იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე სავარაუდო გეოლოგიური აქტიურობის კვალი დაფიქსირდა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა ჯუნომ პლანეტის ყინულოვან თანამგზავრ ევროპას 2022 წელს ახლოს ჩაუარა. ამ დროს მისმა ხელსაწყომ Stellar Reference Unit (SRU), რომელიც სიმაღლის განსასაზღვრად გამოიყენება, ციური სხეულის ზედაპირი მაღალი გარჩევადობით გადაიღო.
მეცნიერებმა სწორედ ეს კადრი გააანალიზეს.
მასზე უჩვეულო ფორმის წარმონაქმნია აღბეჭდილი, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 67 კილომეტრზე ვრცელდება, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე კი — 37 კილომეტრზე. ის ორი დიდი ნაწილისგან შედგება, რომლებსაც შედარებით მცირე ზომის ფორმაცია აკავშირებს. ორივე მათგანში ყინულის დაახლოებით 1-კილომეტრიანი ლოდები გვხვდება და ისინი ზედაპირზე ჩრდილოვან ადგილებს აჩენს.
ჯუნოს ობიექტივში დამატებით დანალექიც მოხვდა, რომელიც ყინულქვეშა თხევად წყალთან ასოცირდება. მუქი ლაქები, კი, სპეციალისტთა აზრით, ზედაპირზე ამოფრქვეულ წყლის ნაკადებს შეიძლება უკავშირდებოდეს.
იგივე რეგიონი ადრე NASA-ს აპარატმა Galileo-მაც დააფიქსირა, რომელიც იუპიტერს 1995-დან 2003 წლამდე იკვლევდა. ამ ორი გამოსახულების შედარებამ ზემოხსენებული წარმონაქმნის სამხრეთ ნაწილში სავარაუდო ცვლილებები გამოავლინა, რომელიც პოტენციურ ბოლოდროინდელ გეოლოგიურ აქტიურობაზე მიანიშნებს.
მეცნიერები კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან მაინც თავს იკავებენ, რადგან სურათების ხარისხი და მათი გადაღების პირობები განსხვავებულია. ამის მიუხედავად, მიაჩნიათ, რომ ეს ადგილი სამომავლო კოსმოსური მისიების სამიზნედ უნდა იქცეს.
ასეთია, მაგალითად, Europa Clipper და JUICE. უკანასკნელი მათგანი იუპიტერისკენ 2023 წლის აპრილში გაუშვეს და ის დანიშნულების ადგილამდე 2031 წლის დეკემბერში მიაღწევს, პირველის გაშვება კი 6 ოქტომბერს იგეგმება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში JGR Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები