მეცნიერებმა კატების ევოლუციის საიდუმლოებები ამოხსნეს
კატის ხუთი სახეობის სრული გენომის დეტალური ანალიზით მეცნიერებმა სახეობის ევოლუციასთან დაკავშირებული საიდუმლოებები ამოხსენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა უკეთ გვესმის ის თუ როგორ განვითარდა კატის სახეობები.
მკვლევრებმა შეისწავლეს შინაური კატები, ლომები და ვეფხვები. ამისთვის მათ trio binning გამოიყენეს, ტექნიკა, რომელსაც ორგანიზმის მშობლების დნმ-ის იდენტიფიცირება შეუძლია.
მეთოდი გამოიყენეს ჰიბრიდებზე, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა გამოეყოთ კონკრეტული გენომები და ეს ძალიან მცირე ხარვეზებით.
"ჩვენი მიზანი იყო უკეთ გაგვეგო თუ როგორ განვითარდნენ კატები. გვსურდა გამოგვეყენებინა ახალი ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მოგვცემდა შეგვექმნა კატის უფრო სრულყოფილი გენომის რუქები", — თქვა ბილ მერფიმ, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ზოოლოგმა.
ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელზეც გუნდი ცდილობდა პასუხის მიღებას, არის ის, თუ რატომ აქვთ კატებს შედარებით მცირე გენეტიკური ვარიაციები სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით. მაგალითად, ლომისა და შინაური კატის ქრომოსომებში დიდი განსხვავება არ არის.
ახალი ანალიზი ვარაუდობს, რომ მიზეზი სეგმენტური დუბლირების სიხშირეა. ასევე ეს დაკავშირებულია დნმ-ის სექციებთან.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი გენეტიკური ვარიაციები არც თუ ისე გავრცელებულია კატებში, ზოგიერთი ვარიაცია ჯერ კიდევ არსებობს. ახალი აღმოჩენა ნათელს ჰფენს კატის დნმ-ის იმ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ სახეობებს.
ჯგუფმა დაადგინა დნმ-ის განსაკუთრებული განმეორებადი ელემენტი სახელწოდებით DXZ4, რომელიც ცნობილია როგორც სატელიტური გამეორება: ეს მოქმედებს X ქრომოსომის 3D სტრუქტურაზე და გავლენას ახდენს სახეობებზე. კატებში DXZ4 სეგმენტი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე დანარჩენი გენომის 99,5 პროცენტი.
კატების სახეობებს შორის შედარებით ბევრი განსხვავებაა, როდესაც საქმე ეხება ყნოსვის გენებს. ეს სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კატის ზოგიერთ სახეობას ჯერ კიდევ სჭირდება კარგი ყნოსვა, ზოგს კი არა.
კვლევამ აჩვენა, რომ ისეთ სახეობამ, როგორიცაა "მეთევზე კატა", შეინარჩუნა გენები, რომლებიც ეხმარება მათ წყლის ქვეშ სუნის დაფიქსირებაში. ეს მათ თევზებზე ნადირობაში ეხამარება. შესაბამისად, კატებს, რომლებსაც თევზის დაჭერა არ სჭირდებათ მსგავსი შესაძლებლობები აღარ აქვთ.
მთლიანობაში, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კატებს შორის განსხვავებები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
"ჩვენი დასკვნები უმნიშვნელოვანესია მათთვის ვინც კატების დაავადებებსა და ქცევას სწავლობს. ახლა ჩვენ კატების გენეტიკურ განსხვავებებზე და მის მიზეზებზე ბევრად მეტი ვიცით", — თქვა მერფიმ.
კვლევა Nature Genetics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები