ნახეთ: როგორ დაფრინავს მარსზე NASA-ს ვერტმფრენი
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს მიერ მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა Ingenuity-იმ 3 აგვისტოს რიგით 54-ე ფრენა შეასრულა. ის რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე მხოლოდ 24 წამით გაჩერდა, თუმცა ეს კადრები მის კომპანიონ მავალ Perseverance-სს არ გამორჩენია და სრულად აღბეჭდა.
ეს აპარატი იმ დროს წითელი პლანეტის ეზეროს კრატერში Ingenuity-ისთან ახლოს მდებარეობდა, რამაც მას ხანმოკლე მისიის გადაღების საშუალება მისცა. ამისთვის მავალმა Mastcam-Z-ის სახელით ცნობილი კამერა გამოიყენა, შედეგად კი ფრენის ამსახველი ვიდეო მივიღეთ.
კადრებზე ვხედავთ, როგორ აიჭრა "ცაში" ვერტმფრენი, იქ რამდენიმე წამი დაყო, ადგილზე დატრიალდა და ისევ ქვემოთ დაეშვა. მას ჰორიზონტალურად მანძილი არ დაუფარავს.
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს თავად Ingenuity-იმაც გადაიღო იქ მასთან ერთად გაშვებული მარსმავალი. ის NASA-ს მიერ გავრცელებულ კადრებზე ზემოდან, დაახლოებით 5 მეტრი სიმაღლიდან ისე ჩანს, როგორც ვერტმფრენის კამერა ხედავდა.
უნდა ითქვას, რომ აპარატის ეს მანევრი ჩვეულად Perseverance-ის აქტივობისთვის თვალის მისადევნებლად არ განხორციელებულა, არამედ იმის გასაგებად, თუ რა მოხდა წინა შეფერხებული ფრენისას.
საქმე ისაა, რომ 22 ივლისის ფრენა 136 წამს უნდა გაგრძელებულიყო და Ingenuity-ის რამდენიმე რთული მანევრი შეესრულებინა. ამის მიუხედავად, მან გაურკვეველი დაბრკოლების გამო მხოლოდ 74 წამი იფრინა, შემდეგ კი წინასწარ განსაზღვრული უსაფრთხოების სისტემის ბრძანების მეშვეობით ზედაპირზე დაეშვა.
სპეციალისტთა აზრით, LAND_NOW სისტემის გააქტიურება იმან გამოიწვია, რომ ვერტმფრენის სანავიგაციო კამერა შიდა გამომთვლელ ერთეულთან თანხვედრაში ვერ მოვიდა. ეს უკანასკნელი მდებარეობას, სიჩქარესა და მიმართულებას ადგენს. მსგავსი რამ 2021 წლის მაისშიც მოხდა, პროგრამულმა ცვლილებამ კი, როგორც ჩანს, არ იმუშავა.
მეცნიერები პრობლემის უკეთ გამოკვლევაზე მუშაობენ და ამბობენ, რომ Ingenuity ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
Ingenuity, Perseverance-თან ერთად, მარსზე არსებულ ეზეროს კრატერში 2021 წლის თებერვალში დაეშვა. საწყისმა მისიამ, რომელიც 5-ჯერ აფრენას გულისხმობდა, კარგად ჩაიარა. მას შემდეგ ის ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირიდან კიდევ არაერთხელ აიჭრა, პარალელურად კი მარსმავალს ზვერავდა.
კომენტარები