დასწავლისთვის ხელით წერა უკეთესია, ვიდრე კლავიატურაზე აკრეფა — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ხელით წერა დასწავლაში უფრო მეტად გვეხმარება, ვიდრე კლავიატურაზე აკრეფა, რადგან ამ დროს ტვინში კავშირები უკეთ მყარდება.
ამან შესაძლოა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეცვალოს. საქმე ისაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მოსწავლეები და სტუდენტები მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩასანიშნად ციფრულ მოწყობილობებს უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ. მაგალითად, მათ საშუალება აქვთ, ლექცია ან გაკვეთილი ჩაიწერონ და კომპიუტერითა თუ სმარტფონით ტრანსკრიფცია გაუკეთონ.
სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, როგორ აისახება ხელით წერა და კლავიატურაზე აკრეფა ტვინის ნეირონულ ქსელებზე. ამისთვის მათ 36 მოხალისეს თავზე მაღალი სიმკვრივის ელექტროენცეფალოგრამა (EEG) გადაუღეს. ისინი ეკრანზე გამოჩენილ სიტყვას ან ხელით წერდნენ, ან კლავიატურაზე კრეფდნენ.
პირველ შემთხვევაში, ცდისპირები სენსორულ ეკრანზე სამუშაოდ ციფრულ კალამს იყენებდნენ. მეორე ალტერნატივა კლავიატურა იყო, ანუ მათ სიტყვის დასაწერად თითოეულ ასოზე დაჭერა უწევდათ. EEG მეთოდით მონაცემები 256 სენსორის მეშვეობით შეგროვდა, რომლებიც ამ ინდივიდების თავზე იყო განლაგებული.
ანალიზმა აჩვენა, რომ ხელით წერისას მოხალისეთა ტვინში უფრო მყარი კავშირები ფიქსირდებოდა.
"ჩვენი შედეგები მიანიშნებს, რომ ვიზუალური და ქმედითი ინფორმაცია, რომელიც კალმით სარგებლობისას ხელის ზუსტად კონტროლირებადი მოძრაობისასაა მოპოვებული, დასწავლის ხელშემწყობ ნეირონულ კავშირებს განაპირობებს", — აცხადებენ ავტორები.
მათი აზრით, იგივე ეფექტი დაფიქსირდებოდა, თუ მოხალისეები ციფრულის ნაცვლად ნამდვილ კალამს გამოიყენებდნენ და ფურცელზე დაწერდნენ. ეს იმიტომ, რომ ამ დროს მეტი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო, რასთან შედარებითაც კლავიატურაზე ასოების აკრეფა ტვინისთვის უფრო მარტივია.
სპეციალისტებს მაგალითად მოჰყავთ ახლანდელი მოსწავლეები, რომლებიც სწავლისთვის და საწერად პლანშეტებით სარგებლობენ. მათ ერთმანეთში ხშირად ეშლებათ ისეთი ურთიერთმსგავსი ასოები, როგორიცაა "b" და "d", რადგან კარგად ვერ ხვდებიან, როგორ იწერება თითოეული მათგანი.
რაც შეეხება ტვინის ნეირონულ კავშირებს, ცნობილია, რომ ის მეხსიერების ფორმირებისთვის და ახალი ინფორმაციის კოდირებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, წვლილი შეაქვს დასწავლის პროცესშიც. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მასწავლებლებმაც უნდა გაითვალისწინონ და ეცადონ, მათმა მოსწავლეებმა ხელით მეტი წერონ, პარალელურად კი ტექნოლოგიების შესაძლებლობებიც გამოიყენონ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Frontiers გამოქვეყნდა.
კომენტარები