NASA-მ წარმატებით გამოცადა რევოლუციური რაკეტა, რომელსაც მარსამდე უფრო სწრაფად მიღწევა შეუძლია
ეს ნიშნავს, რომ კოსმოსში გამგზავრება გაიაფდება და კიდევ უფრო შორს წასვლას შევძლებთ.
მთვარეზე ფეხის დადგმის შემდეგ, კაცობრიობის შემდეგი მიზანი მარსია, რომელიც სრულიად ახალ გამოწვევას წარმოადგენს.
თუმცა, მარსი მთვარესთან შედარებით ბევრად შორსაა. ამიტომ, მზის სისტემის მასშტაბით მძიმე ტვირთის მოკლე დროში გადასატანად NASA-მ ინოვაციური რაკეტის ძრავა წარმატებით გამოცადა. მკვლევრების თქმით, ძრავს საკმარისი ბიძგი აქვს, რათა რაკეტა მარსამდე ბევრად უფრო სწრაფად მიიყვანოს.
რაკეტის ძრავამ (RDRE) ახალი რეკორდი დაამყარა, მიაღწია რა 25 810 ნიუტონის ბიძგს 251 წამის განმავლობაში.
ეს მნიშვნლოვნად აღემატება წინა შედეგებს — 17 800 ნიუტონიან ბიძგს. საბოლოო მიზანია აშენდეს 44 კილონევტონიანი კლასის RDRE, ტრადიციული თხევადი სარაკეტო ძრავების გასაუმჯობესებლად.
"RDRE უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია", — თქვა წვის მოწყობილობების ინჟინერმა, თომას ტეისლმა, რომელიც მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრში RDRE პროექტს ხელმძღვანელობს.
რაც RDRE-ს ასე რევოლუციურს ხდის არის ის, რომ ძრავა იყენებს მდგრად დეტონაციას, რომელიც ტრიალებს რგოლისებური არხის გარშემო. ტექნოლოგია წლების განმავლობაში მუშავდებოდა და 2020 წლიდან ლაბორატორიულ ტესტირებაშია. თუმცა, უშუალო ტესტირება მხოლოდ ახლა ხდება და ვხედავთ, რომ სისტემა საკმაოდ სტაბილურია.
რაც მთავარია, RDRE იყენებს ნაკლებ საწვავს ვიდრე ჩვეულებრივი სარაკეტო ძრავები და უფრო მარტივია თავისი ტექნიკითა და მექანიზმებით. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსში გამგზავრება გაიაფდება და კიდევ უფრო შორს წასვლას შევძლებთ.
ჩვენ ვიცით, რომ კოსმოსის შესწავლა ძვირი ჯდება და ახალი ძრავა მნიშვნელოვან განახლებას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით.
NASA-ში იმედოვნებენ, რომ ადამიანი მარსზე ფეხს 2030-იან წლებში დადგამს.
კომენტარები