მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის გამო, აზერბაიჯანმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის ელჩი ანა ბოიონი დაიბარა და მისი ქვეყნის წინააღმდეგ საპროტესტო ნოტა გადასცა. მიზეზი ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კოლონის გაგზავნაა.
ხუთშაბათს ბაქომ პარიზი დაადანაშაულა, რომ ბლოკადაში მყოფ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების კოლონის გაგზავნით აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩაერიენ და სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს.
საფრანგეთმა მთიან ყარაბაღში 10 სატვირთო მანქანის კოლონა გაგზავნა — უკვე მეორედ ერთ თვეზე ნაკლებ დროში. კოლონას პარიზის მერის ანა იდალგოც ახლდა და მათ რეგიონში შესვლა აუკრძალეს.
"ეს პროვოკაციული ქმედებები სომხეთის ტყუილისა და მანიპულაციის კამპანიის იარაღია და კიდევ ერთი მაგალითია იმ ნაბიჯებისა, რომლებიც რეგიონში სიტუაციის ესკალაციისკენაა მიმართული და ახალისებს სომხეთს, გააგრძელოს ის რევანშისტული პოზიციები, რაც ბოლო დღეებში გამძაფრდა", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე დაადანაშაულა საფრანგეთი იმაში, რომ საფრთხეს უქმნის "საერთაშორისო აქტორების აქტიური ძალისხმევით მიღწეულ მყიფე ნორმალიზაციის პროცესს".
მთიანი ყარაბაღი დეკემბრიდან სხვადასხვა ხარისხის ბლოკადის ქვეშ იყო და ივნისის შუა რიცხვებიდან სომხეთიდან მიწოდება მთლიანად შეწყდა. ბაქო კი დაჟინებით აგრძელებს მტკიცებას, რომ ლაჩინის დერეფანი — ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს — ბლოკადაში არ არის.
საფრანგეთს ელჩის გამოძახებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ლაჩინის დერეფნის ბლოკადის გამო პარიზსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბულია. საფრანგეთმა არაერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, მოეხსნა ბლოკადა და დაეშვა ჰუმანიტარული დახმარება და საქონელი მთიან ყარაბაღში დერეფნის გავლით.
როცა პარიზი და ერევანი აფრთხილებდნენ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესების შესახებ, ბაქო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მთიან ყარაბაღს ჰუმანიტარული დახმარება აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეღო.
Le Figaro იტყობინება, რომ საფრანგეთი ემზადება გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტის წარსადგენად, რათა დაეხმაროს მთიანი ყარაბაღის სომხებს, რომლებიც "აზერბაიჯანის ბლოკადის გამო შიმშილის პირას არიან".
"აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება არასოდეს უნდა იყოს პოლიტიკური უთანხმოების მძევალი"
ლაჩინის დერეფნის დახურვის გამო აზერბაიჯანი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა.
ხუთშაბათს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა "ღრმა შეშფოთება" გამოხატა "მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების გაუარესების გამო, რაც გამოწვეულია საკვების, მედიკამენტების და სხვა საქონლის ბლოკირებით, რომელიც აუცილებელია ღირსეული არსებობისთვის".
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი ჰუმანიტარული, კომერციული და სამგზავრო მიმოსვლისთვის", — განაცხადა მან.
მილერმა მოუწოდა ბაქოსა და სტეფანაკერტის ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ შეიკრიბონ, რათა შეთანხმდნენ მთიანი ყარაბაღის კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის კრიტიკულად მნიშნველოვანი პროდუქციის ტრანსპორტირების საშუალებებზე.
"აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება არასოდეს უნდა იყოს პოლიტიკური უთანხმოების მძევალი", — განაცხადა მან.
ბაქომ მალევე დაგმო ვაშინგტონის განცხადება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხამ ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფანი ყოველდღიურად ღიაა "სომეხი მაცხოვრებლებისთვის ორივე მიმართულებით".
ჰაჯიზადემ ხაზი გაუსვა, რომ სტეფანაკერტმა და ერევნმა უარი თქვეს აზერბაიჯანის წინადადებაზე მათი კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით მთიანი ყარაბაღისთვის მარაგის გაგზავნაზე.
"აზერბაიჯანის წინადადებების მუდმივი უარყოფა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სიტუაცია სულაც არ არის ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ხასიათისაა", — განაცხადა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები