ინდოეთის ტექტონიკური ფილა შესაძლოა, ორად იხლიჩებოდეს
ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ინდოეთის ტექტონიკური ფილა ორად იყოფოდეს. ავტორების თქმით, აფრიკისგან განსხვავებით, ეს მასა არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად იხლიჩება და ორ შრეს წარმოქმნის, რომელთა სისქეც დაახლოებით 100 კილომეტრია.
აღსანიშნავია, რომ ჰიმალაებისა და ტიბეტის მთიანეთის ფორმირება იმის შედეგია, რომ ინდოეთის ფილა ჩრდილოეთით წელიწადში 1-2 მილიმეტრით მიიწევს. ეს პროცესი მილიარდობით წლის განმავლობაში მთების უფრო და უფრო ამაღლებას უწყობს ხელს, მაგრამ ამ გეოლოგიური მექანიზმის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ინდოეთის ტექტონიკური ფილა მანტიაში არ იძირება, ამიტომ ევრაზიის ფილის ქვემოთ ექცევა. შედეგად ამოზნექილობა ჩნდება, რომელსაც ტიბეტის სახელით ვიცნობთ. მეორე მოსაზრების თანახმად, ეს ფილის ერთგვარ გამრუდებას უკავშირდება.
ახლახან სპეციალისტებმა მესამე ჰიპოთეზა შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც ზემოხსენებული მასა შრეებად იყოფა. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ზედა ფენა ტიბეტს წარმოქმნის, ქვედა კი მანტიაში იძირება. ამგვარი რამ ოკეანური ფილების მაგალითზე ვიცით, როცა ისინი კონტინენტური ფილების დაბლა ექცევა.
ეს ჰიპოთეზა ტიბეტის მიმდებარედ არსებულ წყაროებში დაფიქსირებულ ჰელიუმის ბუშტუკებს ეფუძნება. ეს ელემენტი, კონკრეტულად კი მისი იზოტოპი ჰელიუმ-3, დედამიწაზე ძალიან იშვიათია და, ძირითადად, პლანეტის ფორმირების დროინდელია. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი მშობლიური ციური სხეულის მანტიაში, სავარაუდოდ, მისი წყაროა.
ავტორებმა ჰელიუმის კონცენტრაცია 200-მდე ნაკადულში შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ ჩრდილოეთ ტიბეტში მანტია ზედაპირთან საკმარისაც ახლოსაა, რომ ამ ელემენტმა იქ აღწევა მოახერხოს. სამხრეთისკენ ჰელიუმ-4 ჭარბობს, რაც მიუთითებს, რომ იქ გახლეჩის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ახალი კვლევის თანახმად, გამონაკლისი ბჰუტანია, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მანტიამ, შესაძლოა, ქერქში შეაღწია, რაც ამ რეგიონში მიწისძვრების მახასიათებლებსაც ხსნის.
კომპიუტერული მოდელებით დასტურდება, რომ ტექტონიკური ფილის შრეებად დაყოფა შესაძლებელია, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ინდოეთის შემთხვევაში მართლაც ასე ხდება თუ არა.
ახალი ნაშრომი ESS Open Archive-შია ხელმისაწვდომი.
კომენტარები