რადიოტელესკოპმა ALMA--მ ვარსკვლავზე დაკვირვებისას უპრეცედენტო რეზოლუციას მიაღწია
ატაკამის უდაბნოში განლაგებულმა რადიოტელესკოპმა ALMA-მ, რომელიც 66 ცალკეული ანტენისგან შედგება, ყველაზე მაღალ გარჩევადობას მიაღწია.
სპეციალისტებმა მისი დახმარებით ვარსკვლავ R კურდღლის (ის კურდღლის თანავარსკვლავედში მდებარეობს) მახასიათებლები 5 მილი-არკწამი კუთხოვანი შუალედით დააფიქსირეს. ეს იგივეა, რომ მთვარის ზედაპირზე სკოლის ავტობუსის ზომის ობიექტი დავინახოთ, რაც ობსერვატორიის ადრინდელი რეზოლუციის 15-ჯერ გაუმჯობესებას ნიშნავს.
ინჟინრებმა და მეცნიერებმა ამისთვის ანტენები 16 კილომეტრ მანძილზე სათანადო კონფიგურაციით განალაგეს, რადიომიმღებთა ყველაზე მაღალი სიხშირე გამოიყენეს და კალიბრაციის ახალ მეთოდს მიმართეს. შედეგად, ისინი ზემოხსენებული ხნიერი მნათობის გარშემო არსებულ ღრუბელში ციანმჟავას დეტალურად დააკვირდნენ, კერძოდ, მასთან ასოცირებულ ე.წ. მაზერულ ტალღებს.
მათი თქმით, ეს სამყაროს შესწავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი მიღწევაა და ასტრონომიაში ALMA-ს მოწინავე ადგილზე მიანიშნებს. ასევე, უკანასკნელი ამბავი სამეცნიერო საზოგადოების ახალ შესაძლებლობებსაც მოასწავებს.
ბოლო დაკვირვებებმა R კურდღლის ირგვლივ აირის მოძრაობა გვიჩვენა. დოპლერის ეფექტის გავლენით, რაც დამკვირვებელთან მიმართებით ტალღური სიხშირის ცვლილებას გულისხმობს, შეგვიძლია დავადგინოთ, მაზერული, მიკროტალღური, ემისიის წყარო გვშორდება თუ გვიახლოვდება.
R კურდღელი ჩვენგან 1 350 სინათლის წლის დისტანციაზე მდებარეობს და ის ძალიან კაშკაშაა, კერძოდ მზეზე დაახლოებით 6 700-ჯერ ელვარე.
"ჩვენ განვაგრძობთ ALMA-ს შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რათა კოსმოსის საიდუმლოებები ამოვხსნათ, ახლა უკვე მისი ყველაზე მახვილი თვალით", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომები (1,2) გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები