ჩინეთში ნაპოვნი თავის ქალა შესაძლოა, აქამდე უცნობ ჰომინინს ეკუთვნოდეს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა აღმოსავლეთ აზიაში 2019 წელს ნაპოვნი ჩონჩხი დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ ის აქამდე ცნობილი ყველა ჰომინინისგან განსხვავებულია. კერძოდ, არც ნეანდერტალელებისგან წამოსულ ხაზს მიეკუთვნება, არც დენისოველებისგან და არც ჩვენი მსგავსია.
თავის ქალისგან, ყბისგან და ფეხის ძვლებისგან შედგენილ ამ ნამარხს HLD 6 ეწოდება და მან შესაძლოა, ადამიანის გენეალოგიურ ხეს კიდევ ერთი განშტოება შემატოს. ამ ინდივიდის სახის სტრუქტურა ჰომო ერექტუსისას ჰგავს, რომელიც 750 000 წლის წინ ცხოვრობდა. მოკლე ნიკაპს კი ის დენისოველებთან იზიარებს, სახეობასთან, რომელიც ნეანდერტალელებს 400 000 წლის წინ გამოეყო.
ამგვარად, გამოვლინდა სრულიად ახალი ხაზი — თანამედროვე ადამიანისა და უძველესი ჰომინინების განშტოებების ჰიბრიდი.
ისტორიულად, ჩინეთში მრავლადაა პლეისტოცენის პერიოდის ჰომინინების ნამარხები, რომელთა იდენტიფიცირება და რომელიმე კატეგორიაში მოთავსება ძნელია. ამის გამო ისინი თანამედროვე ადამიანისკენ მიმავალ სწორხაზოვან ევოლუციურ გზაზე ერთგვარ გარდამავალ ინდივიდებად მიიჩნევიან, მაგალითად, ჰომო საპიენსის ადრეულ ან ჰომო ერექტუსის გვიანდელ წარმომადგენლებად.
ამის მიუხედავად, ევოლუცია ასეთი სწორხაზოვანი სულაც არ ყოფილა. მართალია, ჰომო ერექტუსი ინდონეზიაში 100 000 წლის წინაც ცხოვრობდა, თუმცა ზემოხსენებული ჩონჩხი ჰომინინების უფრო თანამედროვე ხაზს მიეკუთვნება. საინტერესოა, რომ ევროპასა და დასავლეთ აზიაში ნეანდერტალელების ნამარხების გენეტიკურმა შესწავლამ ჰომინინების მეოთხე სავარაუდო ხაზი გამოავლინა, მაგრამ მისი ხელშესახები არქეოლოგიური დასტური არ გვქონია.
შესაძლოა, ჩინეთში მიკვლეული ჩონჩხი სწორედ ასეთი სახეობის არსებობის მტკიცებულება იყოს.
თავის ქალა 12-13 წლის ინდივიდს ეკუთვნის. მისი სახე თანამედროვე ადამიანისას მოგვაგონებს, მაგრამ სხვა ნაწილები უფრო პრიმიტიულია. ის აზიაში სამი გენეალოგიური ხაზის ერთდროულად არსებობაზე მიანიშნებს — ჰომო ერექტუსის, დენისოველებისა და ჰომო საპიენსთან ფილოგენეტიკურად დაახლოებული ხაზის.
ეს მიუთითებს, რომ ჩინეთში დაახლოებით 120 000 წლის წინ ჰომო საპიენსის გამოჩენამდე იქ ჩვენი თანამედროვე მახასიათებლების ნაწილი უკვე არსებობდა. შესაძლოა, ჩვენი და ნეანდერტალელების უკანასკნელი საერთო წინაპარი სწორედ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში წარმოიშვა და შემდეგ ყველა კონტინენტზე გავრცელდა.
ასეა თუ ისე, ეს ჰიპოთეზა უფრო ღრმა გამოკვლევას საჭიროებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Human Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები