ნახეთ: NASA-ს ზონდმა იუპიტერის ატმოსფეროში "სახე" დააფიქსირა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ზონდმა ჯუნომ 7 სექტემბერს იუპიტერს ახლოს ჩაუარა. ეს მზის სისტემის უდიდეს პლანეტასთან რიგით 54-ე ჩაფრენა იყო, რა დროსაც აპარატმა სურათები გადაიღო.
NASA-მ ახლახან ერთ-ერთი ასეთი კადრი გამოაქვეყნა, რომელიც აირის გიგანტად წოდებული ციური სხეულის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე არეალს გვიჩვენებს, სახელად Jet N7.
მასზე იუპიტერის ატმოსფეროში, დღე-ღამის გამყოფ ზონაში, არსებული ტურბულენტური ღრუბლები და შტორმებია აღბეჭდილი. მზის ცვალებადი სინათლე იქ რთულ ტოპოგრაფიას გამოკვეთს, რომლის შესწავლის გზითაც მეცნიერები ამ პლანეტაზე მიმდინარე პროცესებს იკვლევენ.
აღნიშნულ სურათს ის გამოარჩევს, რომ ღრუბლები და შტორმები ერთად უცნაურ სახეს მოგვაგონებს, რომელზეც თვალების ადგილას 2 უზარმაზარი მორევია, ცხვირი და ტუჩები კი ღრუბელთა სარტყლების მიერაა ფორმირებული.
ეს ფენომენი პარეიდოლიის სახელითაა ცნობილი. მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა ადამიანი ერთმანეთთან დაუკავშირებელ 2 ობიექტს ამსგავსებს. ამის ყველაზე მარტივი მაგალითია, როცა ღრუბლებში ცხოველებისა თუ მცენარეების ფორმებს ვხედავთ.
რაც შეეხება ჯუნოს მიერ დაფიქსირებულ "სახეს", სურათი, რომელზეც ისაა ნაჩვენები, მოყვარულმა მეცნიერმა, ვლადიმირ ტარასოვმა, დაამუშავა. მან ამისთვის ზონდზე დამონტაჟებული ხელსაწყოს JunoCam მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენა, რომელიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
კადრი იუპიტერის ღრუბლების ზედა ფენიდან 7 700 კილომეტრი მანძილიდანაა გადაღებული.
კომენტარები