ახალი სუპერკონტინენტის ფორმირებამ შესაძლოა, ძუძუმწოვრები გაანადგუროს
ახალი კვლევის თანახმად, 250 მილიონ წელში დედამიწაზე Pangaea Ultima-დ წოდებული ახალი სუპერკონტინენტის ფორმირება, დიდი ალბათობით, ძუძუმწოვრების განადგურებას გამოიწვევს. მეცნიერთა მიერ შექმნილმა მოდელმა აჩვენა, რომ ცხოველებს შეცვლილ კლიმატურ პირობებთან შეგუება გაუჭირდებათ.
ამ კლიმატური მოდელის მიხედვით, ახალ სუპერკონტინენტზე ხმელეთის ზედაპირის განსხვავებული ტემპერატურა იქნება. ამავე დროს, მოიმატებს მზის რადიაციის ინტენსივობა, ატმოსფეროში კი ნახშირორჟანგის დონე გაიზრდება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს მასობრივ გადაშენებას დაედება საფუძვლად.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლანეტის გეოლოგიურ წარსულში მსგავსი სუპერკონტინენტების წარმოქმნა 5 მასობრივ გადაშენებას დაემთხვა. ბოლო 2 მილიარდ წელში მაგმის კონვექციური დინებები ტექტონიკური ფილების დაშორებას და შემდეგ ისევ შეერთებას განაპირობებდა. ეს ციკლური პროცესი დაახლოებით ყოველ 600 მილიონ წელში ერთხელ იჩენს თავს, მომდევნო ასეთი ცვლილება კი 250 მილიონ წელშია მოსალოდნელი.
სუპერკონტინენტი Pangaea Ultima ძალიან ცხელი იქნება. მისი ეკვატორული ხმელეთი ოკეანეების გავლენით ვერ გაგრილდება, არამედ გააქტიურებულ ფაზაში მყოფი მზის 2.5%-ით მეტ რადიაციას შთანთქავს. ასევე, ვულკანების ამოფრქვევის გამო ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 1.5-ჯერ მოიმატებს.
მართალია, ძუძუმწოვრებს (მათ შორის ჩვენც) სიცხესთან გასამკლავებლად სხვადასხვა ბიოლოგიური მექანიზმი ეხმარება, როგორიცაა საოფლე ჯირკვლები, მაგრამ ეს პირობები შესაძლოა, მაინც დამღუპველი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ 40°C-ზე მეტ მშრალ სიცხესა და 35°C-ზე მეტ ტენიან სიცხეში მსგავსი მარეგულირებელი პროცესები ფერხდება. ამის გამო ცხოველებისთვის სასიცოცხლო პირობები ხმელეთის მხოლოდ 8%-ზე იქნება.
"დღესაც არსებობენ ძუძუმწოვრები, რომლებიც საჰარის მსგავს რეგიონებში ბინადრობენ, მაგრამ უცნობია, რამდენად შენარჩუნდებიან მათი შთამომავლები სელექციის შედეგად Pangaea Ultima-ზე და მოიპოვებენ თუ არა დომინანტობას", — აცხადებენ მეცნიერები.
ისინი არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ახალი სუპერკონტინენტის ჩამოყალიბებამ სიცოცხლე მთლიანად გაანადგუროს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ სიცხე მცენარეებს ფოტოსინთეზის საშუალებას აღარ მისცემს. ისინი ტემპერატურას უკეთ ეგუებიან, ამიტომ ამის რისკი მცირეა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები