რატომ არის დიდი პრობლემა ის, რაც დღეს პარლამენტში მოხდა
"მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს, — ასე იწყება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა, რომელიც მას შემდეგ გაავრცელა, რაც დეპუტატებმა პარლამენტში შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოიყენეს, — მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის."
- პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, პაპუაშვილს, მიიღოს უმკაცრესი ზომები შესაბამისი დეპუტატების მიმართ.
- "რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება", — თქვა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეზე.
მოკლედ, რა მოხდა:
- პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატებს, თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა — ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ.
- "სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს. მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან", — დაწერა თეონა აქუბარდიამ ფეისბუქზე. მას ირაკლი ბერაიამ მიმართა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ლექსიკით.
On.ge შეგნებულად არ ავრცელებს დეპუტატების ციტატებს, რადგან ერთი მხრივ, მიგვაჩნია, რომ შეურაცხმყოფელ ლექსიკას საინფორმაციო ღირებულება არ გააჩნია, მეორე მხრივ კი — არ გვინდა, ხელი შევუწყოთ მის ნორმალიზებას.
- მოგვიანებით, ბერაიამ აქუბარდიას მიმართ ნათქვამის გამო, ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ იქვე ისიც თქვა, რომ მათთვის [ქართული ოცნებისთვის] "ძალიან მტკივნეული და მძიმეა", როდესაც რუსეთის ინტერესების გატარებაში დებენ ბრალს — "არასდროს შევეგუებით, რადგან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის", — თქვა მან.
- ნათქვამის გამო, ბოდიში ჯერ არ მოუხდია ალუდა ღუდუშაურს.
- "არ იყო მოსაწონი ჩვენი მეგობრების მხრიდან გარკვეული ფრაზები, ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ", — ამბობს მამუკა მდინარაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე.
დღევანდელ განცხადებაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოლიდარულია ქალი დეპუტატების მიმართ: "მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს", — თქვა პრეზიდენტმა.
ქალი პოლიტიკოსების შეურაცხყოფა საზიანო საზოგადოებრივი გზავნილია
სტრიქონებს შორის: აღვნიშნოთ, რომ ზოგადად, პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, გენდერული ფაქტორის მიუხედავადაც მნიშვნელოვნად აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ხშირად, ამის მიზანია, პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღება პირად საკითხებზე გადაიტანონ, რაც პოლიტიკას შინაარსისგან ცლის.
ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლექსიკა ცუდ საზოგადოებრივ ეფექტს ახდენს, რადგან:
- ამით პოლიტიკაშიც თავს იჩენს საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპები, რაც ჯერ კიდევ სერიოზული საზოგადოებრივი პრობლემა და გამოწვევაა.
- ამყარებს მტრულ წარმოდგენებს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე.
- ქალების მიმართ, საჯაროდ გამოყენებული დამამცირებელი ლექსიკის ნორმალიზება პროვოცირებს ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების დონის ზრდას.
რა გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესზე პოლიტიკოსების ლექსიკა:
ეს იმაზე მეტად საზიანოა, ვიდრე, შესაძლოა, აღვიქვამთ. მიზეზი ბევრია, მაგრამ აქ რამდენიმეზე ვისაუბრებთ.
არა მხოლოდ დღეს და პარლამენტში, არამედ, ბოლო დროს, ქართული ოცნება ხშირად მიმართავს ოპონენტების მიმართ უპატივცემულო სიტყვებს. მათ დაქვემდებარებაში არსებული სამთავრობო მედია-რესურსებიდან კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეურაცხმყოფელი მეტსახელებითაც ხშირად მოიხსენიებენ.
- ეს აზიანებს პოლიტიკურ პროცესსა და პოლიტიკური დისკურსის ხარისხს.
- აზიანებს ნდობას პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ.
- ზრდის პოლარიზაციას — მას შეუძლია, მეტად დაყოს მოსახლეობა პარტიული ხაზებით.
-
ცუდი საზოგადოებრივი მაგალითია, რადგან პოლიტიკოსებს თავისთავად აქვთ გავლენა მოსახლეობაზე — განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე, რომლებსაც არაჯანსაღ წარმოდგენებს უქმნიან სამოქალაქო და პოლიტიკურ ჩართულობაზე.
-
აზიანებს კეთილდღეობას: იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსები მოსახლეობის მწვავე გამოწვევებზე ფიქრობდნენ და პრობლემის გადაჭრის გზებს გვთავაზობდნენ, ამით აქცენტი საქმიდან — კონფლიქტებსა და სენსაციაზე გადააქვთ.
- აფერხებს ეფექტურ მმართველობას.
კომენტარები