ინდოეთი მთვარეზე ასტრონავტებს 2040 წლისთვის გაუშვებს — ქვეყნის კოსმოსური გეგმები
2023 წლის 23 აგვისტოს ინდოეთმა მისია Chandrayaan-3-ის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე მავალი და დასაშვები მოდული დასვა, რაც აქამდე მხოლოდ აშშ-მა, საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა მოახერხა. ახლა ქვეყანა იქ უკვე ასტრონავტების გაშვებას აპირებს, რაც 2040 წლისთვის იგეგმება. მანამდე, 2035 წლისთვის, მათ დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური სადგურის შექმნა სურთ.
ახლახან გამართულ სამთავრობო შეხვედრაზე, რომელიც ინდოეთის კოსმოსურ პროგრამას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა, ნარენდა მოდიმ, განაცხადა, რომ ქვეყანამ შემდეგი ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. მათ შორისაა დამატებითი რობოტული მისიები, ახალი გამშვები პლატფორმა და რაკეტა.
ადამიანთა კოსმოსური ფრენების ინდური პროგრამა Gaganyaan-ის სახელითაა ცნობილი და ის დედამიწის დაბალ ორბიტაზე 2025 წელს 3 ასტრონავტის გაგზავნას ითვალისწინებს. ეს 20 მთავარ ტესტს მოიცავს. მათგან 3 ამ და მომდევნო წელს უეკიპაჟო ფრენა იქნება, რათა რაკეტა გამოცადონ.
პირველი საცდელი მისია, Test Vehicle Demonstration 1 (TV-D1), 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ის გვიჩვენებს, რამდენად გამართულია ეკიპაჟის გამოსათავისუფლებელი სისტემა და პარაშუტები რომელთა მეშვეობითაც დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ხომალდის მოძრაობის სიჩქარე უნდა შემცირდეს.
ინდოეთი გეგმავს, რომ 2030-იანი წლების შუა პერიოდში ჩვენი პლანეტის ორბიტაზე, ხმელეთიდან 400 კილომეტრის მოშორებით, 20-ტონიანი კოსმოსური სადგური შექმნას. იქ ასტრონავტები ერთი მისიის განმავლობაში 15-20 დღეს გაატარებენ. ქვეყანას ვენერაზე ზონდის Shukrayaan-1 გაგზავნაც სურს, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს.
აპარატს კიდევ ერთხელ გაუშვებენ მარსზეც, რაც მისია Mars Orbiter Mission 2-ის ფარგლებში მოხდება. მისი წინამორბედი ზონდი წითელი პლანეტის ატმოსფეროს 8 წელი იკვლევდა, 2022 წელს კი მასთან კონტაქტი დაკარგეს.
რაც შეეხება მთვარეს, იქ ასტრონავტებს ინდოეთამდე აშშ 2025 წელს გაუშვებს, რაც ბოლო 50 წელში პირველად მოხდება. მისია Artemis 3 კაცობრიობას დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დააბრუნებს.
კომენტარები