რატომაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭრელი სკამები? — რას მალავს გადატვირთული ქსოვილი
ალბათ, დაჰკვირვებიხართ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტში ხშირად ჭრელი სკამები გვხვდება — ექსცენტრული, ხასხასა, ხშირად ასიმეტრიული და ქაოსური ორნამენტებით. არც მეტი, არც ნაკლები, ასეთი ნაჭერი ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის დაფარვას ემსახურება.
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სკამების დიზაინი და მათი დანიშნულება ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგიერთი ორნამენტი იმაზე მიუთითებს, ვინ უნდა მოთავსდეს ადგილზე. მაგალითად, სკამების ნაწილი მოხუცებისთვის, ორსულებისთვის, დაშავებულებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის არის განკუთვნილი.
ზოგჯერ ნაჭერზე სულაც ის ქალაქია გამოსახული, რომელშიც ავტობუსი მოძრაობს.
ამას გარდა, ჭრელ ორნამენტებს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც აქვს: ლაქებს კარგად მალავს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყენებს. გარდა ბუნებრივად გაჭუჭყიანებისა, ისიც შესაძლებელია, რომ ვინმეს სკამზე რაიმე დაექცეს. შესაბამისად, ამ დანიშნულების სკამებისთვის მარტივი და მინიმალისტური დიზაინი ცუდი გადაწყვეტილება იქნება — დაახლოებით ისეთივე, საჭმლის მომზადებისას რომ თეთრი მაისური ჩაიცვათ.
მარტივად რომ ვთქვათ, ქსოვილის ორნამენტებით გადატვირთვა მასზე ლაქებს უფრო შეუმჩნეველს ხდის.
აღსანიშნავია, რომ მიზეზი თავად დიზაინის უნიკალურობასაც ჰქონდა. ზოგიერთ ადგილას სკამებზე არსებული ქსოვილი დიზაინის ცნობილი სიმბოლოც გახდა. ტექსტილის არტისტები ცდილობდნენ, რომ ქსოვილი ყველანაირ განათებაზე კარგი შესახედი ყოფილიყო. ისინი შთაგონებას ყველაფრისგან იღებდნენ, ბუნება იქნებოდა ეს თუ ცნობილი ხელოვანები.
შენიშნავდით იმასაც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სკამებზე არსებული ქსოვილი ჩვეულებრივი არაა და დივანზე ვერ შეხვდებით. ესეც შესაბამის მიზანს ემსახურება.
როგორც ლონდონის ტრანსპორტის მუზეუმიდან ახსნეს, ეს ხალიჩის მსგავსი ერთგვარი ქსოვილია, რომლის 85% შალისგან შედგება, 15% კი — ნეილონისგან. მას უკვე 100 წელზე მეტია იყენებენ ავტობუსების, მატარებლებისა თუ ტროლეიბუსების სკამებზე.
"იგი დაზგაზე იწარმოება ჟაკარდული საქსოვი ტექნიკის გამოყენებით", — განმარტეს მუზეუმში — "საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ეს ქსოვილი ორი მიზეზით შეირჩა. პირველ რიგში, იგი რთულად იცვითება და გამძლეა. მეორე მხრივ, მისი ფერი და ორნამენტები ჭუჭყის, გაცვეთისა და გახეული ადგილების კვალს ფარავს. ამ ყველაფრის გარდა, ამ ქსოვილს ის უპირატესობაც ჰქონდა, რომ მისი მასობრივი წარმოება იაფი და მარტივი იყო".
ამრიგად, თუ დაფიქრდებით, უჩვეულო დეკორს თავისი მიზეზები ნამდვილად აქვს. უბრალოდ ძალიანაც არ დააკვირდეთ...
კომენტარები