ისტორიაში პირველად, პლანეტა ურანზე ინფრაწითელი ციალი დააფიქსირეს
ასტრონომებმა კეკის ობსერვატორიიდან მზის სისტემის შორეულ პლანეტა ურანზე ინფრაწითელი ციალი დააფიქსირეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ეს მისი უჩვეულო მაგნიტური ველის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
დედამიწაზე ამგვარი ნათება მაშინ წარმოიქმნება, როცა მზის ქარის შემადგენელი მაღალენერგიული ნაწილაკები ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს. სწორედ ამის შედეგად ჩნდება ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლარული ციალი. მას ავრორასაც უწოდებენ და ის აქამდე სხვა ციურ სხეულებზეც შეუნიშნავთ, მათ შორის იუპიტერსა და მის ბუნებრივ თანამგზავრებზე.
ურანზე პირველად ასეთი ფენომენი 1986 წელს, ზონდ Voyager 2-ის მეშვეობით გამოვლინდა, თუმცა ეს ულტრაიისფერი ნათება იყო. აქამდე იქ ინფრაწითელი ციალი დაფიქსირებული არ ყოფილა. მსგავს პლანეტებზე ავრორა ხილულ სპექტრში დაკვირვებადი არაა (ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს), რადგან მას სხვა ტალღური სიგრძეები ახასიათებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ურანის ატმოსფეროში წყალბადისა და ჰელიუმის სიჭარბეა, როცა დედამიწისაში მეტწილად აზოტი და ჟანგბადი გვხვდება.
ურანის სპექტრული მონაცემების ანალიზისას მეცნიერებმა ყურადღება დამუხტულ ნაწილაკ H3+-ზე გაამახვილეს, რომლის სიკაშკაშეც ატმოსფეროს ტემპერატურისა და სიმკვრივის მიხედვით იცვლება. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისი დონე 88%-ით გაიზარდა, რაც ციალთან დაკავშირებულ პროცესებზე მიანიშნებს.
ავტორთა თქმით, ასეთ ციურ სხეულებზე ტემპერატურა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ მზისგან გათბობითაა მოსალოდნელი. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამის მიზეზი სწორედ ენერგიული ნათებებია, რომლებიც სითბოს წარმოქმნის და მას მაგნიტური ეკვატორისკენ უბიძგებს
ურანისა და ნეპტუნის მაგნიტური ველები უჩვეულოა, რადგან უცნობი მიზეზის გამო მათი განლაგება ციური სხეულების ბრუნვის ღერძთან შესაბამისობაში არაა. იქაური ავრორას შესწავლამ შესაძლოა, ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს და დედამიწაზე მიმდინარე პროცესებშიც (მაგალითად, პოლუსების გადანაცვლებაში, რაც ურანზე ხშირია) უკეთ გაგვარკვიოს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები