ჰაბლის ტელესკოპმა დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა გამოავლინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ტრანზიტული ეგზოპლანეტის დიამეტრი დაადგინა და გამოავლინა, რომ ის დედამიწის მსგავსი ზომის მქონე კლდოვანი ციური სხეულია. ამის მიუხედავად, იქ ტემპერატურა ძალიან მაღალია იმისთვის, რომ თხევადი წყალი ან სიცოცხლე არსებობდეს.
ამ ობიექტს LTT 1445Ac ეწოდება და ის 2022 წელს TESS-ის ობსერვატორიამ აღმოაჩინა. ეგზოპლანეტა M ტიპის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, რომელსაც მზის მეოთხედი მასა აქვს და მნათობთა სამმაგ სისტემაშია განლაგებული, ჩვენგან 22.5 სინათლის წლის მოშორებით.
LTT 1445Ac-თან ერთად იქ კიდევ 2 ციური სხეული გადაადგილდება, LTT 1445Ab და LTT1445Ad, რომელთა ორბიტებიც შედარებით მოშორებითაა. ეს ეგზოპლანეტა ტრანზიტულად მიიჩნევა, რადგან დედამიწის პერსპექტივიდან ვაფიქსირებთ, როგორც მოძრაობს საკუთარი ვარსკვლავის დისკოს ფონზე, რასაც ტრანზიტად მოიხსენიებენ. ამ დროს მნათობის სიკაშკაშე იცვლება — რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო მეტად.
ტრანზიტზე დასაკვირვებლად და ამის მიხედვით ეგზოპლანეტის მახასიათებლების გამოსათვლელად მისი ორბიტული სიბრტყე ჩვენგან დამზერადი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, თუ საქმე მხოლოდ ნაწილობრივ ტრანზიტთან გვაქვს, გამოთვლები არაზუსტი იქნება.
TESS-ის მონაცემებით ეს ვერ დადგინდა, ჰაბლის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ კი ცხადყო, რომ LTT 1445Ac ნამდვილად ტრანზიტული ციური სხეულია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი დიამეტრი დედამიწისას 1.07-ჯერ აღემატება.
ძალიან დიდი ტელესკოპის ხელსაწყოს ESPRESSO მეშვეობით სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ LTT 1445Ac ჩვენს პლანეტაზე 1.37-ჯერ მასიურია, მისი სიმკვრივე კი თითო კუბურ მეტრზე 5.9 გრამია (დედამიწის — 5.51 გრამი). რაც შეეხება ზედაპირის გრავიტაციას, ის ჩვენი მშობლიური ციური სხეულისას 1.37-ჯერ აღემატება.
აღნიშნულ ეგზოპლანეტას საკუთარი ვარსკვლავისგან 3.98 მილიონი კილომეტრი აშორებს და ის ორბიტაზე მოძრაობას 3.12 დღეს ანდომებს. იქ ტემპერატურა დაახლოებით 260 გრადუსი ცელსიუსია, ამ პირობებში კი წყალი თხევადი სახით ვერ შენარჩუნდება, სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმები კი ვერ გადარჩებიან.
დანარჩენი ორი პლანეტიდან ერთი სუპერ-დედამიწის ტიპისაა და მისი ტრანზიტი დაფიქსირებული გვაქვს. მეორე ვიცით, რომ ასევე კლდოვანია და სასიცოცხლო ზონაში გადაადგილდება, მაგრამ არატრანზიტულია, ამიტომ მის ატმოსფეროს ვერ ვაანალიზებთ. ამისთვის უნდა ვაკვირდებოდეთ, როგორ შთანთქავს ის მნათობის სხივებს, რათა გავარკვიოთ, რომელი ქიმიური ელემენტები ან ნაერთები გვხვდება იქ.
LTT 1445Ac-ის სიახლოვის გამო ამგვარი კვლევისთვის ის იდეალური კანდიდატია, ამიტომ მეცნიერები მისი ატმოსფეროს შემადგენლობის შესწავლას გეგმავენ როგორც ჰაბლით, ისე ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები