18 თვე ომში — რისი გაკეთება შეძლო საქართველომ უკრაინისთვის
საქართველოში აგვისტოს ომის 15 წლისთავი, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან კი მე-18 თვეა. 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს მეგობრების გვერდით დგომა სჭირდება — ამ დროის განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერა, ძლიერ ქვეყნებთან შედარებით, მოკრძალებულია. თუმცა, თვალშისაცემია უკრაინელი ხალხის გვერდით ქართული ორგანიზაციებისა და მოქალაქეების დგომა — მსგავსი აქტივობების ჩამონათვალი გრძელია, ნაწილი კი ამ სტატიაშია თავმოყრილი.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეს ქვეყნის მთავარი გამზირი, რუსთაველის ქუჩა — იქ, სადაც საქართველოს პარლამენტის შენობაა, სპონტანურად შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გაავსეს. სწორედ ამ ადგილას იდგა 2008 წელს ომში საქართველოს მხარდაჭერის ნიშნად უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო. უკრაინის გულშემატკივრები შეიკრიბნენ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც: ბათუმში, ქუთაისში, გორში…
25 თებერვალსაც, ზამთრის ცივ დღეებში უკრაინისა და საქართველოს დროშები ფრიალებდა რუსთაველის გამზირზე. მეგობრების მორალური მხარდაჭერა სულ უფრო ძლიერდებოდა მომდევნო დღეებში — სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბებოდა ქვეყნის მთავარ მოედანზე. მხარდამჭერ აქციებს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო 4 მარტის შეკრება, როცა მოქალაქეებს მიმართეს საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა.
"მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა", — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ამ აქციის ორგანიზატორი ტელეკომპანია ფორმულა იყო, რომელმაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდიც შექმნა — არხმა პირველმა გადარიცხა 500 ათასი ლარი, მომდევნო დღეებში კი ეს თანხა 677 ათას ლარამდე გაიზარდა. 700 ათას ლარამდე შეგროვდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოწყობილი მარათონით. მხარდაჭერას გამოხატავდნენ სხვა მედიასაშუალებებიც. მაგალითად, მთავარმა არხმა, TV პირველმა, ტაბულამ, On.ge-მ და სხვებმა ლოგოები უკრაინის დროშის ფერებად — ცისფრად და ყვითლად გააფერადეს.
უკრაინის სოლიდარობის ნიშნად საქართველოში გაჩნდა იდეა "გამოფინე დროშა" — იმისთვის, რომ გამოხატულიყო მხარდაჭერა და პატივისცემა ომში მყოფი ერის მიმართ მოქალაქეებმა დაიწყეს აივნებზე დროშების გადმოფენა.
პირველივე დღეებში საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიხსნა უკრაინელების ჰუმანიტარული დახმარების ცენტრიც — მოსახლეობას მიჰქონდა არამალფუჭებადი საკვები, ზამთრისთვის ქილებით შენახული ჯემები, მწნილები, კომპოტები. ასევე ნახავდით ტანსაცმელს, ჰიგიენური ნივთებსა და სათამაშოებსაც კი. შეგროვებული ნივთებს ორგანიზატორები ახარისხებდნენ, ნაწილი უკრაინაში იგზავნებოდა, ნაწილი კი ქვეყანაში მყოფი უკრაინელებისთვის ნაწილდებოდა.
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში სპეციალური ანგარიში გახსნა თბილისის მერიამაც. ამავდროულად, მუნიციპალიტეტში გამოიყო სპეციალური სივრცე იმ პროდუქტების შესაგროვებლად, რომელიც მოგვიანებით უკრაინაში გაიგზავნა. ინიციატივას შეუერთდნენ კერძო კომპანიები, როგორებიც არიან სამშენებლო კომპანია არქი, სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი და სხვები. ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო სხვადასხვა უნივერსიტეტი, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი და სხვები.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა დატოვა, მათმა დიდმა ნაწილმა თავი ევროპის ქვეყნებს შეაფარა, მცირე ნაწილმა კი საქართველო აირჩია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) 2023 წლის 9 მაისის მონაცემებით, საქართველოში 24 182 უკრაინელი იმყოფებოდა. მათი დიდი ნაწილი მარიუპოლიდან და ხარკივიდანაა — ქალაქებიდან, რომლებიც ომის შედეგად განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა.
2022 წელს:
- ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა 367 უკრაინელს;
- თავშესაფრის მაძიებელთა სიაში დაარეგისტრირა — 516.
ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა, რომ გამოწვევა იყო უკრაინელი ბავშვებისთვის განათლების მიღებაც — საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისსა და ბათუმში) შეიქმნა სპეციალური პროგრამები: თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა. დამატებით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე მიეცათ განათლების მიღების შესაძლებლობა და ამავდროულად, შეეძლოთ ჩართვა არაფორმალური განათლების წრეებში — სპორტის, მუსიკის და ტექნოლოგიების მიმართულებით. 2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, უკრაინულ სექტორებზე დასაქმებული იყო უკრაინიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი.
სახელმწიფომ ომის გამო ქვეყანაში ჩამოსულ უკრაინელებს ეროვნული გამოცდის ჩაბარების გარეშე მისცეს შესაძლებლობა, სწავლა გაეგრძელებინათ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკრაინელი სტუდენტები სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლა.
საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, რუსთავსა და თბილისში საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები უკრაინელ ბავშვებს უფასოდ ემსახურება. დამატებით, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ნინო ქათამაძის ფონდმა შექმნა სივრცე, სადაც შესაძლებელი გახდა ომის შემდგომ საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდების არტ თერაპიაში ჩართვა.
ფოტო: ნინო ქათამაძის ფონდი
რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ჩართულობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა უკრაინული ენის კურსი, სადაც სალაპარაკო დონეზე უკრაინული ენის შესწავლის შესაძლებლობა გაჩნდა. იყო სხვა კერძო ინიციატივებიც, რომლის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე — dopomoga.ge
მას შემდეგ, რაც უკრაინელების ემიგრაცია დაიწყო, განათლების მიღებასთან ერთად, საქართველოში საჭირო გახდა უკრაინელებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე სამართლებრივი დახმარების გაწევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო უწყებებში სერვისები ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე უფასო კონსულტაციები შესთავაზა პარტნიორ ორგანიზაციებში, როგორიც არის სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები — უფლებები საქართველო და ვორლდ ვიჟენ საქართველო. უკრაინელებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობდნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც: ადამიანის უფლებათა ცენტრი, ქალთა უფლებებზე მომუშავე — საფარი, ქეა კავკასია და მისი პარტნიორი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი.
გარდა ამისა, იყო სხვა ინიციატივებიც:
- სილქნეტმა საერთაშორისო ტარიფები უკრაინის მიმართულებით მობილური ტელეფონიდან და ფიქსირებული ქსელიდან გაანულა;
- თეგეტა უკრაინელების მხარდაჭერას განაგრძობს და ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებას სთავაზობს;
- სიგარ ბარი Havana club tbilisi დაასაქმებს უკრაინის მოქალაქეებს;
- პატივისცემის ნიშნად, ყაზბეგში მდებარე Aura cottages მზადაა, სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლოს საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს;
- Kiwi Tours Georgia-ს ჩაერთო უკრაინის მხარდასაჭერ აქტივობაში და უკრაინის მოქალაქეებს შესთავაზა უფასო ტრანსფერები აეროპორტიდან სასტუმროების მიმართულებით.
ზამთრის ცივ დღეებში, როცა ომი დაიწყო, ტყვიებს გამოქცეული ადამიანებისთვის გადარჩენასთან ერთად მთავარი საზრუნავი საცხოვრებელი სახლები იყო. ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩაერთო უკრაინელების დაბინავების პროცესში Volunteers Tbilisi იყო. აღსანიშნავია, ასევე ღია საზოგადოების ფონდის ძალისხმევაც, რომელმაც 150 ათასი ლარი გამოყო საცხოვრისის პრობლემის მოგვარებისთვის და დაიწყო დამატებითი თანხების მოძიება.
ფოტო: ღია საზოგადოების ფონდი
ფოტო: Volunteers Tbilisi
ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე იყო relocation.ge. უკრაინელების საქართველოში დაბინავების პროცესში ასევე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს კარიტასმა. გარდა ამისა, იყო კერძო ინიციატივებიც, რომლის შესახებაც ფეისბუქჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia იწერებოდა:
"მეგობრებო, თუ გეგულებათ უკრაინის მოქალაქეები, ვინც საომარი მოქმედებების დაწყების გამო უკრაინაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, შევიფარებ ქვეშეთში, (გუდაურსა და ფასანაურს შორისაა). შემიძლია ბევრ ადამიანს ვუმასპინძლო, სივრცე დიდია. ადგილზე ყველა პირობაა, რაც ცხოვრებისთვის საჭიროა. გთხოვთ, დამაკავშირეთ ასეთ ადამიანებს თუ გაქვთ ინფორმაცია!
P.S. დღეს, ჩვენი ქვეყნის ბედი უკრაინაში წყდება, სოლიდარობა უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს".
"შევიფარებ უკრაინის 2 მოქალაქეს. ახალჩამოსულებს. დედა-შვილი, დები, ცოლ-ქმარი, სულ ერთია. ვცხოვრობ კორპუსში მეუღლესთან ერთად. ჩვენ ძირითადად სულ გასულები ვართ. კომფორტი და პირობები ნორმალური. რამდენი ხანიც ენდომებათ, იცხოვრონ ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, თანხის გარეშე".
"უსასყიდლოდ შევიფარებ უკრაინის მოქალაქეებს თბილისში ვინც თავის სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა".
"მივიღებთ უკრაინის მოქალაქეებს, 4 ადამიანს ქალაქგარეთ სახლში, უანგაროდ. მდებარეობა: სოფელი ჯიღაურა, საგურამოდან 2 კმ".
"გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში შემიძლია ვუმასპინძლო რამდენიმე უკრაინის მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ. თუ არიან დასავლეთის მხარეს, შემიძლია საკუთარი მანქანითაც მივაკითხო. მაქვს კერძო სახლი, სიმწვანე. ყველანაირად შევეცდები, რომ ეს მძიმე წუთები შევუმსუბუქო".
ფოტო: Dopomoga.ge
უკრაინელების დასახმარებლად იყო სამთავრობო ინიციატივებიც. 2022 წლის ივლისში მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები (თითო ოჯახზე) საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად იღებდნენ თვეში 300 ლარს, ოჯახის თითოეულ წევრზე კი დამატებით 45 ლარს.
მერიამ დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სერვისების ნაწილი უფასოდ შესთავაზა. მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მუნიციპალურ სპორტულ ცენტრებში (მათ შორის აუზებით), მუზეუმებში, თეატრებში, მედიათეკებში, ხელოვნების სკოლებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მომსახურების მიღება ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ.
უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 1 მაისამდე შემოვიდნენ ქვეყანაში და მუდმივად (უწყვეტად) არიან საქართველოში შეუძლიათ სამედიცინო მომსახურება უფასოდ მიიღონ. სამედიცინო სერვისების დიდ ნაწილს უკრაინის მოქალაქეებს (სახელმწიფო სერვისებს მიღმა) სთავაზობენ კერძო კომპანიებიც, მათ შორის, ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელიც ომის ტრავმების დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
უფასოდ ერთჯერად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და ექიმთან კონსულტაციას სთავაზობს უკრაინის მოქალაქეებს ავერსის კლინიკა. ასევე, ონკოლოგიური მიმართულებით მომუშავე კლინიკა კონსილიუმ მედულა პირველ ვიზიტს უფასოდ სთავაზობს უკრაინელებს.
ფოტო: ფარმადეპო / Facebook
ფოტო: ავერსი / Facebook
გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებასა და დისტანციურად კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იყო ევექსის 33 კლინიკაში. გარდა ამისა, ყოველგვარი საფასურის გარეშე, EKIMO-ს აპლიკაციის გამოყენებით, საჭირო კონსულტაციის მიღება. აფთიაქების ქსელმა GPC მილიონ ლარამდე ჰუმანიტარული დახმარება გამოყო, საქართველოში მყოფ უკრაინელებს კი მისცა შესაძლებლობა, 100 ლარის ფარგლებში საჭირო მედიკამენტები უფასოდ მიეღოთ.
ამ შემთხვევაშიც იყო ცალკეული ექიმების ინიციატივები:
"ვაცხადებ სრულ მხარდაჭერას უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ! მზად ვარ, ჩემი ოფიციალური კომპეტენციის [ტრავმატოლოგ-ორთოპედი] თუ გლობალური ცოდნის ფარგლებში, უსასყიდლოდ ვემსახურო ყველა უკრაინელს, კონსულტაცია და ნებისმიერი საპროცედურო მანიპულაციის ფარგლებში. მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც კლინიკაში, ისე Online რეჟიმში".
2022 წლის ბოლოს, ზამთრის ხელახლა დადგომასთან ერთად რუსეთმა უკრაინის ენერგო ობიექტებზე მიიტანა იერიში, ომში მყოფი ქვეყანას დენის გამომუშავებისთვის გენერატორების საჭიროება დაუდგა. უკრაინამ ამ დახმარების მისაღებად მიმართა ყველა პარტნიორ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინაში გაგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი.
უფრო ადრე, 15 დეკემბერს გზავნილით — მამაც უკრაინელებს ქართველებისგან 338 გენერატორი გადაეცა, მათ შორის იყო ორი მაღალი სიმძლავრის ქალაქებისთვის — ბოიარკასა და ხმელნიცკში წყალმომარაგების სისტემებისთვის, დანარჩენები კი კიევის ოლქში საბავშვო ბაღებისთვის, სკოლებისთვის და სახელდახელოდ შექმნილი სამედიცინო ცენტრებისთვის. ეს იყო საქართველოში ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად შექმნილი ახალი პროექტის — გაუზიარე სინათლე ფარგლებში შეგროვილი 490 ათასი ლარით შეძენილი ტექნიკა.
ფოტო: გაუზიარე სინათლე
მოქალაქეთა ამავე ჯგუფს ეკუთვნის კიდევ ერთი ინიციატივა — სასწრაფო საქართველოსგან. კამპანიის ფარგლებში საქართველოში 90 ათას ლარზე მეტი მოგროვდა.
ფოტო: სასწრაფო საქართველოსგან
ფოტო: სასწრაფო საქართველოსგან
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ წლისთავზე, 2023 წლის 24 თებერვალს საქართველოს მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა უკრაინის მოქალაქეებისთვის და საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა ორ წლამდე გაუხანგრძლივა. მანამდე უკრაინა იმ 90-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალში იყო, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში მხოლოდ 1 წელი შეეძლოთ ყოფნა.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო ომის პირველივე დღეებიდან, საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობას აგრძელებდნენ. ეს, ერთი მხრივ, იყო საკუთარი მოქალაქეების დახმარება და, მეორე მხრივ, უკრაინის მხარდაჭერა. მეტიც, ლვოვში ამოქმედდა დამატებითი საკონსულო პუნქტი.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუმცა საქართველო ჩართულია ევროკავშირისა და აშშ-ს დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციების აღსრულებაში. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოში პრაქტიკულად დაიხურა რუსული სანქცირებული ბანკის (VTB) წარმომადგენლობა — რუსულ VTB ბანკს უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციები დაუწესდა და დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები აეკრძალა.
ერთ-ერთი ბოლო სანქცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდა და საქართველო აღასრულებს, რუსეთში მანქანების ექსპორტის შეზღუდვაა. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე / ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი”.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის მხარდაჭერის მაგალითებად წარმოაჩენენ იმ განცხადებებსა და რეზოლუციებზე მიერთებაა, რომელსაც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები უდგანან სათავეში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ასეთი ათეულობით დოკუმენტია.
გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები:
- მხარდაჭერილი, დასპონსორებული, რეზოლუციები /გადაწყვეტილებები — 32;
- ეროვნული განცხადებები — 131;
- ევროკავშირის განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 92;
- სხვა ერთობლივი განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 63;
- სხვა მხარდამჭერი ინიციატივები — 23.
ეუთო:
- მხარდაჭერილი, დასპონსორებული, რეზოლუციები / დოკუმენტები / დეკლარაციები — 2;
- ეროვნული განცხადებები — 92;
- ევროკავშირის განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 131;
- სხვა ერთობლივი განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 5;
- სხვა მხარდამჭერი ინიციატივები — 14.
ევროპის საბჭო:
- მხარდაჭერილი რეზოლუციები / რეკომენდაციები / გადაწყვეტილებები / მოსაზრებები /დეკლარაციები — 25;
- ეროვნული განცხადებები — 36;
- ევროკავშირის განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 2;
- სხვა ერთობლივი განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 2.
