ზოგიერთი ადამიანი ტკივილის მიმართ უფრო სენსიტიურია და ამაში ნეანდერტალელების გენებია დამნაშავე
ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ ნეანდერტალელების გენები ტკივილის მიმართ უფრო სენსიტიურს გვხდის. საუბარია გენის სამ ვატიანტზე, რომელიც სახსრებს, ხერხემალსა და რბილ ქსოვილებს ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.
ახალმა კვლევამ 2020 წლის კვლევა განავრცო.
"2020 წელს სხვა მეცნიერებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად ტკივილის მიმართ მეტი სენსიტიურობა ნეანდერტალელების გენებთან დააკავშირეს", — თქვა პიერ ფოუსმა, კვლევის პირველმა ავტორმა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის გენეტიკოსმა.
2020 წლის კვლევამ დაადგინა, რომ თანამედროვე ადამიანების გარკვეული ნაწილი ნატრიუმის არხის Nav1.7-ის ნეანდერტალულ ვარიანტს ატარებს. ეს ვარიანტი ნოციცეპტორების ნერვულ უჯრედებში აღმოაჩინეს. ნოციცეპტორები პერიფერიული ნერვული სისტემის ნაწილია, რომელიც აკავშირებს ტვინსა და ზურგის ტვინს უჯრედებთან. საუბარია უჯრედებზე, რომლებიც შეხების, სუნისა და ტკივლის აღქმაზეა პასუხისმგებელი.
მაშინდელმა კვლევამ დაასკვნა, რომ სამი ვარიანტი — M932L, V991L და D1908G — ნეანდერტალელებთანაა დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ეს გენები დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 0,4%-ში აღმოაჩინეს.
რას ამტკიცებს ახალი კვლევა?
ახალი კვლევის მიზანი წინა კვლევის გეოგრაფიული და დემოგრაფიული შეზღუდვების გადალახვა იყო. მკვლევრებს ეს ნეანდერტალელების Nav1.7 ვარიანტის შედარებით მაღალი სიხშირის მქონე პოპულაციის გამოკვლევით სურდათ.
"ჩვენ ლათინური ამერიკის მოსახლეობა შევისწავლეთ. შედეგმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელების გენების ეს ვარიანტები ადგილობრივი წარმოშობის ადამიანებში უფრო ხშირია. ასევე გამოვიკვლიეთ ეფექტი თუ როგორ აისახება ეს ტკივილზე", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერებმა 5 971 ინდივიდი შეისწავლეს. კვლევის მონაწილეები იყვნენ ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, მექსიკიდან და პერუდან. ამ ადამიანების წარმოშობის 46% ამერიკის კონტინენტთან იყო დაკავშრებული, ხოლო 49,6 და 4,4% შესაბამისად ევროპასა და აფრიკასთან იყო კავშირში.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნეანდერტალელის სამი ვარიანტი ყველაზე გავრცელებული იყო პერუს პოპულაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ტკივილის მიმართ.
"როგორც ჩანს, ის ჰომო საპიენსები, რომლებიც ნეანდერტალელებთან შედარებით უფრო ხშირად წყვილდებოდნენ, საბოლოოდ ამერიკის კონტინენტზე მოხვდნენ", — აღნიშნულია კვლევაში.
ის თუ რატომ იყვნენ ნეანდერტალელები ტკივილის მიმართ უფრო სენსიტიურები მკვლევრებს ამაზე პასუხი არ აქვთ.
კომენტარები