მეცნიერებმა პრეისტორიული "ზღვის ურჩხულის" თავის ქალა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში მდებარე დორსეტის იურული სანაპიროს მიმდებარედ უზარმაზარ თავის ქალას მიაკვლიეს, რომელიც გიგანტურ "ზღვის ურჩხულს" ეკუთვნის.
ის 2 მეტრი სიგრძისაა და, პალეონტოლოგების დასკვნით, დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ მცხოვრებ წყლის რეპტილიას ეკუთვნის, რომელიც პლიოზავრის სახელითაა ცნობილი. ის დღემდე ჩვენამდე ერთ-ერთი ყველაზე უვნებლად მოღწეული მსგავსი ნიმუშია და ამ პრეისტორიული მტაცებლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
"ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნამარხია, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. მას უნიკალურს ის ხდის, რომ სრულადაა შემონახული", — აცხადებს პალეონტოლოგი სტივ ეჩისი.
როგორც ცნობილია, პლიოზავრების სხეულის სიგრძე 10-12 მეტრამდე აღწევდა. ამ ცხოველებს ძალიან ბასრი ეშვები ჰქონდათ, რასაც უკანასკნელი ნიმუშიც ცხადყოფს. კერძოდ ახლახან აღმოჩენილი თავის ქალის ყბების მიდამოში 130 კბილია,. ახლოდან თუ დავაკვირდებით, ისინი დაზოლილი, უსწორმასწორო, სტრუქტურისაა, რაც მტაცებელს მსხვერპლის ხორცის მარტივად გამოგლეჯაში ეხმარებოდა.
"ეს ცხოველი იმდენად მასიური უნდა ყოფილიყო, რომ, ვფიქრობ, მის მახლობლად მოხვედრილ ნებისმიერ უიღბლო მსხვერპლს ადვილად მოიხელთებდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ზღვის ტირანოზავრივით იყო", — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეონტოლოგიის დოქტორანტი, ანდრე როვე.
ვარაუდობენ, რომ პლიოზავრების კბენის ძალა 33 000 ნიუტონს უტოლდებოდა. შედარებისთვის, მარილიანი წყლების ნიანგის კბენის ძალა 16 000 ნიუტონია, ლომის 4 000, ძაღლის 1000, ადამიანისა კი — 700. ეს ნიშნავს, რომ ამ "ზღვის ურჩხულს" ძლიერი ყბების წყალობით მსხვერპლის ქსოვილებისა გაგლეჯა და ძვლების ჩამტვრევა უადვილდებოდა
მის თავის ქალას ნამარხების ენთუზიასტმა ფილ იაკობსმა იურული სანაპიროს მიმდებარედ არსებულ კლდეებში მიაგნო, სადაც სხვადასხვა ცხოველის განამარხებული ნაშთები მრავლადაა. გათხრები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მყარი მასიდან 2-მეტრიანი თავის ქალა ამოიღეს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ პლიოზავრის სხეულის დანარჩენი ნაწილებიც იქ იყოს.
კომენტარები