ჩვენი მზე შესაძლოა, იმაზე პატარა იყოს, ვიდრე გვეგონა
ახალი კვლევის თანახმად, ჩვენი მზე შესაძლოა, იმაზე ოდნავ მცირე ზომის იყოს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. მეცნიერებმა ახალი ნაშრომი ვარსკვლავის სეისმურ მონაცემებზე დააფუძნეს, რომელზე დაყრდნობითაც მისი ზომა გამოთვალეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შედეგებში მზის სისტემის ტრადიციულ მოდელთან გარკვეული შეუსაბამობა ფიქსირდებოდა. მათ მიერ მზის რადიუსში გამოვლენილი სხვაობა რამდენიმე მეასედი პროცენტია, რაც ათეულობით კილომეტრის ეკვივალენტურია. ეს უმნიშვნელოვანესია იმის გაგებაში, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენი მნათობის წიაღში.
"სეისმურ მონაცემებში ასახულია ის, რაც დამოკიდებულია ბირთვულ რეაქციებზე, ქიმიურ შემადგენლობასა მზის ბაზურ სტრუქტურაზე", — აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტში მომუშავე დუგლას გაფი.
აქამდე მეცნიერები ჩვენი სისტემის ცენტრში განლაგებული ვარსკვლავის ზომის გამოსათვლელად მისი გარეთა შრეს, ფოტოსფეროს, აკვირდებოდნენ. ახალი მეთოდები უკვე ერთგვარ რხევებს ეფუძნება, კერძოდ მზის შიდა ნაწილიდან წამოსულ ბგერით ტალღებს, რომლებიც ფოტოსფეროში იჭრება და ზედაპირის გარკვეულ რეგიონებში რხევებს იწვევს.
მკვლევრები ასეთ ტალღებს სხვადასხვა ტიპად ყოფენ, რაც მათ წარმოშობაზეა დამოკიდებული. ადრე მზის ზომის დადგენას F ტიპის ტალღების მიხედვით ცდილობდნენ, რომელთა თანახმადაც, მზე სტანდარტულ მოდელთან შედარებით პატარა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ვარაუდში გარკვეული უზუსტობები ფიქსირდებოდა. ეს იმიტომ, რომ მსგავსი ტალღები ფოტოსფეროს სრულად ვერ ლახავს.
ახალი კვლევის ავტორები P ტიპზე კონცენტრირდნენ, რადგან ისინი მზის შიგნით წნევის დიდძალი ცვალებადობისას წარმოიქმნება და უფრო მარტივად გადაადგილდება. ეს გამოთვლები F ტიპზე დაფუძნებულს მეტ-ნაკლებად შეესაბამება, საიდანაც ასკვნიან, რომ მზე მართლაც უფრო პატარა უნდა იყოს.
მართალია, რამდენიმე მეასედი პროცენტი დიდ სხვაობას არ გვაძლევს, თუმცა ამას მზის სტრუქტურისა და შემადგენლობის მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. უკანასკნელი შედეგები arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები