ქვიშის ღრუბლები ეგზოპლანეტის ატმოსფეროში — ვების ტელესკოპის ახალი აღმოჩენა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ მოპოვებულ მონაცემებში მეცნიერებმა საინტერესო ფენომენს მიაგნეს. მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ქვიშის ღრუბლები დააფიქსირა.
სპეციალისტებმა ტელესკოპის დაკვირვებების მეშვეობით WASP-107b-ის სახელით ცნობილი ციური სხეულის აირადი გარსის შემადგენლობა გამოიკვლიეს. მათ იქ წყლის ორთქლისა და გოგირდის დიოქსიდის სპექტრულ კვალს მიაგნეს. გარდა ამისა, რაც მთავარია, გამოავლინეს სილიკატური ქვიშის მასების არსებობაც.
WASP-107b ასტრონომებისთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიმკვრივის მქონე ეგზოპლანეტაა. ის თითქმის იუპიტერის ზომისაა, მაგრამ მისი მასის მხოლოდ 12% აქვს. მისგან დაახლოებით 200 სინათლის წელი გვაშორებს. ეს ციური სხეული საკუთარი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობას 6 დღეს ანდომებს, ხოლო თავად მნათობი მზეზე ნაკლებად მცხუნვარე და მასიურია.
ამ ეგზოპლანეტის დაბალმა სიმკვრივემ სპეციალისტებს საშუალება მისცა, რომ ატმოსფეროში 50-ჯერ უფრო ღრმად "ჩაეხედათ", ვიდრე სხვა ობიექტების შემთხვევაში. იქ გოგირდის დიოქსიდის აღმოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან WASP-107b ვარსკვლავისგან მაღალენერგიულ ფოტონებს, ანუ სინათლის ნაწილაკებს, ნაკლები რაოდენობით იღებს.
ამის მიუხედავად, დაბალი სიმკვრივის წყალობით, ფოტონები ატმოსფეროს ქვედა შრეებამდე აღწევს და იქ ხელს უწყობს ქიმიურ რეაქციებს, რომელთა შედეგადაც ზემოხსენებული ნაერთი წარმოიქმნება.
რაც შეეხება მომცრო სილიკატურ ნაწილაკებს, მეცნიერთა ვარაუდით, ისინი ისევე ფორმირდება, როგორც დედამიწის ღრუბლები, თუმცა შემადგენლობა განსხვავებულია. წყლის წვეთების ნაცვლად იქ სილიკატური ქვიშა გვხვდება, რომელიც დაბლა ჩაცვენისას პლანეტის ძალიან ცხელ შრეებს კვეთს, ამიტომ ორთქლდება და ისევ მაღლა ადის.
"ეგზოპლანეტაზე ქვიშის ღრუბლების, წყლისა და გოგირდის დიოქსიდის დაფიქსირება მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს პლანეტების ფორმირებისა და ევოლუციის ჩვენეულ წარმოდგენას ცვლის და ამ მხრივ მზის სისტემასაც ნათელს ჰფენს", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები