ავსტრალიის ქვეშ უზარმაზარი კრატერია დამარხული, რომელიც მსოფლიოში უდიდესია — კვლევა
გეოლოგმა ენდრიუ გლიკსონმა ავსტრალიის ქვეშ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი კრატერი შეისწავლა, რომელიც, მეცნიერის თქმით, მსოფლიოში უდიდესია.
მას დენილიქვინის სტრუქტურა ეწოდება და 520 კილომეტრამდე დიამეტრისაა. ეს ნიშნავს, რომ აქამდე უდიდესად მიჩნეულ, სამხრეთ აფრიკაში მდებარე ვრედეფორტის კრატერს ზომით ბევრად აღემატება. კერძოდ, ამ უკანასკნელის დიამეტრი დაახლოებით 300 კილომეტრია, ანუ სხვაობა 220 კილომეტრია.
შედარებისთვის, 66 მილიონი წლის წინ ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა ცენტრალურ ამერიკაში განლაგებულ იუკატანის ნახევარკუნძულზე 180 კილომეტრამდე სიგანის კვალი დატოვა. ამ მოვლენამ მაშინ დინოზავრები გაანადგურა.
"დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების ისტორიის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. როდესაც ასტეროიდი ეცემა, ის შემაღლებული ბირთვის მქონე კრატერს აჩენს. ეს ძალიან ჰგავს წყალში კენჭის სროლისას წრიული ტალღებიდან მაღლა ასხმულ წვეთებს", — აცხადებს ენდრიუ გლიკსონი.
დენილიქვინის სტრუქტურის სავარაუდო არსებობის შესახებ პირველად 1990-იან წლებში, ტონი იეტისისგან შევიტყვეთ, რომელიც უკანასკნელი ნაშრომის თანაავტორი გახლავთ. მან ეს კვალი მაგნიტური მახასიათებლებით გამოავლინა. შემდგომმა კვლევამ, რომელიც 2020 წელს ჩატარდა, დაამტკიცა, რომ ახალი სამხრეთი უელსის ქვეშ უზარმაზარი კრატერია. მაშინ არ გარკვეულა, წარმოქმნა თუ არა ის ასტეროიდთან შეჯახებამ.
მაინც როგორ დაიმარხა ეს გიგანტური კრატერი ასე შეუმჩნევლად?
ენდრიუ გლიკსონი ამბობს, რომ ცენტრალურმა შემაღლებულმა ადგილმა შესაძლოა, მილიონობით წლის განმავლობაში ეროზია განიცადოს და ნაკლებად შესამჩნევი გახდეს. თუ მსგავსი სტრუქტურა უბრალოდ დანალექ ქანებში არ იმარხება, ის ტექტონიკური ფილების შეჯახებისას მაინც იცვლება. მისი ფორმირების მიზეზზე მხოლოდ ბირთვის მახასიათებლები არ მიუთითებს, არამედ ე.წ. რადიალური ნაპრალები და სიმეტრიული ტალღოვნება ქერქში, რაც მოვლენის თანმდევმა ექსტრემალურმა ტემპერატურამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებს საჭიროდ მიაჩნიათ ამ ტერიტორიაზე მიწის ღრმად გაბურღვაც, რადგან მხოლოდ ზედაპირული ანალიზი ასტეროიდთან შეჯახების თეორიის დასამტკიცებლად საკმარისი არაა. ასეა თუ ისე, უკანასკნელი კვლევა მიუთითებს, რომ კოსმოსური სხეული დედამიწაზე დაახლოებით 445 მილიონი წლის წინ ჩამოვარდა, რაც გვიანი ორდოვიციული პერიოდის მასობრივ გადაშენებას ემთხვევა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Tectonophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები