რამდენად ხშირად ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში? — კვლევა
საუბრისას უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი სხეულის მოძრაობასა და თვალებს ენიჭება. მზერაში ღირებული ინფორმაციის ამოკითხვაა შესაძლებელი, როგორიცაა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ყურადღება, განზრახვა და ა.შ. ამის შესახებ მეცნიერული ცოდნა საკმაოდ მწირია და მრავალი კითხვა არსებობს.
სპეციალისტებმა ეს საკითხი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ საუბრისას ადამიანები ერთმანეთს თვალებში იშვიათად ვუმზერთ, თუმცა ამ გზით მნიშვნელოვან "შეტყობინებებს" ვიღებთ, რაც წარმატებულ სოციალურ ქცევას განაპირობებს.
მათ კვლევის ფარგლებში ერთმანეთისთვის უცნობი ინდივიდები დააწყვილეს და სთხოვეს აერჩიათ საგნები, რომლებიც გადარჩენისთვის გამოადგებოდათ. პარალელურად თითოეულ მათგანს თვალის მოძრაობაზე დასაკვირვებელი მოწყობილობა დაუმაგრეს, რომლის მეშვეობითაც გაიგეს, რამდენად ხშირად უყურებდნენ მონაწილეები ერთმანეთს თვალებში ან პირის მიმდებარედ. ასევე, რამდენად ხშირად ფიქსირდებოდა ორმხრივი მზერის სხვადასხვა ტიპი (თვალებში შეხედვა, თვალებსა და პირზე შეხედვა), ანუ იმეორებდნენ თუ არა ერთმანეთის ქცევას.
მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის მონაწილეებმა საუბრის განმავლობაში ერთმანეთის სახეებზე დაკვირვებას დროის მხოლოდ დაახლოებით 12% დაუთმეს, აქედან თვალებში მზერის მთლიან პერიოდზე სულ რაღაც 3.5% მოდის.
ძირითადად, ისინი მეწყვილეს არა პირდაპირ თვალებში, არამედ მათ მიმდებარედ და პირის არეალში უყურებდნენ. ასევე, როცა ერთი მეორეს თვალებში უცქერდა, ხშირად მისგანაც იმავეს იღებდა, ანუ ორმაგი მზერა ფიქსირდებოდა.
ავტორები ამბობენ, რომ ეს "სოციალური დინამიკისთვის" უმნიშვნელოვანესია. თუნდაც ის მცირე დრო, რომელსაც თვალებში ყურებაში ვატარებთ, ჩვენში საპასუხო სოციალურ ქცევას იწვევს.
ამ მხრივ კიდევ მრავალი საკითხია გამოსაკვლევი, რასაც საფუძველს სწორედ უკანასკნელი ნაშრომი უდებს. ის გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები