მთვარიდან მზემდე — ინდოეთი, როგორც კოსმოსის შემსწავლელი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ინდოეთი, რომელსაც 60-80-იან წლებში რაკეტის ნაწილები ველოსიპედით, ხოლო თანამგზავრები — ხარშებმული ურმით გადაჰქონდა, დღეს მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვა. როგორ მოხდა ეს?

მთვარიდან მზემდე

23 აგვისტოს ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც მთვარის სამხრეთ პულუსზე წარმატებით დაეშვა და ასევე, საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ მეოთხე სახელმწიფო, რომელმაც ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე დაშვება მოახერხა.

ისტორიული მისიის, Chandrayaan-3-ის წარმატებიდან 10 დღეში, 2 სექტემბერს, ქვეყანამ კოსმოსში მზის ობსერვატორია — Aditya-L1 გაუშვა. ამჟამად ის გზას იკვლევს ლაგრანჟის პირველი წერტილისკენ და შესაბამისი ადგილის დაკავების შემდეგ, სავარაუდოდ, მზესთან დაკავშირებულ არაერთ კითხვას გასცემს პასუხს.

ინდოეთის კოსმოსური წარმატებისადმი ინტერესი განსაკუთრებით რუსეთის მთვარის მისიის კრახის ფონზე გაიზარდა. ადამიანთა ნაწილისთვის ამ მხრივ ინდოეთის უპირატესობის დანახვა უჩვეულოა, თუმცა ქვეყნის კოსმოსის კვლევის ისტორია ბევრად შთამბეჭდავი, გამოწვევებით სავსე და ხანგრძლივია, ვიდრე შესაძლოა, წარმოგვედგინოს.

ინდოეთმა კოსმოსური მისიები 1975 წლიდან დაიწყო

ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციას 125 კოსმოსური მისია აქვს შესრულებული და 92 ფრენა. მათ შორის, ბუნებრივია, რამდენიმე წარუმატებელიცაა.

ინდოეთმა პირველი რაკეტა 1963 წელს გამოცადა, ხოლო 1975 წელს შეიქმნა პირველი ინდური კოსმოსური ხომალდი — თანამგზავრი Aryabhata, რომელიც ორბიტაზე საბჭოთა კავშირის დახმარებით, 19 აპრილს გაიტანეს, ამას 1979 წელს ოკეანოგრაფიის, ჰიდროლოგიისა და ტყეების შესასწავლად თანამგზავრ Bhaskara-I-ის გაშვება მოყვა.

Aryabhata — პირველი სატელიტი, რომელიც ინდოეთმა კოსმოსში გაუშვა, 1975 წელი

ფოტო: ISRO

წლების განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებას ინდოეთის პირველი მოქალაქის კოსმოსში გაგზავნა მოყვა. ეს იყო 1984 წელს, როცა რაკეშ შარმა პირველი ინდოელი გახდა, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა და ეს Soyuz T-11-ის რაკეტით მოხდა.

1998 წელს ინდოეთის ბირთვულ ცდებს საერთაშორისო სანქციები მოყვა, რამაც კოსმოსური მისიებისთვის საჭირო კომპონენტების კუთხით ქვეყანა საკუთარი შესაძლებლობების ამარა დატოვა. თუმცა ინდოეთის განსხვავებული მიდგომები მანამდეც ცხადი იყო. ამას ცნობილი ფოტოებიც მოწმობს — როგორ გადაჰქონდათ ინდოელ მეცნიერებს რაკეტის ნაწილები ველოსიპედებით ან თანამგზავრი — ხარშებმული ურმით.

I ფოტო, 1962 წელი, ინდოელ მეცნიერებს საცდელი რაკეტის ნაწილი ველოსიპედით გადააქვთ. II ფოტო: 1963 წელი, ინდოელი მეცნიერი ველოსიპედით ატარებს საცდელი რაკეტის ნაწილს. III ფოტო: 1981 წელი, ინდოელ მეცნიერებს ხარშებმული ურმით გადააქვთ ISRO-ს პირველი სრულად ინდოეთში დამზადებული, ექსპერიმენტული თანამგზავრი სახელად APPLE. თანამგზავრი 670 კილოგრამს იწონიდა და ორბიტაზე გაშვების შემდეგ 2 წელი იფუნქციონირა.

შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ინდოეთი ათწლეულში რამდენიმე კოსმოსურ მისიას ასრულებდა. 2022 წელს, ინდოეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, დოქტორმა ჯიტენდრა სინგჰმა განაცხადა, რომ 1975 წლის შემდეგ ინდოეთს 129 ინდური სატელიტი აქვს გაგზავნილი კოსმოსში, ხოლო 342 სატელიტის გაშვებაში 36 ქვეყანას დახმარებია. 2017 წლის 15 თებერვალს ISRO-მ, ანდჰრა-პრადეშიდან 104 თანამგზავრი ერთდროულად გაუშვა კოსმოსში. ასე ორგანიზაციამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მანამდე რეკორდული რიცხვი ამ მხრივ რუსეთს ეკუთვნოდა, 2014 წელს გაშვებული 37 სატელიტით.

დღეისათვის ინდოეთს 53 ფუნქციური სატელიტი აქვს დედამიწის ორბიტაზე. თუმცა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან ცნობილი გახდა, რომ ქვეყანა ჩვენს პლანეტაზე გაჩერებას არ აპირებდა.

მთვარის 3 მისია — 2008 წლიდან დღემდე

2008 წლის 22 ოქტომბერს ინდოეთმა პირველი მთვარის მისია, Chandrayaan-1 გაუშვა. ის მთვარის ორბიტაზე 2008 წლის 8 ნოემბერს განთავსდა და მან ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს 3 400-ჯერ შემოუარა. 2009 წლის აგვისტოში ორბიტერთან კავშირი გაწყდა. მცირეხნიანი ფუნქციონირების მიუხედავად, ეს მისია ინდოეთის კოსმოსური პროგრამისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ქვეყანამ მისი დახმარებით დაამტკიცა, რომ ადგილობრივი რესურსით, დამოუკიდებლად შეეძლო მთვარის საკვლევი აპარატი შეექმნა. ეს ეხებოდა როგორც კვლევით, ასევე ინჟინრულ ნაწილს. 2008 წელს ინდოეთმა Chandrayaan-1-ის დახმარებით დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლად შეეძლო მთვარის შესასწავლი ტექნოლოგიის შექმნა.

chandrayaan-1, ილუსტრაცია

ფოტო: ISR

ამას 2019 წლის 22 ივლისს, Chandrayaan-2-ის გაშვება მოყვა. ეს იყო პირველი მისია, რომლითაც ინდოეთი მთვარეზე დაშვებას ცდილობდა. აპარატი ორბიტერისგან, დამშვებისგან და მთვარემავალისგან (როვერისგან) შედგებოდა. თითოეუული მათგანი ინდოეთში იყო დამზადებული. Chandrayaan-2-ის მთავარი მიზანი მთვარის სამხრეთ რეგიონზე დაშვება იყო იმისათვის, რომ ციური სხეულის ზედაპირი გამოეკვლია. თუმცა დაშვების ფაზაში, პროგრამული ხარვეზის გამო, დამშვებთან კომუნიკაცია დაიკარგა. ის, მავალთან ერთად, მთვარეს 2019 წლის 6 სექტემბერს შეეჯახა და განადგურდა. შესაბამისად, მისიის მთავარი მიზანი შეუსრულებელი დარჩა, თუმცა Chandrayaan-2-ის ორბიტერი მთვარის გარშემო მოძრაობასა და მონაცემების შეგროვებას განაგრძობს. ის ღირებულ მონაცემებსა და ფოტოებს დღემდე აგზავნის ISRO-ში.

აღსანიშნავია, რომ Chandrayaan-2-ზე მუშაობა ინდოეთმა, თავდაპირველად, რუსეთთან ერთად დაიწყო. გეგმის თანახმად დამშვები როსკოსმოსს უნდა შეექმნა და გაშვება 2013 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა რუსეთი აგვიანებდა, ამის გამო რამდენჯერმე გადადეს კიდეც მისიის დაწყება. დროთა განმავლობაში, ცხადი გახდა, რომ ქვეყანას მთვარეზე დამშვების შექმნა არ შეეძლო. 2015 წლამდე გაზრდილ ვადებშიც კი, ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო, რუსეთმა უარი თქვა ინდოეთთან თანამშრომლობით მთვარის დამშვების შექმნაზე. ამის გამო ინდოეთს დამოუკიდებლად, სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის გარეშე მოუწია აპარატის ამ ნაწილზე მუშაობა.

Chandrayaan-2-ზე მუშაობის პროცესი

ფოტო: Forbes

2023 წლის 23 აგვისტოს კი ისტორია დაიწერა — მავალი Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე წარმატებით დაეშვა. ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს შეძლო. Chandrayaan-3 მთვარის ზედაპირზე ყინულის საბადოების მოსაძიებლადაა შექმნილი და ეს ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის ჰაბიტატების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია. მისი დახმარებით შეგვიძლია მთვარის ბაზისთვის ჟანგბადი ვაწარმოოთ და მეტიც, ის შეიძლება მარსის მისიებისთვის განკუთვნილი რაკეტების საწვავადაც იქცეს.

მავალი, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, აღჭურვილია ლაზერული სპექტროსკოპით, ასევე ნაწილაკების სპექტრომეტრით. ეს მას მთვარის ქიმიური შემადგენლობის გაგებასა და ელემენტების მოძიებაში დაეხმარება. ეს მონაცემები მთვარისა და ადრეული მზის სისტემის ფორმირების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის.

Chandrayaan-3-ის ილუსტრაცია

ფოტო: Spacenews

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სააგენტოები სწორედ მთვარის სამხრეთ პოლუსზე არიან კონცენტრირებულები, ინდოეთმა კი წარმატებული მისიით ყველას დაასწრო. მეტიც, Chandrayaan-3-ის მავალმა, პრაგიანმა, რომელიც 25,8 კილოს იწონის, აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო. მისი ერთ-ერთი ლაზერის დახმარებით, მთვარის ზედაპირზე გოგირდის, ალუმინის, კალციუმის, ტიტანის, რკინისა და ქრომის არსებობა უკვე დაადასტურა, ასევე გაზომვებით გამოვლინდა მთვარეზე მანგანუმის, ჟანგბადის და სილიციუმის არსებობაც. აღსანიშნავია, რომ ამ ელემენტების არსებობა ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე აქამდე დადასტურებული არ იყო.

Chandrayaan-3 მთვარის შესწავლას აგრძელებს და მისგან უამრავ ღირებულ მონაცემსა და შესაბამისად, ინფორმაციას მივიღებთ, რაც კოსმოსის შესწავლასა და ათვისებაში დაგვეხმარება. ამჟამად მავალი "ძილის რეჟიმშია" და სავარაუდოდ, 22 სექტემბერს "გამოიღვიძებს", როცა მთვარის სამხრეთ პოლუსამდე მზის სხივი მიაღწევს და პრაგიანის ელემენტები დაიმუხტება.

პირველი ინტერპლანეტარული მისია — მეოთხე ქვეყანა მარსზე

ინდოეთის პირველი ინტერპლანეტარული მისია — Mars Orbiter Mission (MOM) 2013 წლის 5 ნოემბერს დაიწყო და აპარატი სახელად Mangalyaan მარსის ორბიტაზე 2014 წლის 24 სექტემბერს განთავსდა. მან ამ მხრივ ჩინეთსაც კი დაასწრო, რომლის პირველმა ინტერპლანეტარულმა მისიამ წითელ პლანეტამდე 2021 წლის თებერვალში მიაღწია.

საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის, NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს შემდეგ, 2014 წელს ინდოეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მარსის ორბიტაზე ზონდი განათავსა. ასევე ინდოეთი პირველი აზიური ქვეყანა იყო, რომელმაც ეს შეძლო.

Mars orbiter mission

ფოტო: Space.com

Mangalyaan წითელი პლანეტის ორბიტიდან მისი ატმოსფეროსა და ზედაპირის შესახებ მოგროვებულ მონაცემებს 8 წლის განმავლობაში გვაწვდიდა. აღსანიშნავია, რომ ის 6-თვიანი ფუნქციონირებისთვის იყო გათვლილი, თუმცა მარსის ორბიტაზე 8 წელი გაძლო. მასთან კავშირი 2022 წელს გაწყდა.

თუმცა, ფუნქციონირების განმავლობაში MOM-მა მარსის ყველაზე პატარა და შორი თანამგზავრის, დეიმოსის შორეული მხარე პირველად გადაიღო და ხომალდზე არსებული ფერადი კამერის დახმარებით მარსის ატლასი დააგენერირა. კოსმოსური ზონდი ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტით იყო აღჭურვილი, რითაც კაცობრიობას მარსის კლიმატისა და გეოლოგიის უკეთ გაგებაში დაეხმარა.

მზის პირველი ინდური მისია — Aditya-L1

2023 წლის 2 სექტემბერს, კუნძულ შრიჰარიკოტაზე არსებული კოსმოდრომიდან, სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან, ინდოეთმა მისი პირველი მზის მისია დაიწყო. ობსერვატორია Aditya-L1 კოსმოსში რაკეტა Polar Satellite Launch Vehicle გაიტანა. მისი დახმარებით, ინდოელი მეცნიერები, ჩვენს ვარსკვლავს ჩვენგან 1.5 მილიონი კილომეტრით დაშორებული ლაგრანჟის პირველი წერტილიდან (L1) უნდა დააკვირდნენ.

Aditya-L1-ის ილუსტრაცია

ფოტო: ISRO

L1-ამდე მიღწევის შემდეგ ზონდი თავის 7 სამეცნიერო ინსტრუმენტს გამოიყენებს. შესაძლოა, Aditya-L1-ის მონაცემები მკვლევრებს მზეზე ამოფრქვევათა დინამიკის ანდა კორონალური მასის ამოფრქვევების (CME-ების) შესწავლაში დაეხმაროს. შესაძლოა, მისიის წყალობით ისიც გაირკვეს, თუ რატომაა მზის გარე ატმოსფერო, იგივე გვირგვინი, მის ზედაპირზე გაცილებით ცხელი — დაახლოებით 1 მილიონი გრადუს ცელსიუსი 5 500 გრადუს ცელსიუსთან შედარებით.

Aditya-L1 სამეცნიერო ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი, რომელთაგანაც 4 მზეზე პირდაპირ დასაკვირვებლადაა განკუთვნილი. მათ შორისაა 2 რენტგენული სპექტრომეტრი, რომლებითაც მზის ამოფრქვევების მახასიათებლებს შეისწავლიან. კორონოგრაფი მნათობს უწყვეტად გადაიღებს, რათა ამოფრქვევების ფორმირების პროცესი დააფიქსიროს, მეოთხე ხელსაწყო კი რადიაციას გაზომავს. დანარჩენი 3 ინსტრუმენტიდან 2-ის დანიშნულება მზის ქარის გამოკვლევაა, ხოლო მესამე მაგნიტომეტრია, რომელიც ლაგრანჟის წერტილში მაგნიტურ ველს გაზომავს.

4 სექტემბერს კოსმოსურ მოგზაურობაში მყოფ Aditya-L1-ზე დამონტაჟებულმა კამერამ აპარატის ნაწილი და დედამიწა-მთვარის სისტემა გადაიღო. ის ლაგრანჟის მეორე წერტილამდე მისაღწევად მანევრებს ასრულებს და დანიშნულების ადგილს, სავარაუდოდ, 2024 წლის 12 იანვარს მიაღწევს.

ხარჯთეფექტიანობა — რამდენს ხარჯავს ინდოეთი კოსმოსის კვლევაში

ISRO დღეს უკვე მსოფლიოში საუკეთესო კოსმოსურ სააგენტოებს შორის მეოთხე ადგილზეა, NASA-ს, CNSA-სა და Roscosmos-ის შემდეგ. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანა კოსმოსის კვლევის გლობალური ბაზრის 2%-ს ქმნიდა, ხოლო პროგნოზების თანახმად, 2030 წლისთვის ამ ციფრის გახუთმაგებაა მოსალოდნელი.

გასულ წელს, ინდოეთმა კოსმოსის შესწავლაზე 1.3 მილიარდი დოლარი, დახარჯა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 0.04%-ია. ეს მონაცემი ამ მხრივ მსოფლიოს წამყვან ქვეყანას — აშშ-ს ხარჯებს რომ შევადაროთ, შთამბეჭდავ განსხვავებას მივიღებთ. 2022 წელს NASA-მ ჯამში 69 მილიარდი დოლარი დახარჯა კოსმოსის კვლევაში, რაც აშშ-ის მშპ-ს 0.28%-ია. აქვე შეგიძლიათ სხვა ქვეყნების მიერ გაწეულ ხარჯებსაც შეავლოთ თვალი:

რა განაპირობებს იმას, რომ ინდოეთი კოსმოსის შესწავლაზე ცოტას ხარჯავს, თუმცა ისეთ ქვეყნებს, რომლებიც გაცილებით მეტს ხარჯავენ ამ კუთხით, მაინც უსწრებს წინ ამ დროისთვის მიმდინარე კოსმოსური მიღწევებით.

"არ მინდა ყველა საიდუმლო გაგიმხილოთ, რადგან თუ ამას ვიზამ, სხვები ისწავლიან და ძალიან ხარჯთეფექტიანები გახდებიან", — თქვა ISRO-ს ხელმძღვანელმა, სრიდჰარა სომანამ. თუმცა, ამ ეფექტის ზოგ ასპექტს სულაც ვერ მივიჩნევთ საიდუმლოდ. მაგალითად, ინდოეთი რაკეტების ინჟინრებს გაცილებით ნაკლებს უხდის, ვიდრე სხვა ქვეყნები. გარდა ამისა, ISRO მთვარის მისიის დაგეგმვისას სხვა ქვეყნების ტექნოლოგიურ გამოცდილებას დაეყრდნო. ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრისკენ გაგზავნილი მთვარის მოდული მსუბუქი იყო, კომპლექსურობის კომპრომისის ხარჯზე კი ინდოეთმა მისიის წარმატების ალბათობა გაზარდა. აშშ-ის Apollo-ს მისიების მსგავსად, Chandrayaan-3 მნიშვნელოვანწილად ეროვნული სიამაყის გაღვივებას ემსახურება, ეს მიზანი კი უკვე შესრულებულია.

ინდოელები უყურებენ Chandrayaan-3-ის გაშვებას

ფოტო: AIJAZ RAHI/ASSOCIATED PRESS

დაბალი დანახარჯები ამ მხრივ ინდოეთის დამახასიათებელი ნიშანია. ქვეყანამ 2013 წელს გაშვებულ მარსის ორბიტერში (MOM) სულ 73 მილიონი დოლარი დახარჯა. ეს ყველაზე იაფიანი კოსმოსური მისიაა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. 2023 წლის Chandrayaan-3-ზე კი 75 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ანუ ინდოეთს მთვარეზე წარმატებული დაშვება იმაზე ნაკლები დაუჯდა, ვიდრე ჰოლივუდი დახარჯავდა მთვარის შესახებ ბლოკბასტერის გადასაღებად.

შედარებისთვის, 2005 წელს გაშვებული მსგავსი მარსის მისია — Mars Reconnaissance Orbiter (MRO) NASA-ს 716 მილიონი დოლარი დაუჯდა, საიდანაც 416 მილიონი ხომალდის შექმნას მოხმარდა, 90 მილიონი გაშვებას, ხოლო 210 მილიონი 5 წლის განმავლობაში ოპერირებას. 2011 წლიდან მისია გაახანგრძლივეს და მისი ოპერირება წელიწადში, დაახლოებით, 31 მილიონი დოლარი ჯდება.

რა თქმა უნდა, მისიები როგორც მათზე დახარჯული თანხების, ისე ფუნქციური და ოპერირების ხანგრძლივობის თვალსაზრისით განსხვავებულია. თუმცა, თუნდაც შედარებით მარტივი აპარატების დახმარებით, ინდოეთი ამტკიცებს, რომ კოსმოსის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

მომავლის მისიები

2023 წელი ინდოეთის კოსმოსური მისიებისთვის გადამწყვეტი წელი შეიძლება აღმოჩნდეს. ოქტომბერში ISRO ხომალდ Gaganyaan-ის პირველ გამოცდას გეგმავს. ორბიტული ხომალდი Gaganyaan შექმნილია 3 ასტრონავტის გადასაყვანად, პილოტირებული მისია კი (Gaganyaan 3) ორი ტესტის შემდეგ, 2025 წელსაა დაგეგმილი.

პარალელურად ინდოეთი ვენერას ორბიტერზე მუშაობს. ვენერას ატმოსფეროს შესასწავლად შექმნილი ზონდი პლანეტისკენ 2024 წელს უნდა გაუშვან. ამავე წელს, ინდოეთისგან Mars Orbiter Mission 2 (MOM 2), იგივე Mangalyaan 2-ის დაწყებაა მოსალოდნელი. მარსის ორბიტაზე კიდევ ერთი ზონდის გაგზავნის საფუძველი ინდოეთს ნამდვილად აქვს, 8-წლიანი წარმატებული მისიის შემდეგ.

2026-2028 წლებში კი ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია, იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან (JAXA) თანამშრომლობით, სავარაუდოდ, მთვარის სამხრეთ პოლუსის შემსწავლელ მისიას დაიწყებს. ჯერჯერობით, მისიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ISRO თანამგზავრებისა თუ კოსმოსური ზონდების კუთხით NASA-სთანაც თანამშრომლობს.


სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოების გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ადამიანთა ნაწილი, შეთქმულების თეორიების გავლენით, კონკრეტული ქვეყნების კოსმოსურ სააგენტოებს უნდობლობას უცხადებს და უსაფუძვლოდ ადანაშაულებს სამყაროს შესახებ ინფორმაციის დამახინჯებაში.

ამასთან, კოსმოსის კვლევა ერთი ან ორი ქვეყნის პრეროგატივა როდია; ამ მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში წვლილის შეტანა ტექნოლოგიურად განვითარებულ არაერთ ქვეყანას შეუძლია. როგორც ჩანს, ამისთვის ეკონომიკურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის სტატუსი აუცილებელი სულაც არაა.

დღეს კოსმოსის კვლევაში ჩართულია აშშ, ევროპა (ევროპის კოსმოსური სააგენტო — ESA), იაპონია, ინდოეთი, რუსეთი თუ ჩინეთი. დროთა განმავლობაში, კოსმოსის კვლევის საკითხში ინდოეთის მსგავსი ქვეყნების კონტრიბუცია კიდევ უფრო გაიზრდება; გაიზრდება იმ ზონდების რიცხვიც, რომლებიც შორეული პლანეტების, ციური სხეულებისა და სამყაროს შესახებ მოგვაწვდიან მრავალმხრივ ინფორმაციას.

მარსზე ადამიანის გამგზავრების მიზნის კვალდაკვალ, ახალი კოსმოსური რბოლა იწყება, რომლის ფარგლებშიც მთვარის ათვისება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ინდოეთი კი, მიუხედავად უამრავი შეზღუდვისა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ რბოლაში ჩაერთო და დაწინაურდა.

მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნისთვის, რომელსაც მსგავსი ეკონომიკური გამოწვევები აქვს, მსგავსი წარმატება ნამდვილად აღსანიშნავი და გასაკვირიც კია. თუმცა, ხარჯთეფექტიანი მიდგომების წყალობით, როგორც ჩანს, ინდოეთი კიდევ უფრო მეტ მოულოდნელ წარმატებას მიაღწევს და კოსმოსის შესწავლის საკითხში ახალ ხედვებს შემოგვთავაზებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