აღმოჩენილია გიგანტური კოსმოსური სტრუქტურა, რომელიც, წესით, არ უნდა არსებობდეს
მეცნიერებმა კოსმოსში უზარმაზარის სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც მომრგვალო ფორმისაა, ხოლო მისი დიამეტრი 1.3 მილიარდი სინათლის წელია. შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა რომ შეგვეძლოს, ის ღამის ცაზე მთვარეზე 15-ჯერ ფართო არეალს დაიკავებდა.
მას "დიდ რგოლს" უწოდებენ. ის ცალკეული და შეჯგუფებული გალაქტიკებისგან შედგება, თუმცა სიშორის გამო მათი იდენტიფიცირება ძნელია. მსგავსი გიგანტური სტრუქტურა, კოსმოლოგიური პრინციპის თანახმად, არ უნდა არსებობდეს. ამ უკანასკნელის მიხედვით, სამყაროში მატერია თანაბრადაა გადანაწილებული, მაგრამ "დიდი რგოლი" მოსალოდნელ თანაფარდობას არღვევს.
"ესაა აქამდე აღმოჩენილი მეშვიდე დიდი სტრუქტურაა, რომელიც ეწინააღმდეგება იდეას, რომ ფართო მასშტაბებზე კოსმოსი ერთგვაროვანია", — აცხადებენ სპეციალისტები, რომელთა თქმითაც, თუ მსგავსი ობიექტები რეალურია, შესაძლოა, სამყაროს ევოლუციის გადააზრება გახდეს საჭირო.
იმავე მეცნიერებს "გიგანტური თაღიც" აქვთ აღმოჩენილი, რომელიც 3.3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და ასევე გალაქტიკებისგან შედგება.
"სამყაროს ამჟამინდელი გაგების მიხედვით, ამ ორი ულტრადიდი სტრუქტურიდან არცერთის ახსნაა მარტივი. მათი ზომა, განსხვავებული ფორმა და კოსმოლოგიური სიახლოვე რაღაც მნიშვნელოვანს უნდა გვეუბნებოდეს, მაგრამ მაინც რას?" , — ამბობენ მკვლევრები.
ეს ორივე ობიექტი ერთმანეთთან ახლოს მოჩანს, მენახირის თანავარსკვლავედის მიმდებარედ. არ გამორიცხავენ, რომ ისინი დაკავშირებული იყოს და უფრო დიდ სტრუქტურასაც კი ქმნიდეს, მაგრამ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, უცნობია.
შესაძლოა, ეს ადრეული სამყაროს კვალი იყოს, სადაც მაღალი და დაბალი სიმკვრივის მატერიის ნაკადები გარეგალაქტიკურ სივრცეში "გაიყინა". საინტერესოა, რომ აქამდე დაფიქსირებულთაგან უდიდესი ასეთი სტრუქტურა "დიდი კედელია", რომლის სიგანეც დაახლოებით 10 მილიარდ სინათლის წელს აღწევს. ის დედამიწის პერსპექტივიდან თითქმის სრულყოფილი რგოლის სახით მოჩანს, მაგრამ სინამდვილეში ზამბარის მსგავსი ფორმა უნდა ჰქონდეს.
კვლევის შედეგები ავტორებმა ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 243-ე შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები