10 მნიშვნელოვანი კოსმოსური მისია, რომლებსაც 2024 წელს ვიხილავთ
2023 წელი კოსმოსური მისიებითა თუ ასტრონომიული მიგნებებით ნამდვილად დატვირთული იყო. ამ თვეების განმავლობაში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან მრავალი შთამბეჭდავი ფოტო და ღირებული მონაცემები მივიღეთ, ასევე, დედამიწაზე ასტეროიდ ბენუზე შეგროვებული ნიმუშები ჩამოვიტანეთ და ა.შ.
ტესტი: როგორ გახსოვს 2023 წლის კოსმოსური ამბები?
ამ მხრივ 2024 წელიც საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან აღნიშნულ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი მისიაა ჩანიშნული. წინამდებარე სტატიაში სწორედ 10 მათგანზე მოგიყვებით.
1. მთვარეზე იაპონიის მისია SLIM-ის დაშვება და არა მხოლოდ
თბილისის დროით 7 სექტემბრის 03:42 საათზე იაპონიამ ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან მთვარისკენ დასაშვები მოდული გაუშვა, რომელიც SLIM-ის სახელითაა ცნობილი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე 19 იანვარს დაჯდება, კერძოდ, კრატერ შიოლის შიგნით.
SLIM-ის დიდი მიზანი წინასწარ შერჩეული ადგილის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში, მაღალი სიზუსტის დაშვების მიღწევაა. თუ მისია წარმატებით ჩაივლის, იაპონია მეოთხე სახელმწიფო გახდება, რომელმაც მთვარეზე უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. დანარჩენი სამი ჩინეთი, აშშ და ინდოეთია, მეხუთე კი საბჭოთა კავშირი გახლავთ.
აქვე უნდა ითქვას, რომ 2024 წელს მთვარეზე აპარატის გაგზავნას ჩინეთიც გეგმავს. Chang'e 6 ამ ქვეყნისთვის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოსატანად გამიზნული რიგით მეორე მისია იქნება, რომლის ფარგლებშიც მთვარის შორეულ მხარეს ხომალდი გრუნტს შეაგროვებს. თებერვალში ამ ციურ სხეულზე სადებიუტო მისიას გეგმავს კომპანია Intuitive Machines-იც, რომელიც SpaceX-თან თანამშრომლობს.
2. მთვარის ეკიპაჟიანი მისია Artemis 2
2024 წელს აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს უმნიშვნელოვანესი მისია აქვს ჩანიშნული. ესაა Artemis 2, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები მთვარისკენ გაფრინდებიან, რაც ბოლო რამდენიმე დეკადაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.
ეკიპაჟის შემადგენლობა უკვე ცნობილია. ესენი არიან ქრისტინა კოხი, რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი და ჯერემი ჰანსენი, რომელიც კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტია. ისინი მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტით Space Launch System დედამიწას 2024 წლის მეორე ნახევარში დატოვებენ და რამდენიმე დღის განმავლობაში მთვარეს გარს შემოუვლიან. მის ზედაპირზე ფეხს ადამიანები უკვე მომდევნო ფრენისას, 2025 წელს, დადგამენ.
3. რაკეტა Vulcan Centaur-ის პირველი ფრენა
უკანასკნელ 5 წელში ფრენის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, United Launch Alliance-ის რაკეტა Vulcan Centaur-ის დებიუტი 8 იანვარს შედგება. ის ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან აფრინდება და თან რამდენიმე ტვირთს გაიყოლებს. მაგალითად, ასეთია Astrobotic Technology-ის მთვარეზე დასაშვები მოდული Peregrine და ადამიანთა ნაშთები, რომლებსაც "კოსმოსური დაკრძალვის" სერვისის შემომტანი კომპანია Celestis გზავნის.
62-მეტრიანი რაკეტა წინამორბედების, Atlas V-ისა და Delta IV-ის, "მემკვიდრეა", რომელიც მათზე გაუმჯობესებულია და ორბიტაზე 7.7 ტონამდე წონის ტვირთის ატანა შეუძლია.
4. Dream Chaser-ის სადემონსტრაციო გაშვება
კომპანია Sierra Space, აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წელს სადემონსტრაციო მისია Dream Chaser-ის განხორციელებას გეგმავს. მას რაკეტა Vulcan Centaur-ით გაუშვებენ.
Sierra Space მრავალჯერადი გამოყენების კერძო ხომალდია, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე ტვირთის ასატანად ან ასტრონავტების გასაგზავნადაა შექმნილი. ამის მიუხედავად, 2024 წლის ფრენა უეკიპაჟო იქნება. აპარატი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართება, სადაც 3 540 კილოგრამამდე ტვირთს აიტანს, თუმცა მას 5 220 კილოგრამამდე წონის დაძვრა შეუძლია.
5. მისია Polaris Dawn
Polaris Dawn — ესაა კერძო ეკიპაჟიანი მისია, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ისა და ამერიკელი მეწარმის, ჯარედ აიზეკმენის, თანამშრომლობით ხორციელდება. ფრენა 2024 წლის გაზაფხულზეა ჩანიშნული და მასში მონაწილეობას თავად აიზეკმენის გარდა კიდევ სამი ადამიანი მიიღებს. ისინი ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე რამდენიმე დღეს Crew Dragon-ის კაფსულაში გაატარებენ.
ეს პროგრამა Polaris-ის რიგით პირველი მისია იქნება, სულ კი სამი ფრენა იგეგმება. მიზანი მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარება და მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის თანხის შეგროვებაა. ასევე, ღია კოსმოსში გასვლა, რაც მსგავსი კომერციული მისიის განმავლობაში პირველად მოხდება. ამისთვის SpaceX-ის სკაფანდრებს გამოიყენებენ.
6. Starship-ის მესამე გაშვება
2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია SpaceX რაკეტა Starship-ის რიგით მესამე სატესტო გაშვებას აპირებს. ამ ფრენაში მონაწილეობას Ship 28-ისა და Booster 10-ის პროტოტიპები მიიღებს, მიზანი კი მთვარისა და პლანეტათაშორისი მისიებისთვის საჭირო ტექნოლოგიების გამოცდაა.
რაკეტის დებიუტი 20 აპრილს შედგა, თუმცა ის რამდენიმე წუთში აფეთქდა, რაც მოსალოდნელი იყო. მეორედ ის ჰაერში 18 ნოემბერს, თბილისის დროით 17:04 საათზე, აიჭრა, თუმცა, სანამ ორბიტამდე მივიდოდა, ისევ აფეთქდა. ამ ინციდენტებით კომპანია მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს, რომელიც ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში ეხმარება.
7. რაკეტა Ariane 6-ის გაშვება
ევროპის კოსმოსური სააგენტო 2024 წლის შუა პერიოდში რაკეტა Ariane 6-ის გაშვებას გეგმავს. მისი ბოლოდროინდელი ტესტირებები 7 და 15 დეკემბერს ჩატარდა, რისი მიზანიც იმაში დარწმუნება იყო, რომ აპარატი ფრენისთვის მზადაა. პირველი ცდა მალევე შეწყდა, მეორემ კი წარმატებით ჩაიარა.
7 დეკემბრის ტესტირებისას გამოვლენილი პრობლემის გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პასუხი, სავარაუდოდ, იანვარში გვეცოდინება. ამის მიუხედავად, სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ჩანიშნულ სარაკეტო ფრენაზე, წესით, არ იმოქმედებს.
8. რაკეტა New Glenn-ის დებიუტი
სავარაუდოდ, 2024 წელს შედგება კომპანია Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ის დებიუტიც, რომელიც 2020 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ ამ დრომდე გადაიდო. ეს ორსაფეხურიანი აპარატი 98 მეტრი სიმაღლისაა და 45 მეტრული ტონა ტვირთს ძრავს. ის მრავალჯერადი გამოყენებისაა და 25-მდე მისიის შესრულება შეუძლია.
მის გამოყენებას NASA-ს მისია ESCAPADE-ში აპირებენ, რომლის მიზანიც მარსის მაგნიტოსფეროს შესწავლაა. იქ ამ რაკეტით ორ თანამგზავრს გაგზავნიან, რომლებიც სხვადასხვა არეალში განლაგდება და მზის ქართან მაგნიტოსფეროს ურთიერთქმედებას დააკვირდება.
9. Europa Clipper-ის გაშვება
2024 წელს ვიხილავთ იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრ ევროპასკენ მისია Europa Clipper-ის გაშვებასაც. ამ ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა, ამიტომ ის მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ხომალდს SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-ით 6 ოქტომბერს გაგზავნიან და ის დანიშნულების ადგილამდე 2030 წელს მიაღწევს.
ზონდი არა ევროპას, არამედ იუპიტერის გარშემო ორბიტაზე იმოძრავებს, რადგან რადიაციული საფრთხე აიცილოს თავიდან. საქმე ისაა, რომ ეს თანამგზავრი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის მაგნიტოსფეროში გადაადგილდება, რის გამოც მის მიმდებარედ მძლავრი მაგნიტური ველია, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ხელსაწყოები დააზიანოს.
აპარატი ევროპას დაახლოებით 50-ჯერ ჩაუფრენს, ყველაზე მცირე დისტანცია კი 25 კილომეტრი იქნება, რაც მისი ზედაპირის ახლოდან აღბეჭდვის საშუალებას მოგვცემს.
10. Boeing Starliner-ის ეკიპაჟიანი ფრენა
საბოლოდ, 2024 წელს, აპრილში, კომპანია Boeing-ის ხომალდ Starliner-ის პირველ ეკიპაჟიან ფრენასაც ვიხილავთ. მისია 8 დღე გაგრძელდება და მის ფარგლებში ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემგზავრებიან.
მრავალჯერადი გამოყენების ეს ხომალდი ეკიპაჟის კაფსულისა და გაფართოებადი მოდულისგან შედგება. მას დედამიწის დაბალ ორბიტაზე რაკეტა Atlas V გაიყვანს. კომპანიის განცხადებით, აპარატი მარტში უკვე მზად იქნება, მაგრამ სადგურზე მისი გაშვება მხოლოდ აპრილში მოხერხდება.
კომენტარები