ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ კოსმოსში სადაზვერვო სატელიტი გაუშვა
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანამ კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე, სადაზვერვო ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. თუ უკანასკნელი სიახლე სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია.
ამის შესახებ ცნობები მაშინ გასაჯაროვდა, როცა 21 ნოემბერს იაპონიის ხელისუფლებამ მათი მიმართულებით მოძრავი რაკეტა დააფიქსირა, რის გამოც კუნძულ ოკინაგავას მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. მალევე ჩრდილოკორეულმა მედიამ KCNA განაცხადა, რომ Malligyong-1-ის სახელით ცნობილმა სატელიტმა ორბიტამდე ადგილობრივი დროით 10:54 საათზე მიაღწია.
"სადაზვერვო სატელიტის გაშვება ჩრდილოეთ კორეის ლეგიტიმური უფლებაა, რათა თავდაცვა გააძლიეროს", — აღნიშნეს KCNA-ში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ეს ნაბიჯი უყურადღებოდ დასატოვებელი არაა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ მისია მოიცავს ტექნოლოგებს, რომლებიც ამ ქვეყნის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის პროგრამას ემსახურება.
"ეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების თავხედური დარღვევაა, რაც დაძაბულობას ამძაფრებს და რეგიონსა თუ მის გარეთ სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკს ზრდის", — წერია განცხადებაში.
თუ მისია ნამდვილად განხორციელდა, ეს ამ ქვეყნის მიერ სადაზვერვო სატელიტის გაშვების მცდელობის მესამე შემთხვევაა. პირველი ორი წარუმატებელი აღმოჩნდა. ხელისუფლება იმასაც ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ფრენიდან დატოვებული ნარჩენი ოკეანიდან ამოიღო.
უშედეგო მისიების შემდეგ კიმ ჩენ ინი პუტინს შეხვდა და კოსმოსურ ფრენებში ქვეყნების თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა, მათ შორის რაკეტის ტექნოლოგიების გაზიარება. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეა ორბიტაზე რამდენიმე სატელიტის გაგზავნას გეგმავს, რათა სამხრეთ კორეის ქმედებებს დააკვირდეს. ამ უკანასკნელმა პირველი სადაზვერვო ზონდი მიმდინარე თვეში, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით გაუშვა.
კომენტარები