NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე საერთო ჯამში უკვე 100 წუთზე მეტხანს იფრინა
2020 წელს NASA-მ მარსზე, მავალთან Perseverance ერთად, ვერტმფრენი გაუშვა, რომელიც Ingenuity-ის სახელითაა ცნობილი. ის წითელი პლანეტის ზედაპირიდან 50-ზე მეტჯერ აფრინდა და დაამტკიცა, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ცაში მსგავსი აპარატის გადაადგილება შესაძლებელია.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენის მიერ მარსზე ფრენის ხანგრძლივობამ საერთო ჯამში 102.4 წუთი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.
100-წუთიან ნიშნულს 1.8-კილოგრამიანი Ingenuity 3 სექტემბერს, რიგით 57-ე აფრენისას გადასცდა. მან 217 მეტრი დაფარა, ხოლო მისია 129 წამს გაგრძელდა.
ვერტმფრენი ისევე, როგორც მავალი, წითელ პლანეტაზე მდებარე ეზეროს კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვა. იქ ძველად ტბა იყო, ამიტომ Perseverance ამ ადგილზე სიცოცხლის კვალის მოძიებას ცდილობს. მან ამისთვის გრუნტის ნიმუშებიც შეაგროვა, რომლებიც დედამიწაზე უნდა ჩამოვიტანოთ, რათა მეცნიერებმა მათი შემადგენლობა შეისწავლონ.
რაც შეეხება Ingenuity-ის, მისი მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ მარსზე საჰაერო დაკვირვება, თხელი ატმოსფეროს მიუხედავად, შესაძლებელია. პირველადი მისიის ფარგლებში, რომელიც 1 თვე გაგრძელდა, ვერტმფრენი 5-ჯერ აფრინდა. ამის შემდეგ NASA-მ მისი ფუნქციონირების პერიოდი გაახანგრძლივა. ახლა ის სპეციალისტებს მარსმავლისთვის თვალის მიდევნების საშუალებასაც აძლევს.
Ingenuity-ის წარმატება მარსის სამომავლო ვერტმფრენებსაც უკვალავს გზას. მაგალითად, მავალის მიერ შეგროვებული ნიმუშების ჩამოსატანად სწორედ მსგავსი აპარატების გაშვება იგეგმება. ამავდროულად, სააგენტო უფრო დიდი ზომის საფრენ ხომალდებზეც მუშაობს, რომლებიც წითელი პლანეტის ძნელად მისადგომ ადგილებამდე მიაღწევს.
კომენტარები