სამშაბათს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში, სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ კ ჰოვანისიანი გარდაიცვალა "ქრონიკული არასწორი კვებისა" და "ცილებისა და ენერგიის დეფიციტის" გამო. განცხადებას თან ახლდა გაფითრებული სხეულის, სავარაუდოდ, ჰოვანისიანის ცხედრის ფოტო გაფრთხილებით: "ბმული შეიცავს მძიმე კადრებს".

სახალხო დამცველის ოფისმა ჰოვანისიანის გარდაცვალებაში პირდაპირ აზერბაიჯანი დაადანაშაულა და ამას "აზერბაიჯანის მიერ არცახის [მთიანი ყარაბაღის] 8-თვიანი ბლოკადის ერთ-ერთი კატასტროფული შედეგი" უწოდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბლოკადის გავლენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორზე "პირველ რიგში საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების: ბავშვების, ორსული ქალების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება".

მთიან ყარაბაღში მცხოვრები დაახლოებით 120 000 ადამიანი რეგიონის დატოვებას ან დაბრუნებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვეღარ ახერხებს, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერილმა მომიტინგეებმა ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს — ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. მოგვიანებით მათი ბლოკადა სასაზღვრო გამშვები პუნქტით შეიცვალა. რეგიონში პერიოდულად იბლოკება ყველა სახის მიწოდება — მაგალითად, ივნისის შუა რიცხვებიდან შეჩერებულია წითელი ჯვრისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების ჰუმანიტარული დახმარება, რამაც საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი გამოიწვია.

სომხეთიდან საწვავისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას გათიშვები მოჰყვა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, დასახლებების ერთმანეთისგან მოწყვეტა.

სასოფლო დასახლების მაცხოვრებლები სამეურნეო მიწებს იყენებდნენ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დედაქალაქ სტეფანაკერტში კი სუპერმარკეტები ცარიელი დარჩა. საწვავის ნაკლებობის გამო, სოფლებიდან ქალაქამდე მარაგი ვერ აღწევდა.

საწვავის დეფიციტის გამო ვერ ხერხდება ნაგვის გატანაც. ამან სტეფანაკერტში ეპიდემიის გავრცელების შიში გააჩინა, რადგან ნარჩენები ზაფხულის სიცხეში გროვდება.

აზერბაიჯანი უარყოფს, რომ ლაჩინის დერეფანი ბლოკირებული აქვს და ამტკიცებს, რომ მომარაგება შეიძლება მათ მიერ კონტროლირებადი აღდამიდან მოხდეს, მაგრამ სტეფანაკერტი და ერევანი ამ შეთავაზებას უარყოფენ და დაუსაბუთებელს უწოდებენ.

არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა აზერბაიჯანს, 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მოხნსას ბლოკადა და ხალხისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილება დაუშვას.

ჰოვანისიანის გარდაცვალების შემდეგ, სომხეთის ელჩმა, ედმონ მარუკიანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის "ეთნიკური წმენდის" თავიდან ასაცილებლად "ზომები მიიღონ".

"ამაზე უკვე 8 თვეა, ყოველდღიურად ვაფრთხილებთ", — წერს მარუკიანი.

გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს საგანგებო სხდომას გამართავს, რომ არსებული სიტუაცია განიხილოს.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.