მეცნიერებმა 11 მილიარდი წლის წინ ჩვენამდე წამოსული სინათლის მეშვეობით გაზომეს მაგნიტური ველი, რომელიც აქამდე გამოკვლეულთაგან ყველაზე შორეულია. მისი წყარო გალაქტიკა, სახელად 9io9 გახლავთ, რომელსაც ისეთს ვხედავთ, როგორიც დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 2.5 მილიარდი წლის შემდეგ იყო.

მისი შესწავლა შესაძლოა, ასტრონომებს იმის გარკვევაში დაეხმაროს, თუ როგორ ურთიერთქმედებდა გალაქტიკები გიგანტურ მაგნიტურ ველებთან ადრეულ სამყაროში.

"შეიძლება, ბევრმა ადამიანმა არ იცოდეს, რომ ჩვენი მთლიანი გალაქტიკა და სხვა გალაქტიკები მაგნიტური ველებითაა 'შეკრული', რომლებიც ათობით ათას სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ეს აღმოჩენა ამ მასშტაბის მაგნიტური ველების ფორმირებაზე გვაწვდის ინფორმაციას", — აცხადებენ ავტორები.

ფოტო: ALMA

მაგნიტური ველები კოსმოსში გავრცელებულია და ელექტრულად გამტარი მატერიით ძლიერდება, რომლის მეშვეობითაც კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურად გარდაქმნის. ამას დინამოს ეფექტი ეწოდება. დედამიწის შემთხვევაში, ეს პროცესები მის სიღრმეში მიმდინარეობს, იგივე უნდა ხდებოდეს გალაქტიკებშიც.

როდესაც ეს უზარმაზარი სისტემები ბრუნვას, ბრუნავს მის შიგნით არსებული დამუხტული აირიც, რაც მაგნიტური ველის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რომელიც ბევრად სუსტია, ვიდრე დედამიწის ან მზის. მაგალითად, ირმის ნახტომის მაგნიტური ველი 25-60 მიკროგაუსია, ჩვენი პლანეტის ზედაპირისა კი — 0.22-0.67 გაუსი.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ ჩნდება გალაქტიკური მაგნიტური ველები, ისინი კოსმოსის მასშტაბურ პროცესებს უკავშირდება, თუ თავად გალაქტიკის შიდა მატერიას. 9io9-ის მაგალითით ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება გვეძლევა.

ლინზირებული გალაქტიკის ინფრაწითელი გამოსახულება.

ფოტო: ESO/J. Geach et al.

ამ ობიექტის სინათლის პოლარიზაცია (მაგნიტურ ველში გამავალ სხივები) მეცნიერებმა გრავიტაციული ლინზირების დამსახურებით გააანალიზეს. ეს გიგანტური მასის მიერ დრო-სივრცის გამრუდებას გულისხმობს, რაც ერთგვარ კოსმოსურ გამადიდებელ შუშას ქმნის. მათ დაადგინეს, რომ 9io9-ის მაგნიტური ველი სხვა ახლომდებარე გალაქტიკების მსგავსია, 500-მიკროგაუსიანი ან ნაკლები მაჩვენებლით.

ეს დედამიწის მაგნიტურ ველს დაახლოებით 1 000-ჯერ ჩამოუვარდება, რაც ნიშნავს, რომ ამ გალაქტიკის მაგნიტური ველი მისი ზრდის პერიოდში სწრაფად ჩამოყალიბდა. აქედან ასკვნიან, რომ ფორმირების პროცესი თავად სისტემაში არსებულ, ვარსკვლავების წარმომქმნელ მატერიასთანაა დაკავშირებული.

გამოდის, რომ მნათობების აქტიური წარმოქმნა გალაქტიკური მაგნიტური ველების ფორმირებას უწყობს ხელს, ეს უკანასკნელი კი შემდეგ ისევ ვარსკვლავების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.