NASA-ს მიერ მარსზე გაშვებული ვერტმფრენი ვეღარ იფრენს — მისია დასრულდა
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებული პირველი ვერტმფრენის, Ingenuity-ის, მისია დასრულებულია. ის წითელი პლანეტის ცაში ვეღარ აიჭრება, რადგან 18 იანვარს შესრულებული ბოლო, 72-ე, ფრენისას მისი სულ მცირე 1 როტორი დაზიანდა.
სპეციალისტები მომხდარს ჯერ კიდევ აანალიზებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იმ შედარებით მოსწორებულ არეალს უკავშირდება, სადაც ბოლო დროს აპარატი ფუნქციონირებდა. საქმე ისაა, რომ ის სანავიგაციოდ კლდოვან წარმონაქმნებს იყენებდა, მათ გარეშე კი ჯერ კიდევ 6 იანვარს, ბოლოს წინა ფრენისას, მარსის ზედაპირზე დაშვება გაუჭირდა.
მსგავსი რამ უნდა მომხდარიყო ახლაც, თუმცა ამჯერად დედამიწის მეზობელ ციურ სხეულზე ოდნავ გვერდულად დაჯდომისას მისი მინიმუმ ერთი როტორი გრუნტში გაიჭედა და დაზიანდა. ამაზე NASA-ს მიერ მოპოვებული ახალი კადრიც მოწმობს, რომელზეც Ingenuity-ის ამ დაზიანებული ნაწილის ჩრდილს ვხედავთ.
ზუსტად რა მოხდა, უცნობია, რადგან დაშვების მომენტში ვერტმფრენთან კავშირი დროებით გაწყდა, ამიტომ ამ პერიოდის შესახებ მონაცემები არ გვაქვს. ამის მიუხედავად, ზემოხსენებული სცენარი მომხდარს ყველაზე კარგად ხსნის.
ამჟამად Ingenuity-სთან კომუნიკაცია აღდგენილია. ის ჩართულ მდგომარეობაშია და სხვა ყველაფერი მწყობრში აქვს, თუმცა მისი მთავარი მისიის, ფრენის, შესრულებას ვეღარ შეძლებს. მასზე სამეცნიერო ხელსაწყოები არაა დამონტაჟებული, ანუ მარსს არ იკვლევს. სამაგიეროდ, ის მავალ Perseverance-ის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, სანამ მის მახლობლად იქნება.
აღსანიშნავია, რომ Ingenuity-ის პირველადი მისია მხოლოდ 30-დღიანი იყო, რა დროის განმავლობაშიც 5-ჯერ უნდა აფრენილიყო. ამის მიუხედავად, მან ბოლო 3 წელში ეს 72-ჯერ შეძლო. ის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი მსგავსი აპარატია, რომელსაც მარსის ცაზე უფრენია.
მისიის დასრულების შესახებ NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა განაცხადა:
კომენტარები