ასტეროიდ ბენუდან აღებული ნიმუშები უკვე დედამიწაზეა — ნახეთ კაფსულის დაშვების კადრები
24 სექტემბერს, თბილისის დროით 18:52 საათზე, იუტის შტატის უდანოში კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ საკვლევი მასალა მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მოიპოვა. NASA-ს აქამდე მსგავსი მისია არ ჰქონდა განხორციელებული, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.
ზონდმა საერთო ჯამში 6.2 მილიარდი კილომეტრი გაიარა, ბენუმდე და შემდეგ დედამიწამდე. როდესაც ის ჩვენს პლანეტას 101 000 კილომეტრ მანძილზე მოუახლოვდა, 250 გრამი ფრაგმენტებისა და მტვრის შემცველი კაფსულა გამოათავისუფლა. ის ატმოსფეროში შემოსვლისას 43 450 კმ/სთ სიჩქარით, მაღალი ტემპერატურის პირობებში მოძრაობდა, თუმცა პარაშუტის წყალობით ხმელეთამდე უსაფრთხოდ მიაღწია. ამას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის იუტის საცდელ და მოსამზადებელ ზონაში დაშვების შემდეგ კაფსულა საკმარისად გაგრილდა, რათა საჰაერო ძალების წარმომადგენლებს მასთან მიკარება შესძლებოდათ. იქ სპეციალისტების გაგზავნამდე უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად ეს არეალი შეამოწმეს. ადგილზე მისულმა გუნდმა დაადასტურა, რომ კაფსულა არ დაზიანებულა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ის ვერტმფრენის მეშვეობით სათანადო ნაგებობაში გადაიტანეს და გახსნეს. ახლა მას ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ, სადაც სპეციალური შენობა ააგეს. ასტეროიდის გრუნტის შესწავლა შესაძლოა, მეცნიერებს მზის სისტემის ევოლუციისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმაროს.
"OSIRIS-REx-ის მთლიან გუნდს ვულოცავ. თქვენ ეს შეძელით! ეს მისია ადასტურებს, რომ NASA დიდებულ საქმეს აკეთებს, რომელიც შთაგვაგონებს, გვაერთიანებს და გვაჩვენებს, რომ ჩვენთვის მიუწვდომელი არაფერია", — განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა.
ნახეთ ჩვენ მიერ 2020 წელს მომზადებული ვიდეო მისია OSIRIS-REx-ზე:
როგორც ცნობილია, სააგენტო ბენუზე მოპოვებული ნიმუშების 25%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებას გაუგზავნის, 4%-ს კანადის კოსმოსურ სააგენტოს, 0.5%-ს კი იაპონიას. გრუნტის 70% ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დარჩება, სადაც მას მეცნიერები შეისწავლიან.
ეს 7-წლიანი მისიის წარმატებული დასასრულია. ზონდმა ბენუმდე 2018 წელს მიაღწია და დაგვანახა, რომ ეს ასტეროიდი მყარი სტრუქტურის არაა, არამედ ფრაგმენტირებულია. ამის გამო მისიაში ცვლილებები შეიტანეს, რომლებმაც გაამართლა.
კომენტარები