მონეტის აგდება 50%-იან შედეგს სულაც არ იძლევა — კვლევა
მონეტის აგდების მეთოდი სპორტში დღესაც აქტიურად გამოიყენება, რადგან მიიჩნევა, რომ ის შემთხვევითობის პრინციპით, 50/50 შანსით, ერთ ან მეორე მხარეც ეცემა. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის თანახმად, ეს ასე სულაც არაა.
აღნიშნული ხერხის შესამოწმებლად მეცნიერებმა მოხალისეებს მონეტა 350 757-ჯერ ააგდებინეს და შედეგების სტატისტიკა გამოთვალეს. მათ დაასკვნეს, რომ 50%-იანი შანსი სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, მათემატიკოსმა პერსი დიაკონისმა, გუნდთან ერთად, დაადგინა, რომ მონეტის აგდებისას მასზე მცირედით ვზემოქმედებთ და ერთგვარ რხევას ვიწვევთ.
"დიაკონისის მოდელის თანახმად, პრეცესია (რხევა) მონეტას ჰაერში უფრო დიდხანს აჩერებს იმ მხრით ზემოთ, რომელიც თავიდანვე მაღლა იყო მოქცეული. შესაბამისად, მეტი შანსია, რომ ის პირვანდელი ნაწილით დაეცეს", — ამბობენ სპეციალისტები.
გუნდის გამოთვლები მიუთითებს, რომ დაახლოებით 51%-ია შანსი, მონეტა იმავე მხარეს დაეცეს, რითაც ააგდეს. მათ კვლევაში 48 მოხალისე ჩართეს, რომელთაც 46 სხვადასხვა ვალუტის მონეტა 350 757-ჯერ ააგდეს.
ამ ექსპერიმენტის ამსახველი კადრებიც არსებობს.
ასევე, აღმოჩნდა, რომ შედეგები მონეტის ამგდებ ადამიანებში ცვალებადია. მაგალითად, ზოგი ინდივიდის შემთხვევაში ზემოხსენებული, დაახლოებით 51%-იანი მაჩვენებელი მკაფიოდ გამოიკვეთა, დანარჩენში კი არა. ამას მკვლევრები რხევის სხვადასხვა ხარისხით ხსნიან.
"თუ მონეტის აგდებაზე ნაძლევს 1 დოლარზე დადებ (1 დოლარის გადახდით და შედეგის მიხედვით 0-2 დოლარის მოგებით) და ამას 1000-ჯერ გაიმეორებ, საწყისი მხრის ცოდნა საშუალოდ 19 დოლარს მოგაგებინებს", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები