ბრაზილიაში ნაპოვნი უცნაური ცხოველი მელიისა და ძაღლის ჰიბრიდი აღმოჩნდა
ბრაზილიაში "მაწანწალა ძაღლი" სრულიად ახალი ჯიშის ცხოველი აღმოჩნდა. გენეტიკური კვლევის მიხედვით, არსება სამხრეთ ამერიკული მელიისა და ძაღლის ნაჯვარია. მკვლევრების თქმით, მათ ასეთი რამ აქამდე არ დაუფიქსირებიათ.
ცხოველის გარეგნობამ მეცნიერების ყურადღება თავიდანვე მიიქცია. ის არ ჰგავდა არცერთ ძაღლს, თუმცა ყეფდა. და მაინც, წვეტიანი ყურები და გრძელი ნესტო სხვა რამეზე მიანიშნებდა.
ის არც ძაღლის საჭმელს ჭამდა და მხოლოდ ვირთხებს ეტანებოდა.
"ცხოველი არ იყო ისეთი მორჩილი, როგორც ძაღლი, მაგრამ არც ისეთი აგრესიულობით გამოირჩეოდა, როგორც ეს ველური ძაღლისებრისგანაა მოსალოდნელი", — განუცხადა The Telegraph-ს კონსერვაციონისტმა, რომელიც არსებას უვლიდა.
უცნაური არსება თავდაპირველად 2021 წელს იპოვეს. მას მანქანა დაეჯახა რა დროსაც მძიმედ დაშავდა. ამის შემდეგ მას ველური ცხოველების კონსერვაციისა და რეაბილიტაციის ცენტრში უმკურნალეს.
სამხრეთ ამერიკის ამ რეგიონში ძაღლისებრთა ოთხი სახეობაა გავრცელებული, მაგრამ ჩვენი მთავრი გმირი არცერთთან მოდიოდა თანხვედრაში.
გადარჩენილი ცხოველი Cerdocyon thous-ის სახეობისა და პამპას ჯიშის მელიას ჰგავდა. თუმცა, ამ ცხოველების ბეწვი უფრო ღია ფერისაა. მელიების ამ ორი სახეობის სახელების მიუხედავად ისინი ევროპულ მელიებს არ ჰგვანან და ძაღლებს ენათესავებიან.
ცხოველის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არსება პამპას მელიასა და შინაურ ძაღლს შორის შეჯვარების შედეგი იყო. ეს უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა გვარის ორი სახეობა ჯვარდება.
"ეს სახეობები ერთმანეთისგან 6,7 მილიონი წლის წინ გაიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, შეჯვარება მაინც შეუძლიათ", — ამბობენ მკვლევრები.
გადარჩენილ ცხოველს სულ 76 ქრომოსომა აღმოაჩნდა და ისინი შინაური ძაღლებისა და პამპას მელას მსგავსი იყო.
არსების დნმ-ის ანალიზის მიხედვით, მისი "დედა" მელია იყო, ხოლო "მამა" ძაღლი".
"ჯერჯერობით, არ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ ამ რეგიონში სხვა ჰიბრიდები არსებობს. თუმცა, ვეჭვობთ, რომ ჩვენ მიერ აღწერილი ეს შემთხვევა ერთადერთი არ უნდა იყოს", — განაცხადეს მკვლევრებმა.
კვლევა Animals-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები