ნახეთ: დააფიქსირეს შორეული გალაქტიკა, რომელიც კოსმოსურ ყვავილს მოგვაგონებს
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდმა ტელესკოპმა "კოსმოსური ყვავილი" დააფიქსირა, რომელიც სინამდვილეში გრავიტაციულად ლინზირებული შორეული გალაქტიკაა.
ცენტრში დედამიწასთან უფრო ახლომდებარე გალაქტიკას მოწითალო წერტილის სახით ვხედავთ, რომლის მასაც ერთგვარ კოსმოსურ გამადიდებელ შუშას ქმნის. შედეგად, ჩვენი პერსპექტივიდან მის უკან მდებარე სხვა გალაქტიკიდან მომავალი სინათლე მრუდდება და გაოთხებულად ჩანს, როგორც "ყვავილის" მოთეთრო-მოცისფრო ფურცლები.
რომ არა გრავიტაციული ლინზირება, ამ გალაქტიკის გამოსახულებას ვერ დავინახავდით, რადგან ჩვენი პლანეტიდან დაკვირვებისას მას სხვა ობიექტები ეფარება. წინა ფონზე არსებული გალაქტიკის მასა სივრცეს ამრუდებს, შესაბამისად მრუდდება სინათლის სხივებიც და 4 ელვარე ლაქად დაიმზირება.
"ორი გალაქტიკის განსაკუთრებული განლაგების შედეგად, დამალული ობიექტი ცენტრალური 'ლინზის' გარშემო 4 გამოსახულების სახით ჩნდება და ჯვრის ან ყვავილის მსგავს ფორმას ქმნის, რომელსაც აინშტაინის ჯვარი ეწოდება", — განმარტავენ მეცნიერები.
ეს გალაქტიკები ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ისინი ძალიან დიდ ტელესკოპზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ Multi Unit Spectroscopic Explorer (MUSE) დააფიქსირა. მონაცემების მიხედვით, ცენტრალური ობიექტი მოწითალო იმიტომაა, რომ ხნიერი მნათობებისგან შედგება, მეორეში კი ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის აქტიური პროცესი მიმდინარეობს, რის გამოც ის მოლურჯოა.
"გალაქტიკიდან სინათლე ჩვენამდე მაშინ წამოვიდა, როცა სამყაროს ასაკი ამჟამინდელის დაახლოებით 20%-ის იყო, ამიტომ მისი შესწავლა ადრეულ კოსმოსში არსებული გალაქტიკების ფორმირების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას", — აცხადებენ ESO-ში.
მეცნიერთა ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები