რატომ გვექავება და რატომაა მოფხანა ასეთი სასიამოვნო?
ქავილი, ეს უსიამოვნო და ტკბილმწარე შეგრძნება, ყველას გვიჩნდება. ყოველდღიურად კანს ხშირად გაუცნობიერებლადაც ვიქავებთ. მსუბუქი მოფხანით მიზანი თავისუფლად მიიღწევა — კანიც რიგზეა და ჩვენც კმაყოფილები ვართ.
ეს საკმაოდ ბუნებრივი რამაა, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ მოფხანა კიდევ უფრო მეტ ქავილს იწვევს. მაშ, სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის?
ზოგადად, როგორ ჩნდება ქავილის შეგრძნება და რა ფუნქცია აკისრია? რატომაა იგი ასეთი სასიამოვნო ანდა რატომ ხდება ისე, რომ ზოგჯერ მას ვერც კი ვწყვეტთ?
რატომ გვექავება?
ქავილს, სამედიცინო ენაზე პრურიტუსს, ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეიძლება იწვევდეს. მეორე მხრივ, ამ შეგრძნებას ყოველთვის ერთი ბიოლოგიური მექანიზმი აქვს, რომელიც ჩვენს დაცვას ემსახურება.
კანის, ჩვენი უდიდესი ორგანოს, ფუნქცია ნაწილობრივ სწორედ ისაა, რომ ჩვენი შინაგანი ორგანოები მიკრობებისა თუ სხვა "დაუპატიჟებელი სტუმრებისგან" დაიცვას. სწორედ ქავილის შეგრძნება გვაიძულებს, რომ ადგილი მოვიფხანოთ, ამ გზით კი ინფექციის ანდა გაღიზიანების მომასწავებელი "სტუმრები" მოვიშოროთ. გამოდის, ქავილი კანის საბაზისო თავდაცვითი მექანიზმია.
ქავილის შეგრძნებას, უფრო ზუსტად, პრურიცეპტორების, ანუ ქავილის შემგრძნობი ნერვული დაბოლოებების, სტიმულაცია აღძრავს: მექანიკური იქნება ეს, თერმული თუ ქიმიური. ეს არაერთმა პატარა ნაწილაკმა ან მიკროორგანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს: ალერგენებმა, მტვერმა, ტანსაცმლის ბოჭკომ, პატარა მწერებმა, ცხელმა წყალმა და ა. შ.
უფრო ზუსტად, ქავილი სპეციალური ნერვული უჯრედების, C-ბოჭკოების, პრურიცეპტორების გააქტიურებას მოსდევს. C-ბოჭკოები იმ უჯრედების იდენტურია, რომლებიც ტკივილის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა ესენი ტვინს მხოლოდ ქავილს ატყობინებს.
პრურიცეპტორები მიღებულ სიგნალებს ქავილად "თარგმნის". C-ბოჭკოები სიგნალს ზურგის ტვინისაკენ აგზავნის, ბოლოს კი იგი თავის ტვინში ხვდება. აქ შეტყობინება მუშავდება და ფხანის/დაზელის რეფლექსი ჩნდება — შესაბამის ადგილას ტვინი ფრჩხილებს "აგზავნის", კანს გვაფხანინებს და ასე "დაუპატიჟებელ სტუმარს" გვაშორებს თავიდან.
საგულისხმოა, რომ თავდაცვის ეს მცდელობა დამაზიანებელი გახდება, თუ ადგილს ზედმეტად აგრესიულად მოვიფხანთ — ხახუნმა ზედმეტად ბევრი უჯრედი შეიძლება დააზიანოს. შედეგად იმაზე ბევრად მეტი ნერვული დაბოლოება აქტიურდება, ვიდრე ეს მხოლოდ გამაღიზიანებელი აგენტის გამო მოხდებოდა. ამას გარდა, შესაძლოა, კანის დაზიანების გამო საქმე ინფექციის შეჭრამდეც კი მივიდეს.
რატომაა მოფხანა ასეთი სასიამოვნო?
მოფხანით ქავილის შეგრძნება დროებით ქრება, რადგან ამ დროს ტვინს მსუბუქ ტკივილზე "გადააქვს ყურადღება". ამას შვება და სიამოვნება მოაქვს.
ეს ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას უკავშირდება. მსუბუქი ტკივილის გამო ტვინი სეროტონინს გამოყოფს, სხეულის ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელსა და ბედნიერების ჰორმონს; სეროტონინი იმ ტკივილს აყუჩებს, რომელიც ქავილს თრგუნავდა.
