ვების ტელესკოპმა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ვარსკვლავის ფერი გამოავლინა
2022 წელს ჰაბლმა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ვარსკვლავი აღმოაჩინა, რომელსაც, ტოლკინის ნაწარმოების პერსონაჟის მსგავსად, ეარენდილი ეწოდა. ის ოფიციალურად WHL0137-LS-ის სახელითაცაა ცნობილი და მისი დანახვა გრავიტაციული ლინზირების მეშვეობით შევძელით, ანუ მასიურმა გალაქტიკებმა მნათობის სინათლე გაამრუდა და ჩვენთვის ხილული გახადა.
ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემებზე დაფუძნებულმა ადრეულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ეარენდილის მახლობლად შესაძლოა, მისი კომპანიონიც მოძრაობდეს, ახლა კი მისი დახმარებით ვარსკვლავის მახასიათებლებზე მეტი შევიტყვეთ.
კერძოდ, გაირკვა, რომ ის B ტიპის მნათობია. ასეთი ობიექტები ლურჯად ელვარებს, მზეზე მილიონჯერ კაშკაშაა და მასზე ორჯერ ცხელი. ის დიდი აფეთქებიდან 900 მილიონ წელში უკვე არსებობდა, მისი სინათლე კი სამყაროს გაფართოების პარალელურად გაიწელა და სპექტრის წითელ დიაპაზონში გადაინაცვლა.
ამ სპექტრის მიმართ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, განსაკუთრებით მგრძნობიარეა. შესაბამისად, მას ისეთი დეტალების დანახვა შეუძლია, როგორსაც ჰაბლით ვერ დავაკვირდებით, რადგან ის სინათლის ზოგიერთ ტალღურ სიგრძეს უბრალოდ ვერ აღიქვამს.
გრავიტაციული ლინზირება გალაქტიკათა მასიური შეჯგუფების WHL0137-08 დამსახურებაა, რომლის ძლიერმა გრავიტაციამაც გარშემო სივრცე გაამრუდა. ჩვენი პერსპექტივიდან მათ უკან მდებარე ეარენდილის სინათლე დედამიწამდე სწორედ ამ გამრუდებული ტრაექტორიით მოდის, რაც მის გამოსახულებაზეც აისახება.
ესაა ერთგვარი კოსმოსური გამადიდებელი შუშა, რომელიც მნათობსა და მის კომპანიონს 4 000-ჯერ ახლოდან გვაჩვენებს და შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს წარსულში გვამოგზაურებს.
მეცნიერები ვების მონაცემებს ჯერ კიდევ აანალიზებენ და იმედოვნებენ, რომ ამ ვარსკვლავსა და მის მშობლიურ გალაქტიკაზე უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ.
კომენტარები