ორი დიქტატორის შეხვედრა: კიმ ჩენ ინის სადღეგრძელო რუსეთის გამარჯვებისთვის და სხვა საინტერესო დეტალები
რა ხდება: ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი 12 სექტემბერს პირადი მატარებლით რუსეთში ჩავიდა.
- პრიმორსკის მხარეში, ხასანის სასაზღვრო სადგურზე მას რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელი და სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარე დახვდა.
- კოროვირუსის პანდემიის შემდეგ ეს კიმ ჩენ ინის პირველი საჯარო მოგზაურობაა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებს გარეთ.
- ამავდროულად, ის და პუტინი პირველად ხვდებიან ბოლო 4 წლის განმავლობაში — ინი რუსეთში ბოლოს 2019 წელს იმყოფებოდა.
- იაპონური და სამხრეთ კორეული მედიები წერდნენ, რომ ვიზიტის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვისკენ.
დიქტატორების შეხვედრა: მოლაპარაკებები ამურის რეგიონში, ვოსტოჩნის კოსმოდრომზე გაიმართა.
- შეხვედრის ცერემონიალი სამონტაჟო-გამოსაცდელ შენობაში იყო, სადაც ახალ ანგარის რაკეტას ამზადებენ.
- იქამდე კიმ ჩენ ინი ჯერ მატარებლით და მერე ბრონირებული მაიბახით მივიდა.
- რუსული პროპაგანდისტული მედიის კადრებში ჩანს, როგორ ართმევენ პუტინი და კიმ ჩენ ინი ხელს და უხდიან მადლობას მოწვევისა და ჩამოსვლისთვის.
- "ძალიან მიხარია თქვენი ნახვა", — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რა ხდებოდა მოლაპარაკებებზე: სახელმწიფო მედია TASS აღნიშნავს, რომ დელეგაციების მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, პუტინისა და კიმ ჩენ ინი კი პირისპირ თითქმის ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ.
- მათივე ინფორმაციით, შეხვედრის პრესისთვის ღია ნაწილში, რომელიც თარგმანის დროის ჩათვლით ათი წუთიც კი არ გაგრძელდა, პუტინმა გაიხსენა "განსაკუთრებული დრო", რომელშიც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და "დახმარება, რომელიც საბჭოთა კავშირმა კორეელებს გაუწია".
- ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა თქვა, რომ ფხენიანი ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას.
- "ახლა რუსეთი აღდგა წმინდა ბრძოლაში თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად და მისი უსაფრთხოების დასაცავად ჰეგემონური ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა", — აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
- "ვცდილობთ გავამყაროთ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის კავშირები. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი საერთო რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სახელით", — ამტკიცებდა პუტინი.
- "კორეაში არსებობს ანდაზა: "ტანსაცმელი კარგია ახალი, მაგრამ მეგობარი — ძველი". ჩვენს ხალხში კი ამბობენ: "ძველი მეგობარი უკეთესია, ვიდრე ორი ახალი". ეს ხალხური სიბრძნე სრულად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს", — ასე იწონებდა თავს რუსეთის პრეზიდენტი საუბრისას.
- მოსალოდნელი იყო, რომ პუტინი და კიმ ჩენ ინი განიხილავდნენ ჩრდილოეთ კორეის იარაღის მოსკოვისთვის გადაცემას ფხენიანისთვის სამხედრო ტექნოლოგიებში დახმარების სანაცვლოდ.
- ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრა კორეის ნახევარკუნძულზე და ევროპაში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე "სტრატეგიული და ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე".
- კითხვაზე, განიხილება თუ არა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან, პუტინმა ასე უპასუხა: "ჩვენ ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, ნელ-ნელა. დრო გვაქვს".
დეტალები ოფიციალური ვახშმიდან: შეხვედრა ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურ ვახშამში. ჯამურად სამიტი ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
- ოფიციალური ვახშმის დროს პუტინმა სადღეგრძელო თქვა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის განმტკიცების, ხალხების კეთილდღეობისა და "ამხანაგი თავმჯდომარის" ჯანმრთელობისთვის.
- საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დამსწრეებს შესთავაზა ჭიქის აწევა "რუსეთის ფედერაციის პატივცემული პრეზიდენტის, ამხანაგი ვლადიმერ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობისთვის, დიდი რუსეთის ახალი გამარჯვებისთვის, რუსეთ-კორეული მეგობრობის უწყვეტი განვითარებისა და განმტკიცებისთვის".
- რია ნოვოსტის ცნობით, ლანჩზე ორი ქვეყნის ლიდერებს რუსული სამზარეულოს კერძები შესთავაზეს.
- TASS, თავის მხრივ, წერს, რომ პუტინმა კიმს "ციმბირისა და შორეული აღმოსავლური დელიკატესებით" უმასპინძლა.
- ვედომოსტიმ სავარაუდო მენიუც გამოაქვეყნა: იხვის სალათი ლეღვითა და ნექტარინით, პელმენი კამჩატკის კრაბით, ზუთხი სოკოთი და კარტოფილით და სხვა.
დასასრული: პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებისას არანაირი დოკუმენტის ხელმოწერა არ იგეგმება, შეხვედრა კი მხოლოდ 1 დღე გაგრძელდება.
- ნახეთ კადრები კიმ ჩენ ინის ვიზიტიდან.
კომენტარები