მოკლედ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა.

დეტალები: On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ

  • მომხდართან დაკავშირებით, საქმე 140-ე მუხლით აღიძრა, ეს გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლამდე პირთან.
  • ადგილობრივმა მედიამ, რადიო მარნეულმა დაწერა, რომ სამართალდამცავებისთვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 14 წლის გოგომ იმშობიარა.


რატომ არის მნიშვნელოვანი? ეს არ არის ნაადრევ ასაკში მშობიარობის ერთეული შემთხვევა.

  • ბავშვობაში ქორწინება პრობლემაა მთელს ქვეყანაში, თუმცა, რეგიონებში — მეტად.
  • ჯერ კიდევ 2018 წელს, ქალაქის ტიპის მაცხოვრებელი 20-24 წლის ასაკის ქალების 8% "დაქორწინებული" იყვნენ 18 წლის ასაკამდე;
  • იმავე პარამეტრებით, სოფლის ტიპის დასახლებებში ქალების 25% იყო "დაქორწინებული", ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე.

განახლებული მონაცემებით:

  • საქსტატის 2021 წლის ანგარიშით, 15-დან 19 წლის ასაკის ქალებში შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტია 24.8 — ასე ითვლის სახელმწიფო გარკვეული ასაკის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რიცხოვნობას, შესაბამისი ასაკის 1 000 ქალზე.
  • გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის 2022 წლის მონაცემებით, ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს.
  • 2022 წელს, 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, აქედან 434-მა იმშობიარა.
  • 2022 წელს, ადრეულ ასაკში ქორწინების 400 შემთხვევაა აღრიცხული და ეს მონაცემი მკვეთრად აღემატება გასულ წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას, — წერს სახალხო დამცველი — აქედან შსს-მ შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.


პრობლემაა, რომ:

  • UNFPA-ს მიხედვით, არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში, უწყებების მხრიდან, უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა;
  • საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, 39 საქმიდან, 29 საქმეზე (74%) დაიდო საპროცესო შეთანხმება;
  • საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა, განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვანის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე;

სტრიქონებს შორის: ფსიქო-ემოციური ტრავმის გარდა, ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოები, ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას ან ექმნებათ სხვადასხვა ბარიერი და დაბრკოლება სკოლაში სასიარულოდ და საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად;

  • კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, რის გამოც უმეტესად არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ;
  • წინა წლებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს დეტალურად სეგრეგირებულ სტატისტიკას ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.


რაში ხედავს გამოსავალს ომბუდსმენი: 2022 წელს, სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა, შემუშავდეს საკანონმდებლო პაკეტი, სექსუალური ძალადობის კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან მისასადაგებლად.

  • განათლების სამინისტრომ უნდა მოამზადოს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ;