რა არის აფრიკის ქვეშ?
აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეშ დედამიწის მანტიის უღრმესი ნაწილია, სქელი შრის, რომელიც ჩვენი მშობლიური ციური სხეულის ბირთვს აკრავს გარს. ამ არეალში ორი უზარმაზარი მასაა, რომლებიც პლანეტის მოცულობის 3-9%-ზეა პასუხისმგებელი.
დედამიწის ზედაპირის მიღმა არსებული ასეთი არეალების პირდაპირ გამოკვლევა, რა თქმა უნდა, ძნელია, რადგან მათგან დიდი მანძილი გვაშორებს. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ სეისმური ტალღების მეშვეობით. აღნიშნულ ტექნიკას სეისმური ტომოგრაფია ეწოდება და ის საკმაოდ ეფექტიანია.
როცა მიწისძვრები ხდება, ენერგიის ტალღები პლანეტის სიღრმეში, სხვადასხვა მიმართულებით, გადაადგილდება. მსოფლიოს მასშტაბით ასეთი სიგნალების გაზომვის გზით ციური სხეულის შიდა რეგიონის რუკის შედგენაა შესაძლებელი, რადგან მკვრივ და თხევად ადგილებში ტალღები სხვადასხვაგვარი სისწრაფით მოძრაობს. ამის მიხედვით მეცნიერები ადგენენ, როგორ მატერიასთან აქვთ საქმე.
სწორედ ამ მეთოდით გამოავლინეს სპეციალისტებმა ორი გიგანტური მასა, რომელთა მიმდებარედაც ენერგიის ნაკადები შედარებით ნელა გადაადგილდება. აფრიკის ქვეშ არსებულ მსგავს ადგილს "Tuzo" ეწოდება და მისი სიმაღლე დაახლოებით 800 კილომეტრია, ანუ ევერესტზე ბევრად დიდია.
მაინც, რა არის ეს?
მეცნიერები ფიქრობენ, რომ რადგან ზემოხსენებული მასები გარემომცველი მანტიისგან სიმკვრივით გამოირჩევა, ის სხვა მატერიისგან უნდა შედგებოდეს. ზუსტ სიმკვრივეს მხოლოდ სეისმური ტომოგრაფიით ვერ ვადგენთ, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ბევრია.
ერთ-ერთი გავრცელებული ჰიპოთეზა ისაა, რომ ეს ზონები ოკეანური ქერქის ნაწილებია, რომლებიც ასობით მილიონი წლის განმავლობაში დაგროვდა და "ჩაიძირა". მეორე მოსაზრებით, ისინი მზის სისტემის ადრეული პლანეტის, თეიას, ფრაგმენტებია. ის დედამიწას 4.5 მილიარდი წლის წინ შეეჯახა, რის შედეგადაც მთვარე წარმოიქმნა.
ამ ჰიპოთეზის თანახმად, დედამიწის შიგნით არსებული 2 გიგანტური მასა სწორედ თეიას შემადგენელი მატერია უნდა იყოს, რომელიც ჩვენს პლანეტას შეერწყა, მაგრამ განსხვავებული სიმკვრივე შეინარჩუნა.
დედამიწის წიაღის შესასწავლად საჭირო ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება, ამიტომ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ წარმონაქმნების შესახებ მეტს გავიგებთ.
კომენტარები