შიმპანზეები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხანგრძლივი განშორების შემდეგაც ცნობენ
ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის მსგავსი მაიმუნები — შიმპანზეები და ბონობოები — ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მაშინაც კი ცნობენ, თუ დეკადების განმავლობაში არ ჰყავთ ნანახი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, როგორ გვგვანან ისინი ჩვენ.
ადამიანებს საკმაოდ ხანგრძლივი მეხსიერება გვაქვს, რაც მეცნიერთა ინტერესის საგანი ყოველთვის იყო. ამ მახასიათებელმა კულტურების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, ევოლუციურ ბიოლოგებსა და ფსიქოლოგებს კი ერთგვარი თავსატეხი გაუჩინა. ცხოველთა სამყაროში აქამდე ამგვარი თვისება ყველაზე მეტად დელფინებში შეინიშნებოდა, რომლებიც ვოკალიზაციებს ორი ათწლეულის შემდეგაც კი ცნობენ, მაგრამ ახლა პირველობა უკვე ადამიანის მსგავსმა მაიმუნებმა დაიკავეს.
მათთან მომუშავე სპეციალისტებს შემჩნეული ჰქონდათ, რომ ცხოველები, თითქოს, ცნობდნენ და, მაგალითად, ზოოპარკის ჩვეულებრივი ვიზიტორისგან ასხვავებდნენ. ამაში დასარწმუნებლად და ემპირიული მონაცემების მოსაპოვებლად მეცნიერებმა შოტლანდიაში, ბელგიასა და იაპონიაში მდებარე ზოოპარკებს მიაკითხეს.
///
მათ ისეთი ინდივიდები შეარჩიეს, რომლებიც 1 წელზე მეტხანს საერთო სივრცეში ცხოვრების შემდეგ განაცალკევეს. ასევე, გაარკვიეს, ამ ნაცნობ ინდივიდებს ერთმანეთთან დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ თუ უარყოფითი და განშორების დროინდელი სურათებიც შეაგროვეს.
ავტორებმა სულ 26 შიმპანზისა და ბონობოს ფოტოები მოიპოვეს. ექსპერიმენტის განმავლობაში თითოეულ მათგანს თვალების მოძრაობის დასაფიქსირებელი არაინვაზიური სისტემა დაუმაგრეს და სპეციალურ ოთახში მგრძნობიარე კამერებით აღჭურვილი კომპიუტერიც დადგეს. ცხოველებს იქ შესვლისას წვენი ხვდებოდათ, რომელსაც სვამდნენ, მონიტორზე კი მათთვის ნაცნობი და უცნობი მაიმუნის 2-2 სურათი ჩნდებოდა.
თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი სისტემა აფიქსირებდა, რამდენ ხანს აჩერებდა მზერას ცხოველი თითოეულ ფოტოზე. ამ მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უფრო მეტ დროს ისინი სწორედ ნაცნობი მაიმუნების სურათებს უთმობდნენ და ზოგჯერ წვენის სმასაც კი წყვეტდნენ. ერთ-ერთმა ბონობო ლუისმა საკუთარი და ლორეტა და დედმამიშვილის შთამომავალი ერინიც ამოიცნო, რომლებიც 26 წელი არ ჰყავდა ნანახი, ეს კი საკმაოდ დიდი დროა.
ადამიანებში მსგავსი მეხსიერების მაქსიმალური ხანგრძლივობა 48 წელია, ანუ შედარებით მეტი, მაგრამ შიმპანზეები და ბონობოები ამაში მაინც სხვა ცხოველებზე მეტად გვგვანან. ეს ჩვენს საერთო წინაპარზე მიანიშნებს, რომელიც 6-9 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები