აშშ-ის მიერ მთვარისკენ გაშვებულ აპარატს პრობლემები აქვს — დაფიქსირებულია ანომალია
8 იანვარს, თბილისის დროით 11:18 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დასაშვები მოდული გაგზავნა. ის ორბიტაზე United Launch Alliance-ის რაკეტა Vulcan Centaur-მა გაიტანა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მისია იყო.
კოსმოსური აპარატი Peregrine კერძო კომპანია Astrobotic-ს ეკუთვნის, ამიტომ ეს პირველი მსგავსი კერძო მისიაა, თანაც 1972 წლის შემდეგ აშშ-ს მთვარის ზედაპირზე ხომალდი არ დაუსვამს. შესაბამისად, მოლოდინები დიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად რეაქტიულ სისტემაში ანომალია დაფიქსირდა.
"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რეაქტიული სისტემის ხარვეზი საწვავის კრიტიკულ დანაკარგს იწვევს. გუნდი ამ დანაკარგის სტაბილიზებაზე მუშაობს, მაგრამ, სიტუაციის გათვალისწინებით, ახლა პრიორიტეტი რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო მონაცემის მოპოვებაა", — ვკითხულობთ Astrobotic-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
///
აღსანიშნავია, რომ ამ ხარვეზზე აპარატის მიერ გადაღებული პირველი სურათიც მოწმობს:
ფოტო Peregrine-ის ტვირთის პლატფორმის მიმდებარედ დამონტაჟებული კამერის მიერაა გადაღებული და თერმულ დამცავ Multi-Layer Insulation (MLI)-ს გვიჩვენებს. მისი სახეცვლილი ფორმა ზემოხსენებულ ანომალიაზე მიანიშნებს და სპეციალისტთა ვარაუდის ვიზუალური მტკიცებულებაა.
როგორც ცნობილია, აპარატი მზისკენ ვერ შებრუნდა, მაგრამ მისი პანელების დატენა მაინც მოხერხდა. Peregrine მთვარის ზედაპირზე 23 თებერვალს უნდა დაშვებულიყო, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, ვეღარ მოხდება. არსებულ ენერგიას ის ინფორმაციის მოპოვებასა და შეძლებისდაგვარ ფუნქციონირებას დაახარჯავს.
კომენტარები