მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის გავლენით მთვარეზე ახალი ეპოქა დაიწყო
1959 წელს მთვარეს საბჭოთა კავშირის მიერ გაგზავნილი ხომალდი Luna 2 შეეჯახა. ის ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი იყო, რომელიც დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე უკონტროლოდ დაეშვა.
3 მეცნიერისგან შემდგარი გუნდი აცხადებს, რომ ეს მოვლენა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია: მათი აზრით, ეს შეიძლება მთვარეზე ახალი ეპოქის დასაწყისად მივიჩნიოთ, რომელსაც ანთროპოცენი ეწოდება. ეს ნიშნავს გეოლოგიურ პერიოდს, რომელიც კაცობრიობის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებს მოიაზრებს.
იმავე სახელწოდების ეპოქა დედამიწის შემთხვევაშიც განიხილება, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებაში ფართოდ მიღებული არაა. ამის მიუხედავად, ვერ შევეწინააღმდეგებით მოსაზრებას, რომ ადამიანმა გარემოზე საკუთარი კვალი მართლაც დატოვა, რაც დღემდე გრძელდება. მაგალითად, მრავალი სახეობის გადაშენება, სათბურის აირების ემისია, ხელოვნური სინათლით დაბინძურება თუ გაუტყეურება სწორედ ჩვენს სამრეწველო საქმიანობას მიეწერება.
ახალი ნაშრომის ავტორთა თქმით, ეს ახლა უკვე მთვარეზეც ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ ასტრონავტთა მუდმივი ბაზები არაა. სამაგიეროდ, ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირს არაერთი კოსმოსური აპარატი შეეჯახა და კრატერებიც კი წარმოქმნა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთვარეზე ანთროპოცენი უკვე დაიწყო, მაგრამ გვსურს, უფრო მასშტაბური გავლენა ან მისი აღიარების გაჭიანურება თავიდან ავიცილოთ", — აცხადებენ სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში მთვარეზე ასტრონავტების გაშვება და იქ მუდმივი ბაზის შექმნა იგეგმება, რაც უფრო სერიოზულ ცვლილებებს მოასწავებს. მეცნიერები ამბობენ, რომ იქაურ გარემოს ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ ჯერ ანთროპოცენის დაწყება უნდა ვაღიაროთ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Geosciences გამოქვეყნდა.
კომენტარები