ადამიანის თითის ანაბეჭდები შესაძლოა, ისეთი უნიკალური არ იყოს, როგორიც გვეგონა
მიიჩნევა, რომ ადამიანთა თითის ანაბეჭდები უნიკალურია და არასდროს მეორდება, თუნდაც ერთი ინდივიდის სხვადასხვა თითზე. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ეს ასე სულაც არ იყოს და ანაბეჭდის შემადგენელი ხაზები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდეს.
მეცნიერებმა ხელოვნური ნეირონული ქსელის მეშვეობით ცალკეული ადამიანების სხვადასხვა ანაბეჭდის იდენტიფიცირება შეძლეს. ანაბეჭდის თითო წყვილის შემთხვევაში ამოცნობის სიზუსტე 77% აღმოჩნდა.
სპეციალისტებმა აშშ-ის მონაცემთა ბაზაში არსებული დაახლოებით 60 000 ანაბეჭდი შეისწავლეს, რომლებიც ინდივიდთა 10-ვე თითს ეკუთვნოდა. იმის გასაგებად, ამოიცნობდა თუ არა ნეირონული ქსელი ერთი ადამიანის სხვადასხვა თითის ზედაპირის სტრუქტურას, მათ სისტემაში ანაბეჭდების წყვილები შეიყვანეს, რომლებიც ან ერთი და იმავე პიროვნების იყო, ან სხვადასხვის. ხელოვნური ინტელექტი არა მცირე დეტალებზე, არამედ ანაბეჭდების ცენტრალურ ნაწილში არსებულ კუთხეებსა თუ მრუდებზე კონცენტრირდა, რითაც ეს კვლევა სხვებისგან გამორჩეულია.
დროთა განმავლობაში ქსელი ერთი ადამიანის ორი ანაბეჭდის გამოვლენას უფრო და უფრო კარგად ახერხებდა, რაც ნიშნავს, რომ მათ შორის საკმარისი მსგავსებაა. განსაკუთრებით ეს ცენტრალური ხაზების მიმართულებაში შეინიშნება.
რა თქმა უნდა, აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და წარმატების მაჩვენებელი 100% არაა, მაგრამ ის იმედის მომცემია. კერძოდ, კრიმინალისტიკაში, რადგან დანაშაულის ადგილზე ზოგჯერ მონაცემთა ბაზაში არარსებული თითის ანაბეჭდია დატოვებული. მისმა ანალიზმა შესაძლოა, გამომძიებლები დამნაშავის ცნობილ ანაბეჭდამდე მიიყვანოს და საქმის გახსნას დაედოს საფუძვლად.
ასევე, ეს ინფორმაცია ცალკეული ინდივიდის მიერ სმარტფონში არა ერთი, არამედ სხვა თითების ანაბეჭდების გამოსაყენებლადაც გამოსადეგია. რა თქმა უნდა, იქამდე სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ თუ მას არა ათასობით, არამედ მილიონობით ნიმუშზე გაწვრთნიან, შედეგი საგრძნობლად გაუმჯობესდება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები