ანტარქტიკაში უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა — ნახეთ კოსმოსიდან გადაღებული კადრები
ანტარქტიკის რეგიონში არსებულ კუნძულ კლარენსს ახლახან დიდი ზომის აისბერგი შეეჯახა, რაც დედამიწის ორბიტიდან NASA-ს ხელოვნურმა თანამგზავრმა გადაიღო.
D-30A-ს სახელით ცნობილი აისბერგი 72 კილომეტრი სიგრძისა და 20 კილომეტრი სიგანისაა. ის 2021 წელს ყინულის უფრო მოზრდილი მასის ორად გაყოფის შედეგად წარმოქმნილი D-30-ის უდიდესი ფრაგმენტია. ეს ობიექტი კონტინენტს დასავლეთით მიუყვებოდა, თუმცა 2022 წლის მიწურულს მოულოდნელად ტრაექტორია შეიცვალა და კლარენსისკენ შემხვედრი მიმართულებით დაიძრა.
აღნიშნული კუნძული ზედაპირის ფართობით მასზე დაახლოებით 10-ჯერ პატარაა და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებში ერთიანდება. ასევე, მათ შორის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობს. 6 სექტემბერს კლარენსის სამხრეთ ნაწილს აისბერგი შეეჯახა, შემდეგ კი მის გარშემო დატრიალდა და რამდენიმე დღეში ჩამოშორდა.
უნდა ითქვას, რომ ეს კუნძული Pygoscelis antarcticus-ის სახეობის პინგვინებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ყოველ ზამთარს დაახლოებით 100 000-იანი პოპულაცია იყრის თავს. მდედრები იქ კვერცხებს დებენ და ინახავენ, ამიტომ მეცნიერები შიშობდნენ, ხომ არ შეუქმნიდა საფრთხეს მათ აისბერგი. ამის მიუხედავად, ეს ეჭვები მალე გაქარწყლდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ფრინველები ჯერ იქ არ იყვნენ.
მსგავსი შეჯახებები ცხოველებისთვის საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ყინულის გიგანტური მასა წყლის ბინადრებს ზედაპირზე ამოსვლასა და საკვების მოპოვებაში უშლის ხელს. აისბერგის გავლენით იცვლება წყლის ტემპერატურაცა და მარილიანობაც, განადგურების რისკის ქვეშაა ფსკერზე არსებული ეკოსისტემა და ირღვევა კვებითი ჯაჭვი.
ამგვარი საშიშროება წამოიჭრა 2020 წელს, როცა იმ დროისთვის უდიდესი აისბერგი A-68A სამხრეთ ჯორჯიის კუნძულის მიმართულებით მოძრაობდა. ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ის იქ რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყინულის მასა კუნძულს ასცდა და ფრაგმენტებად დაიშალა.
ხმელეთთან ახლოს აისბერგის "გაჭედვას" გადაურჩა კლარენსიც, რაც, სავარაუდოდ, ღრმა ფსკერის დამსახურებაა. შედეგად, D-30A-მ წყალში გადაადგილება განაგრძო და კუნძულის ბინადრებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. სპეციალისტების თქმით, ეს რომ რამდენიმე თვის შემდეგ მომხდარიყო, პინგვინები რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ და შეჯვარების სეზონი წარუმატებლად ჩაივლიდა.
D-30A ახლა დრეიკის სრუტისკენ მიემართება, სადაც დიდი აისბერგები თბილ დინებებში ექცევა და ნადგურდება.
კომენტარები