მეცნიერებმა დაკარგულ ეგვიპტურ აკლდამას მიაგნეს, რომელშიც 4 400 წლის მუმიაა
ჩეხმა არქეოლოგებმა ხელახლა აღმოაჩინეს აკლდამა, რომელიც ძველეგვიპტელ პტახშეპსესს, ფარაონის მოხელეს, ეკუთვნის. ის 4 400 წლის წინ ცხოვრობდა და დღემდე მისი მუმიფიცირებული ნაშთებიცაა მოღწეული. ჩეხეთის ეგვიპტოლოგიის ინსტიტუტის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ სამარხს აბუსირისა და საკარას არქეოლოგიურ ზონებს შორის მიაგნეს.
"ძებნა რთული იყო და ამან რამდენიმე წელს გასტანა. არეალის ამსახველმა დეტალურმა სატელიტურმა სურათებმა და ძველი რუკების შესწავლამ 2022 წელს პტახშეპსესის აკლდამის ხელახლა აღმოჩენა გახადა შესაძლებელი", — წერია პოსტში.
პირველად ამ სამარხს დაახლოებით 160 წლის წინ მიაკვლიეს და ნაწილობრივ ამოთხარეს. იქ ცრუ, სიმბოლური კარი იპოვეს, რომელსაც ეგვიპტელები საფლავებში დაღუპული ადამიანისთვის ათავსებდნენ, რათა მას იქ "შესვლა" და "გამოსვლა" შესძლებოდა. მას შემდეგ ეს ადგილი ქვიშით დაიფარა.
იქიდან ამოღებული არტეფაქტები ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. თავად კარი ამ ინდივიდზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, ვიგებთ, რომ მან განათლება ფარაონ მენკაურას მმართველობისას მიიღო და მოგვიანებით ფარაონ უსერკაფის შვილზე იქორწინა, რაც ეგვიპტის ისტორიაში სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე არასამეფო წარმომავლობის ადამიანის ქორწინების ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა.
ასევე, საინტერესოა, რომ აკლდამის შესასვლელის ზედა მხარეს ოსირისია ნახსენები. აქედან ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სწორედ პტახშეპსესი ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ღმერთების ეგვიპტურ პანთეონს ოსირისის სახელი შემატა.
საფლავი ნიუსერას მმართველობის დროინდელია, ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიის რიგით მეექვსე ფარაონის. მეცნიერები ამბობენ, რომ პტახშეპსესი პოლიტიკურად, ისტორიულად და რელიგიურად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ამიტომ მისი აკლდამის ხელახლა აღმოჩენა აღსანიშნავი მიგნებაა.
2022 წლის ექსპედიციის დროს არქეოლოგებმა 42 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის მასტაბა, ანუ სამარხი ამოთხარეს. იქ მათ შესასვლელში არსებულ ფერად დეკორაციებს, სერდაბებსა (ქანდაკების სათავსო სტრუქტურას) და გრძელ კორიდორს მიაკვლიეს. 2023 წელს გუნდი უკვე თავად საფლავში შევიდა, რომელიც კირქვის უზარმაზარი ლოდით იყო დაფარული. ის ადრეულ წლებში გაძარცვეს, მაგრამ თიხის ჭურჭელსა და სხვადასხვა შესაწირს მაინც შეიცავდა.
ასევე, იქ იყო მუმიფიცირებული თევზი, რომლის მსგავსიც აქამდე არ აღმოუჩენიათ. ნახევრად გახსნილ სარკოფაგში კი მუმიის ნაშთები დახვდათ. მეცნიერები კვლევას განაგრძობენ და იმედოვნებენ, რომ რაღაც ახალ კიდევ აღმოაჩენენ.
კომენტარები