ევროკავშირი:
- ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული დეკლარაციები — 11;
- შემზღუდავი ზომები / სანქციები — 1.
სხვა ორგანიზაციები / ფორმატები:
- მხარდაჭერილი რეზოლუციები / რეკომენდაციები / გადაწყვეტილებები / მოსაზრებები /დეკლარაციები — 6;
- ეროვნული განცხადებები — 6;
- ევროკავშირის განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 15;
- სხვა ერთობლივი განცხადებები, რომლებსაც საქართველო მიუერთდა — 7;
- სხვა მხარდამჭერი ინიციატივები — 5.
უკრაინაზე შეტევა არ იყო მხოლოდ მეგობარ ქვეყანაზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზე, რომელსაც ბოლო ომი რუსეთთან 2008 წელს ჰქონდა, მცოცავი ოკუპაცია კი დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ თავდაუზოგავია იმ ქართველების შემართება, რომლებიც უკრაინაში ბოლო თვეები და წლებია იბრძვიან უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ათეულობით ქართველი იბრძვის, მათ შორის 50-ზე მეტი ბრძოლის ველზე დაიღუპა.
ომში დაიღუპნენ:
- ალექსანდრე ხუსკივაძე;
- ნიკოლოზ ახვლედიანი;
- არჩილ დევრისაშვილი;
- მალხაზ კვიჟინაძე;
- ჯონი ოდიშვილი;
- ზვიად გიგანი;
- გიორგი გორელიშვილი;
- ნიკა ჯიყაშვილი;
- ზურაბ ოდიშვილი;
- არსენ ქეცბაია;
- ვახტანგ ბარაბაძე;
- დავით ქუჩუკიანი;
- მიხეილ მაზანაშვილი;
- ილია ჩოხელი;
- გიორგი ქააძე;
- მიხეილ თევდორაძე;
- სერგო ლისიხი;
- რუსლან ბაირამოვი;
- როლანდ კვარაცხელია;
- ავთო რურუა;
- რომეო ფიჩხაია;
- მერაბ ალადაშვილი;
- ბადრი მარკელია;
- ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია;
- კონსტანტინე ქურსუა;
- ერნესტ მაჭარაშვილი;
- თემურ მაჭარაშვილი;
- ლევან სახელაშვილი;
- გუგა გაგნიძე;
- ალექსანდრე მარტიაშვილი;
- მიხეილ ყაფლანიშვილი;
- ედიშერ კვარაცხელია;
- კირილ შანავა;
- გელა გოგია;
- ბერდია ჯოხაძე;
- კახა გოგოლი;
- ალუდა ზვიადაური;
- დანიელ გერლიანი;
- გიორგი გრიგოლია;
- რატი შურღაია;
- ტატო (ტელმან) ბიგვავა;
- ვიტალი ორბელაძე;
- ზაზა ბიწაძე;
- ალიკა ცაავა;
- არკადი კასრაძე;
- ნიკოლოზ შანავა;
- დავით მენაბდიშვილი;
- დავით გობეჯიშვილი;
- ბახვა ჩიქობავა;
- გია ბერიაშვილი;
- დავით რატიანი.
ფოტო: რადიო თავისუფლება
სტატია მოამზადა Dopomoga Ukraini-უკრაინისთვის გუნდმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია Dopomoga Ukraini-უკრაინისთვის (www.dopomoga.ge). ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
ფოტო: USAID
-
გადახედვაცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე
-
გადახედვასხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაპინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა პინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს
-
გადახედვაკომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა კომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა
-
გადახედვაკიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს
-
გადახედვადავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას დავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას
-
გადახედვაანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ ანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ
-
გადახედვაზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ ზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ
-
გადახედვააფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი აფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი
-
გადახედვაარასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება" არასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება"
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
-
გადახედვაევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება ევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
-
გადახედვა20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება 20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვაპრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას
-
გადახედვა18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება 18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა
-
გადახედვანახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება სალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება
-
გადახედვადააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? — პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: "პრევენციული დაკავების" შესახებ კოდექსში ცვლილება, ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს ნონა ქურდოვანიძე: "პრევენციული დაკავების" შესახებ კოდექსში ცვლილება, ვარაუდების საფუძველზე დაკავებას აკანონებს
კომენტარები