ნახეთ: მზის სისტემის ყველაზე ვულკანური ობიექტის გასაოცარი სურათები
NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Juno-მ 15 ოქტომბერს იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრ იოს ჩაუარა, რომელიც მზის სისტემაში ვულკანურად ყველაზე აქტიური ციური სხეულია. აპარატმა მის ლავით დაფარულ ზედაპირს სურათები გადაუღო, რომლებიც აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
ვულკანური აქტიურობის კვალი მის მთლიან ზედაპირზე ცხადად ჩანს. ამან დამდნარი სილიკატური ლავის ერთგვარი ტბების წარმოქმნა განაპირობა, ამიტომ იქ მოყავისფრო-მოწითალო არეალები მრავლადაა. მსგავსი ლანდშაფტის ამსახველი ახალი კადრები ზონდის მონაცემების გამოყენებით მოყვარულმა მეცნიერებმა დაამუშავეს.
იოზე ასობით ვულკანია, რომლებიც მუდმივად იფრქვევა, იქიდან კი გოგირდის შემცველი აირი გამოიყოფა და ატმოსფეროში ათასობით კილომეტრ სიმაღლეზე ადის. ის იმ 92 ობიექტთაგანია, რომლებიც იუპიტერის გარშემო გადაადგილდება. ასევე, ე.წ. გალილეისეული თანამგზავრებიდან ერთ-ერთია. ისინი გალილეო გალილეიმ 1610 წელს აღმოაჩინა.
იო მთვარეზე ოდნავ დიდია და მზის სისტემაში არსებულ მსგავს ციურ სხეულებს შორის ზომით მეოთხე ადგილზეა.
ზონდზე დამონტაჟებული კამერის JunoCam მიერ გადაღებული სურათებზე მას მკაფიოდ ვხედავთ. NASA-მ ეს კადრები ხანმოკლე ვიდეოშიც გააერთიანა, რომელშიც იო სხვადასხვა კუთხიდანაა ნაჩვენები.
Juno-ს მიერ დაფიქსირებული კადრები ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი და მათი დამუშავება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. სწორედ ამგვარად მივიღეთ ზემოთ წარმოდგენილი სურათები, რომლებიც მოყვარული მეცნიერების შრომის შედეგია. კერძოდ, ფოტოების ფერების რეკონსტრუქციის და რამდენიმე კადრის ერთმანეთზე დადების, რითაც ახალი დეტალები იკვეთება.
კომენტარები