მიღებული სიამოვნება საკმაოდ ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს: დროებითი გაყუჩების შედეგად ტვინიდან ქავილის მეტი სიგნალი მოდის. ადგილის დამატებით მოფხანა მეტ ტკივილს იწვევს, მეტი ტკივილი კი — მეტი სეროტონინის გამოყოფას… ამას კიდევ უფრო მეტ ქავილამდე მივყავართ და ერთგვარი ჯაჭვი იკვრება.
ასეთ რთულ შემთხვევებში გვირჩევენ, რომ, მოფხანის ნაცვლად, ადგილი ამ დროს უბრალოდ ნაზად დავიზილოთ.
სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის
მიუხედავად იმისა, რომ ქავილი საკმაოდ ბუნებრივი თავდაცვითი ფენომენია, ზოგიერთ შემთხვევაში იგი ჯანმრთელობის პრობლემაზეც შეიძლება მიანიშნებდეს.
ქავილს ხშირად კანის სხვადასხვა პრობლემა იწვევს. შეიძლება ეს უბრალოდ სიმშრალე იყოს ანდა სხვადასხვა დაავადება/ინფექცია, მათ შორის: ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი, კანდიდოზი და ა. შ. ხშირად იგი გაღიზიანებისა თუ ალერგიული რეაქციების შედეგადაც ჩნდება მწერის ნაკბენზე, სხვადასხვა ნივთიერებაზე ანდა მედიკამენტზე.
გარდა ამისა, ქავილი შინაგანი ორგანოების პრობლემებზეც შეიძლება მიანიშნებდეს, თუნდაც ღვიძლის ანდა თირკმლის დაავადებაზე, ანემიაზე ან დიაბეტზე.
საგულისხმოა, რომ ქავილი ფსიქიკური პრობლემის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს, თუნდაც — შფოთვისა და დეპრესიის. მას ნევროლოგიური დაავადებებიც იწვევს, მათ შორის გაფანტული სკლეროზი და ჰერპესი.
უარეს შემთხვევაში, თუმცა იშვიათად, ქავილი ლიმფომისა თუ სხვა სახის სიმსივნეების ნიშანიცაა.
დიაგნოზის დასმას საკუთარ თავზე მაინც ნუ აიღებთ. თუ კანი მუდმივად გექავებათ და ეს სამ დღეზე მეტხანს გრძელდება, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ და მიზეზი დროულად დაადგინოთ.
როგორ ვუშველოთ ქავილს?
პირველ რიგში, ასე არა:
როგორც უკვე გითხარით, შესაძლოა, ფხანამ ქავილის შეგრძნება დამატებით გაამძაფროს, კანი უარესად გაგიღიზიანოთ და საქმე ინფექციამდე მივიდეს.
ცნობისთვის, მედიცინის ისტორიაში ისეთი შემთხვევაც მოიძებნება, როდესაც საშინელი ქავილის გამო ქალმა ფხანით თავისივე თავის ტვინამდე ჩააღწია… ამ დროს ქავილი სალტისებრმა ლიქენმა, იგივე ჰერპესმა, გამოიწვია.
ქავილისას მკურნალობა გამომწვევი მიზეზის შესაბამისად ინიშნება ხოლმე, ამიტომ უმჯობესია, საჭიროების შემთხვევაში პრობლემის რაობა დაადგინოთ. და მაინც, ამ უსიამოვნო შეგრძნების შესამცირებლად რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:
- იმ ადგილას, რომელიც გექავებათ, 5-10 წუთით რაიმე ცივი დაიდეთ ანდა ცივი შხაპი (ეს რჩევა არ გამოგადგებათ, თუ გულის პრობლემები გაქვთ) მიიღეთ;
- რეგულარულად დაიტენიანეთ კანი — ამით კანის სიმშრალეს, ქავილის გამომწვევ ხშირს მიზეზს, აირიდებთ თავიდან;
- არ მიიღოთ ცხელი და ხანგრძლივი შხაპი — ეს კანს კიდევ უფრო გამოაშრობს. უმჯობესია, ნელთბილ წყალზე შეჯერდეთ და სააბაზანოში საშუალოდ 5-10 წუთი გაატაროთ;
- სტრესის შემცირება სცადეთ — მას კანის ანთებისა და ქავილის გამძაფრება შეუძლია;
- ფრჩხილები შეძლებისდაგვარად დაიმოკლეთ — ეს ფხანას შეუშლის ხელს.
დაბოლოს, თუ მოახერხებთ, ეცადეთ, ყურადღება ფხანისგან რაიმე სხვაზე გადაიტანოთ. მაგალითად, ძალა მოიკრიბეთ და სტატია დაწერეთ ქავილზე.
კომენტარები