრაობათა ამ ნაზავიდან უნდა განვითარებულიყო ბიპედალიზმი უძველეს ადამიანებში.
ეს კვლევა თანხვედრაშია წინა აღმოჩენებთან, რის მიხედვითაც ბიპედალიზმი თანდათანობით გაჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრები ორზე დგომას ტოტებზე ჩამოკიდებით "შეეჩვივნენ". ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ისინი წინა ორ კიდურს ტოტებზე მოსაჭიდებლად იყენებდნენ.
კვლევა The Innovation-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები