პლუტონზე ქართველი ასტრონომის სახელობის კრატერი შესაძლოა, ყინულოვანი სუპერვულკანი იყოს
მზის სისტემაში არსებულ ჯუჯა პლანეტა პლუტონზე არის კრატერი Kiladze, რომელიც ქართველი ასტრონომის, როლან კილაძის, სახელს ატარებს. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მის მიერ ფოტომეტრიის, ასტრომეტრიისა და დინამიკის ადრეული კვლევების მნიშვნელობის აღსანიშნავად ასეთი გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო. მანამდე, 1996 წელს, მეცნიერის სახელი მცირე პლანეტას უწოდეს (4737 Kiladze).
ახალი კვლევის ფარგლებში, სპეციალისტებმა სწორედ ზემოხსენებული კრატერი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ შესაძლოა, ეს ყინულოვანი სუპერვულკანი, იგივე კრიოვულკანი, იყოს. მსგავსი წარმონაქმნებიდან არა ლავა და ფერფლი, არამედ ყინულის ფრაგმენტები იფრქვევა და საოცარ სანახაობას ქმნის.
კილაძის სახელობის კრატერი Hayabusa Terra-დ წოდებულ რეგიონშია განლაგებული და დაახლოებით 44 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული. იქიდან ე.წ. კრიოლავა ათასობით კილომეტრ სიმაღლეზე იფრქვევა. მსგავსი ფენომენი იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის ბუნებრივ თანამგზავრებზეა დაფიქსირებული. 2015 წელს კი სათანადო პირობები გამოავლინეს პლუტონზეც.
"პლუტონის ზოგიერთ რეგიონში დაკვირვებად ვულკანიზმს შინაგანი სითბოც უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ არ ვიცით, რამდენადაა იქ გრუნტქვეშა ოკეანე და ამ ჯუჯა პლანეტის ფორმირების დროინდელი ნივთიერებები", — აცხადებენ მეცნიერები.
აღნიშნული ციური სხეულის თითქმის მთლიანი ზედაპირი მეთანითა და აზოტის ყინულითაა დაფარული, შესწავლილი კრატერი კი წყლის ყინულითაა მდიდარი და ამიაკსაც შეიცავს. ეს პლუტონის სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე მიანიშნებს, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რა არის ავტორთა მიერ ხსენებული სითბოს წყარო.
იმის შესახებ, რომ ეს კრატერი რაიმესთან შეჯახების შედეგად არაა წარმოქმნილი, სპეციალისტებს მისმა დარღვეულმა მორფოლოგიამ მიანიშნა, მათ შორის ნაპრალებმა და კოლაფსირებულმა ადგილებმა.
მიიჩნევა, რომ ციური სხეულის კრიოვულკანიზმი შიდა სითბოთია გამოწვეული, რომელიც ყინულს ზედაპირისკენ უბიძგებს. ვარაუდობენ, რომ სითბოს ობიექტის მყარ ბირთვში არსებული ელემენტების რადიოაქტიური დაშლა წარმოქმნის, რომელიც შესაძლოა, ოკეანის ან წყლის პატარა რეზერვუარების ფორმირებას უწყობდეს ხელს.
ასევე, ზედაპირზე ამიაკისა და წყლის ყინულის ერთობლიობა მის პლუტონისშიდა წარმომავლობაზე მიუთითებს. ამიაკი წყლის ყინვის ზღვარს დაბლა წევს, ამიტომ ეს ნაერთი "დინებას" ემორჩილება, რისი წყალობითაც კრიოვულკანიდან იფრქვევა.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები