როგორ იყენებენ ადრეული გაფრთხილების სისტემას სხვა ქვეყნები და რატომ არ აქვს ის საქართველოს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

3 აგვისტოს რაჭაში, დაბა შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენას — მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ღვარცოფს, რომელმაც სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორია დაფარა — 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18-ს კი ჯერ კიდევ ეძებენ. ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, არაერთ მოქალაქეს გაუჩნდა კითხვა, შეიძლებოდა თუ არა წინასწარი ზომების მიღება მძიმე შედეგების პრევენციისთვის. კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რას მოიცავს ეს წინასწარი ზომები და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ისინი.

ადრეული გაფრთხილების სისტემა

United Nations Office for Disaster Risk Reduction-ის (გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისი, UNDRR) მიხედვით, ადრეული გაფრთხილების სისტემა (Early Warning System, EWS), რომლის შესახებაც უკვე არაერთი ადამიანი საუბრობს, წარმოადგენს "საშიშროების მონიტორინგის, პროგნოზირების, კატასტროფების რისკის შეფასების, კომუნიკაციისა და მზადყოფნის აქტივობების სისტემებისა და პროცესების ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს, თემებს, მთავრობებს, ბიზნესებსა და სხვებს, მიიღონ დროული ზომები კატასტროფის რისკების შესამცირებლად სახიფათო მოვლენების განვითარებამდე".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ერთი მხრივ, პროგნოზირებს მოსალოდნელ საშიშროებას, ხოლო, მეორე მხრივ, ტექსტური შეტყობინებებითა თუ საგანგაშო სიგნალებით აფრთხილებს მოსახლეობას მის შესახებ.

დღესდღეობით, გლობალური დათბობით გამოწვეულ მოვლენებთან საპასუხოდ, EWS კლიმატის ექსტრემალურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და რისკების მართვის ძირითად ელემენტად იქცა.

UNDRR-ის მიხედვით, მოსალოდნელ საფრთხეზე 24 საათით ადრე გაფრთხილება ზარალს 30%-ით ამცირებს. ამასთან ერთად, განვითარებად ქვეყნებში 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ადრეული გაფრთხილების სისტემებში შეუძლია, თავიდან აიცილოს 3-16 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ზარალი.

გაეროს მონაცემების თანახმად, ქვეყნებში, სადაც EWS შეზღუდულადაა წარმოდგენილი, სიკვდილიანობის რიცხვი 8-ჯერ აღემატება იმ ქვეყნებისას, სადაც იგი ყოვლისმომცველად არის დანერგილი.

დაფინანსებები საქართველოში EWS-ის დანერგვისთვის

სწრაფად ცვალებადმა ამინდმა სარისკო ზონებში არსებული დასახლებები, შესაძლოა, უკიდურესად მოწყვლადი გახადოს სტიქიური მოვლენების მიმართ. ამ მიზნით გაერომ წამოიწყო Climate Risk and Early Warning Systems (კლიმატის რისკი და ადრეული გაფრთხილების სისტემები, CREWS) ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც 2021 წელს გამოიყო 28 მილიონი აშშ დოლარი. ბენეფიციარ ქვეყნებს შორის, სადაც EWS უნდა დანერგილიყო, შედიოდა საქართველოც.

გარდა ამისა, United Nations Development Programme-მა (გაეროს განვითარების პროგრამამ, UNDP) საქართველოში განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდა მრავალი ტიპის საფრთხის აღმოჩენის ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას. პროექტი 2018 წლის 1-ელ მარტს დამტკიცდა და მისი ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Green Climate Fund-ის (მწვანე კლიმატის ფონდი, GCF), პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი დონორის (27,1 მილიონი აშშ დოლარი) ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების — მეწყრის, ღვარცოფის, ეროზიის, ზვავის, წყალდიდობის, გვალვისა და ძლიერი ქარის — ზრდიდან გამომდინარე, აუცილებელია ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოება, რაც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციას კლიმატით გამოწვეული საფრთხეების, მოწყვლადობისა და რისკების შესახებ.

შეუსრულებელი გეგმები

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერის 2021 წლის მოხსენების მიხედვით, ქვეყანაში უნდა დანერგილიყო "ადრეული გაფრთხილების SMS-სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ". ამაზე ადრე, 2018 წლის ივნისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა, რომ "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა" უნდა გვქონოდა.

ამასთანავე, საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის მიხედვით, რომელიც 2012-2016 წლებზე იყო გათვლილი, ქვეყნის მასშტაბით 2017-2021 წლების ვადებში უკვე უნდა დანერგილიყო ბუნებრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემები. ეს მოიცავდა ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური ქსელის გაუმჯობესებას, წყალმოვარდნების საფრთხისა და რისკის რუკების მომზადებას, მონაცემთა ბაზების გაფართოებასა და სხვ.

გეგმების მიუხედავად, ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ დევდორაკის მყინვარსა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) და მდინარეებზე, კაბალსა და დურუჯზე, (ქარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები) არის დამონტაჟებული.

თუმცა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმასაც, რომ EWS-ის დანერგვის შემთხვევაშიც კი, "მსგავსი ტიპის ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა". მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს დებულება სიმართლეს? ამის გასარკვევად, საჭიროა, სხვა ქვეყნების გამოცდილებებს გადავხედოთ.

როგორ იყენებენ EWS-ს სხვა ქვეყნები

ადრეული გაფრთხილების სისტემები მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს და ისინი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საფრთხის — მიწისძვრების, ცუნამების, ხანძრების, ეპიდემიებისა და სხვ., — პრევენციისთვის. ამ სისტემების ეფექტიანობა უკვე არაერთხელ დამტკიცდა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.

ჩინეთი

ჩინეთმა შეიმუშავა ადრეული გაფრთხილების სისტემა წყალდიდობისთვის, რომელიც ხშირად გამოწვეულია მთიან რაიონებში ძლიერი წვიმით. სისტემა იყენებს ნალექის მონიტორინგის, ჰიდროლოგიური მოდელირებისა და დისტანციური ზონდირების კომბინაციას წყალდიდობის ადრეული გაფრთხილების უზრუნველსაყოფად. 2017 წლის კვლევის მიხედვით, სისტემამ ჩინეთში წყალდიდობის ზემოქმედების შესამცირებლად ეფექტიანად იმუშავა.

იაპონია

იაპონია ძალიან მოწყვლადია მეწყრების მიმართ ციცაბო რელიეფისა და ხშირი ძლიერი წვიმის გამო. ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებული ეროზიის მონიტორინგისა და პროგნოზირების სისტემა იყენებს სხვადასხვა სენსორს ნალექის ინტენსივობის, ნიადაგის ტენიანობისა და სხვა შესაბამისი ფაქტორების გასაზომად. შეგროვებული მონაცემები გამოიყენება პოტენციური მეწყრული რისკების პროგნოზირებისა და ევაკუაციის გაფრთხილების გასაცემად.

შვეიცარია

შვეიცარია მიდრეკილია მეწყრებისკენ, განსაკუთრებით მის მთიან რეგიონებში. შვეიცარიული მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა იყენებს სენსორების ერთობლიობას, როგორიცაა მიწის გადაადგილების, ნალექისა და თოვლის დაგროვების გაზომვა, რათა აღმოაჩინოს პოტენციური მეწყერი. ეს სისტემა ეფექტიანად მუშაობს, აწვდის რა ხელისუფლებას დროულ გაფრთხილებას, რაც მას საშუალებას აძლევს, მიიღოს პრევენციული ზომები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, EWS დამონტაჟებული აქვს აშშ-ს, იტალიას, ნეპალს, მაროკოსა და მსოფლიოს ქვეყნების ნახევარს.

კლიმატის ცვლილებებისგან გახშირებული სტიქიური მოვლენების საპასუხოდ, გაერო აქტიურად ადვოკატირებს EWS-ის დანერგვას. ორგანიზაციის ანგარიშების მიხედვით, ადრეული გაფრთხილების სისტემებმა გადაარჩინა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე და თავიდან აიცილა ასობით მილიარდი დოლარის ზარალი.

გაეროს თანახმად, რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ყველა ღონისძიებას შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემები არის ერთ-ერთი საუკეთესო აპრობირებული და ეკონომიკურად ეფექტიანი მეთოდი კატასტროფის შედეგად სიკვდილიანობისა და დანაკარგების შესამცირებლად.

აქედან გამომდინარე, ადრეული შეტყობინების სისტემების საჭიროებისა და ეფექტიანობის შესახებ ეჭვების გამოთქმა არარელევანტურია, რასაც გაეროსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიზანმიმართული ძალისხმევა და შედგები მოწმობს. ამასთანავე, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მსგავსი სისტემების საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ, დროა, ქაღალდზე გაწერილი თუ ვერბალურად გადმოცემული გეგმები სისრულეში მოვიდეს და მოსახლეობა პოტენციური რისკებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